პოლიტიკა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები დიპლომატებს შეხვდნენ

16.10.20 17:40


შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა - კახაბერ საბანაძემ, ვლადიმერ ბორცვაძემ და ნინო ცაციაშვილმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებთან წინასაარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

 

შსს-ს ცნობით, შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა შინაგან საქმეთა სამინისტროს მზაობა, უზრუნველყოს 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების თავისუფალ, უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარება.

 

მინისტრის მოადგილეებმა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გამოცემული ბრძანება გააცნეს.

 

ბრძანების მიხედვით, განახლებული რედაქციით დამტკიცდა საარჩევნო პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია, რომლის შესრულებაც სავალდებულოა სამინისტროს სისტემის ყველა თანამშრომლისთვის. ინსტრუქცია სრულ შესაბამისობაშია საქართველოს საარჩევნო კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებთან და აწესრიგებს არჩევნებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებს, კერძოდ: სამინისტროს მოსამსახურეს ევალება, დაიცვას პოლიტიკური ნეიტრალობის პრინციპი, უზრუნველყოს წესრიგის დაცვა აგიტაციისა და კამპანიის დროს, ასევე, კენჭისყრის დღეს, კენჭისყრის შენობაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე.

 

მინისტრის მოადგილეებმა აღნიშნეს, რომ არსებული ეპიდემიური სიტუაციის გათვალისწინებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტთან კოორდინირებული თანამშრომლობის შედეგად, არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარების ხელშეწყობისთვის, ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან დაკავშირებული რეკომენდაციები შემუშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებისთვის.

 

მინისტრის მოადგილეებმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებს წინასაარჩევნო პროცესში დაფიქსირებულ ინციდენტებსა და აღნიშნულ ინციდენტებზე სამინისტროს მხრიდან განხორციელებულ მყისიერ რეაგირებაზე მიაწოდეს ინფორმაცია და გამოთქვეს მზაობა, დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებს პროაქტიულად გაუზიარონ ინფორმაცია არჩევნების მიმდინარეობის დროს შესაძლო დარღვევებისა და პოლიციის მიერ განხორციელებული რეაგირების შესახებ.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები