პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: ხელისუფლებისთვის პრიორიტეტულია ადამიანის უფლებების უმაღლესი სტანდარტის დაცვა და ეს მიდგომა მომდევნო წლებშიც გაგრძელდება

27.10.20 11:00


„ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული სისტემის განვითარება, სახელმწიფო მმართველობის დანერგვა და უზრუნველყოფა სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მისიაა“ - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ გორში, 2020 წლის საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაციაზე განაცხადა.

 

მისი თქმით, ხელისუფლებისთვის ადამიანის უფლებების უმაღლესი სტანდარტის დაცვა წარმოადგენს პრიორიტეტს, მთავარ საზომს და პრინციპს და ეს მიდგომა მომდევნო წლების განმავლობაშიც გაგრძელდება.

 

„ძალზე მნიშვნელოვანია ყველა ეტაპზე, საქმიანობის ნებისმიერ ფორმატში ეს მტკიცედ წარმოადგენდეს ჩვენი საქმიანობის პრინციპს და მას განუხრელად ვემსახუროთ. ჩვენი სახელმწიფოს წინაშე მდგარი გამოწვევებიდან კვლავაც უმთავრესად განიხილება ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ეს აღიარებული იქნას, როგორც ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა უსაფრთხოების თვალსაზრისით. ხელისუფლების უმთავრესი მიზანი და ნომერ პირველი ამოცანაა, რაც შეიძლება სწრაფად და სწორი ნაბიჯები გადაიდგას ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების გამთლიანებისთვის ყველა ასპექტში. ქვეყნის უსაფრთხოება კვლავაც იქნება განხილული გლობალური უსაფრთხოების კონტექსტში, რაც ნიშნავს, რომ საქართველო კვლავ იქნება ჩართული საერთაშორისო პლათფორმებში, რომელთა მიზანი ტერორიზმთან გლობალურად ბრძოლაა. ეს ხელს უწყობს ჩვენს აქტიურ ჩართულობას, საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაციას, რაც იმავდროულად გულისხმობს ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებაზე ზრუნვას“ - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

მისივე თქმით, თანამედროვე ტექნოლოგიური განვითარების ეპოქაში შეუძლებელია გვერდი ავუაროთ ისეთ მნიშვნელოვან და საკვანძო თემას, როგორიც კიბერუსაფრთხოებაა.

 

„ამ მიმართულებით, იმის კვალდაკვალ, რაც უკვე განხორციელდა, ძალზე მნიშვნელოვანი იქნება მომავალში დაგეგმილი აქტივობები და ესეც ცხადდება ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად, რომელშიც ჩართული იქნება არაერთი სახელმწიფო უწყება და რომლისთვისაც ეს იქნება საკვანძო მომენტი. ეს გულისხმობს საკმაოდ ფართო სპექტრს ურთიერთობებისა და იმსახურებს განსაკუთრებულ ყურადღებას ყველა სახელმწიფო დაწესებულებისგან, რომელიც უზრუნველყოფს მაგალითად სახელმწიფო სერვისების მიწოდებას, დაკავშირებულია უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან და სხვა. ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომლის განვითარებასაც „ქართული ოცნება“ გეგმავს“ განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გატარდა უმნიშვნელოვანესი რეფორმები პროკურატურის მიმართულებით.

 

„რამდენიმე წლის წინ პროკურატურის დამოუკიდებლობა ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მწვავე პრობლემა იყო და ეს პრობლემა პრაქტიკულად გადაჭრილია. არსებობს სრულყოფილი სამართლებრივი გარანტიები საიმისოდ, რომ ჩვენს ქვეყანაში პროკურატურა წარმოადგენდეს პოლიტიკური გავლენისგან დამოუკიდებელ ორგანიზაციას და ამგვარად უზრუნველყოფდეს იმ ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებას, რომელიც მის წინაშე დგას. ამ თვალსაზრისით კვლავაც პრიორიტეტული დარჩება პროკურატურის ამ მიმართულებით შემდგომი განვითარება. მნიშვნელოვანია, განვითარდეს ხარისხობრივი თვალსაზრისით ყველა ის მიმართულება, რომელიც ზოგადად უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის, უმაღლესი სტანდარტის გამოძიების ჩატარებას და აქედან გამომდინარე მართლმსაჯულებაში ძალიან მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას.

 

მართლწესრიგის დაცვის და ცხოვრების უსაფრთხო და ჰარმონიული პირობების შექმნაში განუზომლად დიდია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, განსაკუთრებით ჩვენი საამაყო პოლიციის როლი და მისია. მათთან მიმართებაშიც განსაკუთრებულია ის გეგმები, რომელიც ასახულია ჩვენი პარტიის მიერ წარმოდგენილ პროგრამაში.

 

პოლიციის განვითარების მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტრო, პარტნიორ უწყებებთან კოორდინაციით გეგმავს, ამაღლდეს დანაშაულთან ბრძოლის ეფექტიანობა, რაც განხორციელდა ადამიანის უფლებების განუხრელად დაცვის მხარდამხარ.

 

ქვეყანაში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფისა და მართლწესრიგის დაცვისთვის მნიშვნელოვანია რეალურ მონაცემებზე დაყრდნობით, ანალიზზე დაფუძნებული სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელება და სასჯელის გარდაუვალობის უზრუნველყოფა. აუცილებელია მართლმსაჯულების ერთიანი სისტემის ყველა მონაწილის ეფექტიანი მუშაობა და შესაბამისად ამ მწყობრი სისტემის გამართვა.

საზოგადოებრივი უსაფრთხოების და მართლწესრიგის ეფექტიანი სისტემისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს შემდგომი განვითარება გაგრძელდება "სისტემური განახლების" კონცეფციის შესაბამისად, რაც მოიცავს როგორც სტრუქტურულ რეფორმებს, ისე შინაარსობრივ ცვლილებებს და საკანონმდებლო ინიციატივებს.

 

გაგრძელდება კრიმინალური პოლიციის რეფორმა, რომელიც საპოლიციო საქმიანობის საფუძველია. კრიმინალური პოლიციაში დასრულდება ოპერატიული საგამოძიებო საუბნო მიმართულების მკაფიო გამიჯვნა და გაიზრდება გამოძიების ეფექტიანობა. განვითარდება მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი, რომელიც მთავარი პრიორიტეტი იქნება ორიენტირებული დანაშაულის პრევენციაზე, უპირატესად რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მიმართულება გახლავთ ჩვენი ქვეყნისთვის.

 

საგამოძიებო სისტემის რეფორმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების ერთმანეთისგან მკაფიოდ გამიჯვნა, რომელთან დაკავშირებით მუშაობა უკვე აქტიურად მიმდინარეობს და წარიმართა.

 

რეფორმის მიზანია გამოძიების პროცესში გამომძიებლების მეტი დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა, გამოძიების ხარისხის ამაღლება და საპროკურორო ზედამხედველობის გაძლიერება. აღნიშნული რეფორმის ფარგლებში უკვე მომზადებულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ცვლილებების პროექტი და სამოქმედო გეგმა, რომლის იმპლემენტაციას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მომდევნო 4 წლის განმავლობაში.

 

საგამოძიებო სისტემის რეფორმის მომდევნო კომპონენტია შინაგან საქმეთა სამინისტროში ხარისხის მონიტორინგის ეფექტიანი სისტემის დანერგვა. დაინერგება ასევე დანაშაულის პრევენციაზე მიმართული მიდგომები, მათ შორის ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის მოდელი. ამ მიზნით გაგრძელდება ანალიტიკოსთა ქსელის შექმნა საპოლიციო დანაყოფებში მთელი ქვეყნის მასშტაბით.

გაღრმავდება თანამშრომლობა საერთაშორისო საპოლიციო სტრუქტურებთან.

 

2017 წელს გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე, საქართველო აქტიურად თანამშრომლობს და კვლავაც ითანამშრომლებს ევროპულთან, რაც მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო საერთაშორისო ძალისხმევის იმპლემენტაციისთვის ჩვენი ქვეყნის მართლწესრიგის ხარისხის გასაუმჯობესებლად.

 

გაგრძელდება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის განხორციელება.

მნიშვნელოვნად გაიზრდება ახალი ტექნოლოგიების გამოყენება საგზაო მოძრაობის ადმინისტრირების სფეროში. სამინისტროს პრიორიტეტად დარჩება აქტიური ბრძოლა ორგანიზებულ დანაშაულთან და ნარკოდანაშაულთან. აქვე აღსანიშნავია, რომ სულ ახლახანს საქართველო შეუერთდა პომპიდუს ჯგუფის სახელმწიფოთა რიგს, რაც გააუმჯობესებს ჩვენი ქვეყნის მიერ ეფექტიანი ნარკოპოლიტიკის განხორციელებას მომდევნო წლების განმავლობაში.

 

სამომავლოდ კვლავაც გაგრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის შემდგომი დახვეწა, რაც საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას უზრუნველყოფს და დამნაშავეობასთან ბრძოლასაც უფრო ეფექტიანს გახდის.

ეს განხორცილდება ადამიანის უფლებათა პრიორიტეტულობის დაცვითა და უზრუნველყოფით. იმავდროულად, ეს კანონმდებლობა უფრო ეფექტიანს გახდის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას სისხლის სამართლის, საპროცესო და ადმინისტრაციული სამართალდარღვევების მარეგულირებელ კანონმდებლობას.

აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობა ერთ-ერთია იმ გეგმათა შორის, რომელსაც ვისახავთ მიზნად, რომ შეიცვალოს.

ვინაიდან დღეს მოქმედი ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა კოდექსი ვეღარ უმკლავდება თანამედროვე გამოწვევებს, რომელიც მოიტანა დრომ და შესაბამისად, უფრო მაღალი სტანდარტის დემოკრატიული მმართველობის უზრუნველყოფისთვის არის აუცილებელი.

 

ქალთა მიმართ ძალადობის, ოჯახში ძალადობის, დისკრიმინაციული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა კვლავ ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება. ეს ფუძემდებლური პრინციპები სამომავლოდაც იქნება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მთავრი პრიორიტეტები და ამ თვალსაზრისით გამონაკლისი არ იქნება უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის სფერო.

 

აქვე უნდა ითქვას, რომ მართლწესრიგის განმტკიცების საქმეში ერთ-ერთ გამოწვევას წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი და მომდევნო 4 წლის განმავლობაში იქნება უზრუნველყოფილი ახალი საკანონმდებლო აქტის მიღება, რაც მკაფიოდ არის განსაზღვრული საარჩევნო პროგრამით.

 

მომდევნო 4 წლის მანძილზე განსაკუთრებულად ხელი შეეწყობა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში შექმნილი დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის დახვეწასა და გაძლიერებას, რაც უზრუნველყოფს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ ჩადენილი ადამიანის უფლებათა დარღვევის თითოეული სავარუდო ფაქტის ეფექტიან და დამოუკიდებელ გამოძიებას.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური საბოლოოდ ჩამოყალიბდება იმ უწყებად, რომლის მიერ ჩატარებული გამოძიება არ გააჩენს მიუკერძოებლობის ნიშნებს.

სწორედ ეს იყო მთავარი მოტივი და მამოძრავებელი იდეა, რამაც განაპირობა იმ საკანონმდებლო აქტის მიღება, რომლის შედეგადაც ჩამოყალიბდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, როგორც დამოუკიდებელი ორგანო“ - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

მისივე თქმით, პენიტენციური სისტემის მაღალი საერთაშორისო სტანდარტებით მოწყობის პროცესი სამომავლოდაც გაგრძელდება.

 

„ამ მიზნით იგეგმება და აქვე მინდა ავღნიშნო, რომ მხოლოდ ნაწილზე მექნება საუბარი ამჟამად იმ ამბიციური გეგმებიდან, რასაც მოიცავს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ ახლახანს დამტკიცებული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა და ბოლო ორი წლის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი და ძირეული ნაბიჯები გადაიდგა იმისათვის, რომ რეალურად პენიტენციურ სისტემას შეესრულებინა ის ფუნქცია, რომელიც უნდა იყოს მისი მოვალეობა და ეს გახლავთ სასჯელის რეალურად აღსრულება, რაც გულისხმობს ადამიანის, მსჯავრდებულის რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციას.

 

ამ თვალსაზრისით, ძალზე მნიშვნელოვანია იმ გეგმების განხორციელება, რომელიც დაწყებულია. გამოვყოფდი რამდენიმეს - პენიტენციური სისტემის ინფრასტრუქტურის მაღალ საერთაშორისო სტანდარტებთან მაქსიმალური მიახლოება, ახალი მცირე ზომის დაწესებულებების მშენებლობა, არსებული დაწესებულებების გაუმჯობესება უსაფრთხოების, ადამიანის უფლების და რეაბილიტაციის დარგში მოქმედი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ასევე საოჯახო ტიპის პენიტენციური დაწესებულებების ჩამოყალიბება, სადაც ერთი და იმავე სასწავლო ინტერესებისა და მისწრაფებების მქონე რამდენიმე არასრულწოვანი თავსდება და ოჯახურ გარემოში ცხოვრობს გათავისუფლებამდე, პენიტენციურ დაწესებულებაში უსაფრთხოების გარე პერიმეტრის დაცვისა და ესკორტის ღონისძიებების გაუმჯობესება დაწესებულებიდან გაქცევის, მიმალვის ან დაწესებულებაში უკანონო ნივთების შეტანის შესაძლებლობის შემცირების მიზნით.

 

უმნიშვნელოვანეს მიმართულებად დარჩება და უფრო მეტად გააქტიურდება მუშაობა პენიტენციურ სისტემაში იმ მექანიზმებისა და ინსტრუმენტების დასანერგად და დასახვეწად, რაც გულისხმობს მსჯავრდებულ პირთა რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციას.

 

„ქართული ოცნების„ ხელისუფლების პრიორიტეტული მიმართულება იქნება სამართალდამცველთა უზრუნველყოფა ცხოვრებისა და სამუშაოს ღირსეული პირობები.

 

ბოლოს მინდა განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო თითოეული პოლიციელის, თითოეული სამართალდამცველის მიმართ, რომელიც საკუთარი სიცოცხლის ფასად დგას ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების სადარაჯოზე და ამით ამაყად წარმოადგენს სხვა ყველა პროფესიათა შორის ყველაზე ღირსეულს“ - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 397


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები