პოლიტიკა

გიორგი კვირიკაშვილი - მე ვთხოვდი ალეკო ელისაშვილს, მისულიყო პროკურატურაში და გაეკეთებინა განცხადება

14.09.16 18:50


პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ალეკო ელისაშვილს სთხოვს, თუ საფრთხის შესახებ ინფორმაცია აქვს, სამართალდამცავ უწყებებს მიმართოს. ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს ალეკო ელისაშვილის იმ განცხადების კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმადაც, მას უთვლიან, რომ დიდი საფრთხის ქვეშ არის.

”თუ ასეთი რამ არის, მას აქვს სრული უფლება და მე ვთხოვდი, მისულიყო პროკურატურაში და გაეკეთებინა განცხადება. თუ იქნება რაიმე საშიშროება, რა თქმა უნდა, რეაგირებას გააკეთებენ სამართალდამცავი უწყებები. მას აქვს ამისი სრული უფლება, თუ მასზე რაიმე ზეწოლა ხორციელდება, ეს უნდა გააკეთოს. ჩვენ გვახსოვს წარსულში განცხადებები იგივე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისგან და შემდეგ ასეთი რამ არ დადასტურდა. მე არ ვამბობ, რომ ეს იგივე შემთხვევაა, მაგრამ თუ არის ასეთი რამ, ყველას აქვს უფლება მივიდეს და ინფორმაცია მიაწოდოს სამართალდამცავ ორგანოებს”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

„მითვლიან, რომ დიდი საფრთხის ქვეშ ვარ, რომ რაღაცას მიმზადებენ, რომ თვით ბატონი ბიძინას დავალებაა, რომ მე რაღაც დამმართონ, - ამის შესახებ საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით, ახლობლები, ნაცნობ-უცნობები ურჩევენ, რომ ფრთხილად იყოს.

”ყველა მხრიდან მითვლიან, რომ დიდი საფრთხის ქვეშ ვარ, რომ რაღაცას მიმზადებენ, რომ თვით ბატონი ბიძინას დავალებაა, რომ მე რაღაც დამმართონ და გამანეიტრალონ.

ამას მითვლიან „ოცნებიდან“, შსს-დან, უშიშროებიდან ნაცნობ-უცნობები, ახლობელ-ნაკლებახლობლები. მირჩევენ ვიარო ფრთხილად ... თავის მოკვლას არ ვაპირებ, შანსი არაა - თუ ასე გამოაცხადეს GDS-მა და სხვებმა, "ზნაჩიტ" ეგ იყო გეგმა და არ დაიჯეროთ. დანარჩენზე კიდევ მეცინება. ჩემ ქალაქში ფეხისწვერებზე სიარულს არ ვაპირებ, დავდიოდი და ვივლი ფეხით, თამამად და გულიანად. თუ უბრალოდ ჩემი შეშინება გინდათ, ამაოდ ირჯებით. თუ გაინტერესებთ რატომ - აბრძანდით ჩემ საგვარეულო სოფელში - ხაშურის რაიონის სოფელ სავანისუბანში, რამოდენიმე ელისაშვილს შეხვდით და მიხვდებით რატომ ვართ ეგეთები. ისე კი მთელი სახელმწიფო და მმართველი პარტია მე რომ მებრძვით და შეშინებას ცდილობთ, თქვენ თავს არ ეკითხებით რატომ გაკრიტიკებთ? რატომ დაგიპირისპირდით და რატომ გადავიქეცი დაუნდობელ ოპოზიციონერად? ვისაც სინდისი აქვს იმას ვეკითხები, თორემ ირაკლი და დანარჩენ კობახიძეებს და კიდევ სიაში 11 ნომერი რომაა, იმ ქალს არც მივმართავ”, - განაცხადა ელისაშვილმა.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 541


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები