პოლიტიკა

გიორგი გახარია აცხადებს, რომ შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელიც მოქალაქეებისა და ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით მუშაობს

12.11.20 11:30


საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ეკონომიკის ზრდის პოტენციალის შენარჩუნებისა და ყველაზე მოწყვლადი ოჯახების მხარდასაჭერად შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომლის მუშაობის შედეგებიც უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

 

როგორც გახარია ამბობს, სწორედ ეს იქნება მოქალაქეებისა და ბიზნესის მხარდაჭერის მეოთხე ფაზა.

 

„ჩვენ ამ ბოლო დღეებში გვქონდა ძალზედ მჭიდრო მოლაპარაკებები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, რომელმაც მაღალი შეფასება მისცა სტრუქტურული რეფორმების იმ გეგმას, რომელსაც ჩვენ ვგეგმავთ, რათა 20121 წლიდან საქართველოს ეკონომიკის აღდგენა სწრაფი, ეფექტური ტემპით დაიწყოს და გაგრძელდეს. ასევე, შეფასებებით ნათელია, რომ საქართველოს 2012 წლიდან იმ რეფორმების გათვალისწინებით, რომლესაც ვახორციელებთ და გავაგრძელებთ, ექნება ყველაზე სწრაფი ეკონომიკური ზრდა, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ არის. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ განსაკუთრებით პოსტკრიზისულ ეკონომიკაში, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა უახლოეს წლებში საქართველომ ორნიშნიან ეკონომიკურ ზრდას მიაღწიოს. ეს არის აუცილებელი პირობა, რათა ჩვენ ჩვენი ევროპული ამბიციები რაც შეიძლება სწრაფად განვახორციელოთ.

 

გარდა ამისა, მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობამ განსაკუთრებით ეკონომიკური კრიზისის დაწყების პირველივე დღიდან განაცხადა პრინციპი რესურსების რაციონალური გადანაწილების, პირველ რიგში, როგორც ბიზნესის, სამუშაო ადგილების შენარჩუნების, ასევე ჩვენი მოქალაქეების სოციალური მხარდაჭერის თვალსაზრისით. ჩვენ დავიწყეთ უკვე ახალი ტალღა მუშაობის, მეოთხე ფაზაზე მუშაობა, რომელიც პირდაპირ იქნება გამიზნული როგორც კონკრეტულად ჩვენი მოქალაქეების სოციალური მხარდაჭერის ნაწილში, ასევე ბიზნესის მხარდაჭერის ნაწილში.

 

რამდენიმე კარგად აპრობირებული მექანიზმი, რომელმაც კარგად იმუშავა წინა ეტაპებზე ჩვენი მოქალაქეების მხარდასაჭერად, ეს გახლავთ მოქალაქეები, რომლებმაც სამსახური დაკარგეს და მათი მიზნობრივ-სოციალური მხარდაჭერა ყველაზე მოწყვლადი ოჯახების, ისევე როგორც ყველაზე ასე ვთქვათ, დარტყმის ქვეშ მყოფი ბიზნესსექტორების საგადასახადო შეღავათების მთელი პაკეტი, რომელიც აქამდე არსებობდა. ჩვენ ახლა ამ ყველაფრის მოდერნიზებას ვაკეთებთ იმისთვის, რომ უახლოეს დღეებში დავიწყოთ შეხვედრები როგორც კონკრეტულ სექტორალურად ბიზნესის წარმომადგენლებთან, ასევე ყველაზე მსხვილ დამსაქმებლებთან, რათა ერთად ვიპოვოთ ის გამოსავალი, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენს ეკონომიკას, შეინარჩუნოს შემდგომი ზრდის პოტენციალი. მეორე, ჩვენი მოქალაქეებისთვის მაქსიმალურად შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები. ამისთვის შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელშიც მონაწილეობს როგორც საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდი, ასევე ეროვნული ბანკი, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და უახლოეს პერიოდში ამ ჯგუფის მუშაობის შედეგები ყველასთვის ნათელი გახდება. ეს იქნება ჩვენი, საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ კრიზისში მოქალაქეების და ბიზნესის მხარდაჭერის მეოთხე ფაზა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 361


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები