პოლიტიკა

მიმართვა მთავრობას და საერთაშორისო საზოგადოებას – ბებუას საქმე სოხუმში

12.10.20 14:20


საქართველოში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციები საქართველოს მთავრობასა და მის რელევანტურ უწყებებს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს მიმართავენ თხოვნითა და მოწოდებით, მათი მანდატის ქვეშ, მიიღონ ყველა სათანადო ზომა აფხაზეთში დაკავებული ირაკლი ბებუას სიცოცხლის, უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვის მიზნით და ხელი შეუწყონ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მისი გადმოყვანის პროცესს.

 

საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა გალის რაიონში, 30 სექტემბერს კულტურის სახლის წინ აფხაზური დროში დაწვის ფაქტზე დააკავეს. ვიდეოში, სადაც ირაკლი ბებუა სავარაუდოდ გალში სამართალდამცავ ორგანოებთან დაკითხვაზე იმყოფება, თავად ადასტურებს აფხაზეთის დროშის დაწვის ფაქტს, თუმცა უთითებს, რომ მას აფხაზებთან საწინააღმდეგო არაფერი აქვს და პირიქით, ის ამ ორი ხალხის მეგობრული ურთიერთობის მომხრეა და დროშაც სწორედ მათი დაყოფის მიმართ პროტესტის ნიშნად დაწვა სიმბოლურად.

 

30 სექტემბერსვე ირაკლი ბებუა აფხაზეთის დე ფაქტო სამართალდამცავმა უწყებებმა დააკავეს. იმავე დღეს ირაკლი ბებუას სახლში ჩატარებული ჩხრეკის დროს მილიციამ ამოიღო ხელყუმბარა, რომელსაც ის თითქოსდა საკუთარი საწოლში ბალიშის ქვეშ ინახავდა.

 

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების სამართალდამცავი ორგანოები ბებუას აფხაზეთის ადგილობრივი სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, მათ შორის, სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფას, რომელიც 1 წლამდე პატიმრობით ისჯება, ქონების განზრახ დაზიანებას ან განადგურებას დამამძიმებელ გარემოებებში, რომელიც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას გულისხმობს და იარაღის უკანონო შენახვას, რაც 2-დან 5 წლამდე პატიმრობით ისჯება.

 

ირაკლი ბებუას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 დღიანი პატიმრობა შეუფარდეს და დღემდე სოხუმის იზოლატორში რჩება. ირაკლი ბებუას ოჯახს მასთან შეზღუდული კომუნიკაცია აქვს და მის მიმართ მოპყრობისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სანდო ინფორმაციას ამ დრომდე არ ფლობს. ირაკლი ბებუას სავარაუდოდ, დაუნიშნეს სახაზინო ადვოკატი და მისი ეფექტიანი დაცვის საკითხი ასევე პრობლემური შეიძლება გახდეს.

 

“ირაკლი ბებუას უკანონო დაკავება განსაკუთრებით ყურადსაღებია საქმის პოლიტიკური კონტექსტის და სენსიტიურობის გამო. სოციალურ ქსელებში დაკავებულ ირაკლი ბებუას მიმართ მძიმე კომენტარები კეთდება, ნაწილი მისი სასტიკი დასჯის მოთხოვნას აყენებს.

 

უკანონო დაკავებები და დაკავების დროს არაადამიანური და სასტიკი მოპყრობა საოკუპაციო რეჟიმებს ახასიათებს. ამგვარ გარემოებებთან კავშირში არაერთი მძიმე საქმე გვახსოვს, მათ შორის, de facto სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საქართველოს მოქალაქე ირაკლი კვარაცხელიას ბუნდოვანებით მოცული გარდაცვალების საქმე, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილის, დავით ბაშარულის სიცოცხლის ხელყოფის ტრაგიკული შემთხვევები.


პრობლემურია აფხაზეთის ციხეებში არსებული მდგომარეობა და არასათანადო პირობები იქ მყოფი პატიმრებისთვის, რომლებიც ბაზისურ უფლებებსა და სათანადო საცხოვრებელ პირობებს არიან მოკლებულნი პენიტენციალურ დაწესებულებებში.

ციხის მძიმე და არაადაპტირებული პირობები მძიმე დაავადებების გავრცელების მაღალ რისკებს შეიცავს და პირადი ცხოვრების დაცვის და პატივისცემის მინიმალურ გარანტიებსაც არ ქმნის”, – ნათქვამია არასამთავრობოების განცხადებაში.

 

ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციები ირაკლი ბებუას საქმის კონტექსტის, მასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით,  თხოვნითა და მოწოდებებით მიმართვენ საქართველოს სახელმწიფო უწყებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს.

 

საქართველოს მთავრობას

 

გამოიყენოს აფხაზეთის de facto ხელისუფლებასთან კომუნიკაციის ფორმალური და არაფორმალური ფორმატები და ყველა დიპლომატიური მექანიზმი ირაკლი ბებუას გათავისუფლებისა და გადმოცემის მიზნით;


უზრუნველყოს სათანადო ადმინისტრაციული და სამართლებრივი ზომების მიღება მის გადმოცემამდე ირაკლი ბებუას უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვის მიზნით;


მიიღოს პრევენციული პოლიტიკური ზომები, რომ ირაკლი ბებუას საქმე არ გახდეს გალში მცხოვრები ქართველების შევიწროების კიდევ ერთი საფუძველი.


საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს

 

მიიღოთ სათანადო პოლიტიკური, დიპლომატიური და ადმინისტრაციული ზომები დაკავებული ირაკლი ბებუას სიცოცხლის, უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვის ხელშეწყობის მიზნით.


განსაკუთრებით აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედმა საერთაშორისო

ორგანიზაციებმა ხელი შეუწყონ დაკავებული ირაკლი ბაბუას კომუნიკაციას ოჯახთან და მისი ფიზიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესწავლისა და მონიტორინგის პროცესს.


ხელმომწერი ორგანიზაციები

 

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)

 

ადამიანის უფლებათა ცენტრი

 

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)

 

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

 

პლატფორმა სალამი

 

მშვიდობისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი

 

 

 

წყარო :  /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 307


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები