ბონდო არველაძე ქართული ეკლესიები საქართველოსა და სომხეთში ნაწილი XIV თავი I

14.09.16 19:15


ქვემო ქართლი
ქვემო ქართლის ოთხი რაიონის - ბოლნისის, მარნეულის, დმანისის და თეთრიწყაროს მონოფიზიტური ძეგლები ზედმიწევნით შესწავლილი აქვს განხილული პროფ. გ.გაგოშიძეს.

„ქვემო ქართლი აღმოსავლეთ საქართველოს სამხრეთი რეგიონია, იგი უშუალოდ ემეზობლება სომხეთს და ამ ძველი ქართული მხარის სამხრეთი საზღვარი დღეს გუგუთი-აღქერფი- სადახლოს სამხრეთის ხაზზე გადის, ადრე კი იგი გაცილებით უფრო სამხრეთით, ბამბაკის ქედზე იდო. ამ ფარგლებშია მოცემული ქართლ- კახეთის სამეფოს სამხრეთი საზღვარი ს. ბურნაშოვის მიერ 1784 წელს შედგენილ საქართველოს რუკაზე ( მუსხელიშვილი დ. 2003, გვ. 56,57). 1921 წლის 7 ივლისის დადგენილებით, რუსეთის კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკთა) ცენტრალური კომიტეტის კავკასიის ბიურომ ეს მხარე-2478 კვ.კმ, რომელიც ლორეს სახელითაა ცნობილი (ისტორიული ქვემო ქართლის სამხრეთი ნაწილი), სომხეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას გადასცა (მუსხელიშვილი დ. 2003, გვ.87).

ქვემო ქართლში სომხური მოსახლეობის შემოსვლა, საქართველოს სხვა რეგიონებთან შედარებით, ადრეული ხანიდან შეიმჩნევა. სტრაბონის (ძვ. წ. I-ახ. წ.I ს.ს) ცნობით, ძვ. წ II საუკუნეში, არმენიის მეფეებმა- არტაქსიამ და ზარიადრემ იბერებს ჩამოაჭრეს პარიადრეს კალთები, ხორძენე და გოგარენე (ყაუხჩიშვილი თ. 1957 გვ.189), გოგარენე (სომხ. წყაროებით გუგარქი) ისტორიულ ქვემო ქართლია და მაშასადამე, ამ რეგიონში სომეხთა (არმენების) პირველი გამოჩენა წერილობითი წყაროების მიხედვით ძვ. წ I საუკუნეში დასტურდება. ახ. წ. 35 წლიდან გოგარენეს (ქვემო ქართლს), როგორც ჩანს, კვლავ იბერიის მეფეები დაეუფლნენ ( ჯავახიშვილი,1919,გვ.17). ,,ქართლის ცხოვრებაში“ დამოწმებული ცნობით, მირიან მეფის სარგო ქვეყნის მდინარეები მდ. მტკვარს, ხოლო სომხეთის მეფის თრდატისა კი მდ. არაქსისს ერთვის ( ქართლის ცხოვრება 1955,გვ.70), რაც IV საუკუნეში ქვემო ქართლის საქართველოს ფარგლებში არსებობას ადასტურებს, ე.ი. ამ დროს სამეფოებს შორის საზღვარი მდინარეების - მტკვრისა და არაქსის წყალგამყოფზე გადიოდა. სომეხთა ლტოლვა ჩრდილოეთისაკენ შემდეგ საუკუნეებშიც გრძელდებოდა. ეპისტოლეთა წიგნიდან (VIIს) ვიტყობთ, რომ V საუკუნეში ქვემო ქართლის საპიტიახშოს ადმინისტრაციულ ცენტრში, ქ. ცურტავში წმ. შუშანიკ დედოფალს სომხური მღვდელმსახურება შემოუღია, რაც იმის მაუწყებელია, რომ აქ სომხური მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ბინადრობდა (ალექსიძე, 1968,გვ.50,67,121).

ცურტავში VII საუკუნეში შერეული ქართულ-სომხური მოსახლეობის არსებობაზე ამავე ეპისტოლეთა წიგნიდან ვგებულობთ. ქალაქი ცურტავის ადგილმდებარეობა დღესდღეისობით ჯერ კიდევ არ არის ზუსტად დადგენილი, მაგრამ უნდა ვიფიქროთ, რომ იგი დღევანდელი საქართველოს სამხრეთი საზღვრის ფარგლებში, ან სომხეთის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობდა. დ. ბერძენიშვილის მოსაზრებით, ცურტავი დღევანდელი აღჯა-ყალის ციხეა რომელიც მდ. დებედის მარჯვენა მხარეს ფართო ველზე მდებარე გორაზეა აღმართული ( ბერძენიშვილი დ. 2006, გვ. 265-282). დღევანდელი საქართველოს ფარგლებში არსებული ქვემო ქართლის ტერიტორიაზე და მის სამხრეთ ნაწილშიც კი ( მდ. შულავრის, მდ. ხოჟორნის ხეობები), იქ სადაც, თითქოს, ქართველებთან ერთად სომხებსაც უნდა ეცხოვრათ, არსებული მატერიალური კულტურის ძეგლები ადრე შუა საუკუნეებში სომეხთა ცხოვრების კვალს არ ადასტურებს. აქ ძველი ეკლესიები და წარწერები მხოლოდ ქართულია (მუსხელიშვილი დ. 1960,გვ.33; გაგოშიძე,1999, გვ. 70-71).

მეტიც, ადრეული შუა საუკუნეების ქართულწარწერიანი სტელები დასტურდება დღევანდელი ჩრდილოეთი სომხეთის ტერიტორიაზეც. სანაჰინისა და აღბატის მონასტრებში XX საუკუნის ოთხმოციან წლებში დაცული იყო ადრეული შუა საუკუნეების ქართულწარწერიან სტელათა ფრაგმენტები, ძველი ქართული წარწერებია ოძუნის ეკლესიის კედლებზეც, რაც კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს წყაროთა ცნობებს იმის თაობაზე, რომ ქართველთა განსახლების ისტორიული ტერიტორიები ქვემო ქართლის მონაკვეთში საქართველო- სომხეთის დღევანდელ საღვარზე გაცილებით სამხრეთით იყო და ჩრდილოეთ სომხეთის ტერიტორიასაც მოიცავდა.

X საუკუნის სომეხი ისტორიკოსის იოანე დრასხანაკერტელის ცნობით, სომეხმა ბაგრატუნებმა IX საუკუნის მიწურულს დაიქვემდებარეს გუგარეთის ნარევი მოსახლეობა ( დრასხანაკერტელი,1965, გვ.38,64), ხოლო დიდ სიმაგრეში, ,,რომელსაც ქართულად შამშულდე (სამშვილდე, გ.გ) ეწოდება“, თავისი ხალხი ჩააყენეს. (დრასხანაკერთელი, 1965,გვ. 224,225 ). X საუკუნის მიწურულს ქვემო ქართლის ტერიტორიაზე წარმოიშვა ახალი სამეფო, რომელსაც ანისელი სომეხი ბაგრატუნების გვერდითი შტოს წარმომადგენლები ჩაუდგნენ სათავეში. ეს სამეფო წყაროებში ტაშირ ძორაგეტის სახელითაა ცნობილი. მისმა ყველაზე ძლიერმა მმართველმა დავითმა (989-1048 წ.წ) თავისი ტერიტორიები ჩრდილოეთით გააფართოვა და სამშვილდე სატახტო ქალაქად აქცია. სწორედ ამ ხანის ორიოდე სომხური ძეგლია შემორჩენილი დღევანდელი საქართველოს ფარგლებში არსებული ქვემო ქართლის ტერიტორიის სამხრეთ ნაწილში, რომელთაგანაც უადრესი ამ ნაშრომში გამოქვეყნებული სოფ. ბრდაძორის ქართულ სტელაზე (VI ს) არსებული სომხური წარწერა (X ს) , სადაც მლოცველთა სახელებია აღნიშნული. ქართველი (მართლმადიდებელი) ქტიტორის მიერ X საუკუნეში აგებული სოფ. ხოჟორნის ეკლესია კი XI საუკუნის შუა ხანებში სომხურ მონოფიზიტურად გადაუკეთებიათ. მსგავსი ბედი ეწია სამშვილდის ბაზილიკასაც, რომელიც IX საუკუნის მიწურულსა და X საუკუნის დასაწყისში აშენდა და ქართველი ( მართლმადიდებელი) მრევლისთვის იყო განკუთვნილი, ხოლო X საუკუნის მიწურულს ან უფრო XI საუკუნის პირველ ნახევარში ისიც სომხური ( მონოფიზიტური) საეკლესიო მსახურების შესაბამისად გადაკეთდა.

სავარაუდოდ, XI საუკუნის სამოციან წლებს განეკუთვნება სამშვილდის სიონის სამხრეთ კედელზე არსებული სომეხთა კათალიკოსის გიორგი ლორელის წარწერა, რომელსაც პუბლიკაციაში საგანგებოდ არ ვეხებით, რადგან იგი შესწავლილია და მრავალჯერაცაა გამოცემული (მელიქსეთ-ბეგი, 1940, გვ. 52-53, მუსხელიშვილი ლ., 1943, გვ. 100-101, დრასხანაკერტელი, 1965, გვ/ 0141-0145, შოშიაშვილი, 1980, გვ. 231 )

ტაშირ - ძორაგეტის სამეფოს მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს ეთნიკური ქართველები წარმოადგენდნენ, სომხური მოსახლეობა ამ სახელმწიფოს უფრო სამხრეთ რეგიონში --ადრეული ხანიდანვე ნაწილობრივ არმენიზებულ მხარეში ბინადრობდა. სათანადოდ, ამ სამეფოს სომხური სასულიერო ცენტრიც აქ, ძველი ქვემო ქართლის სამხრეთ ნაწილში, დღევანდელ ჩრდილოეთ სომხეთში იყო, იქ, სადაც ძლიერი ანტიქალკედონური მონასტრები--სანაჰინი და აღბატი მდებარეობს.
1065 წელს (ქართლის ცხოვრება, 1955, გვ. 307 ) მეფე ბაგრატ IV-მ ( 1027-1072 ) აიღო ქალაქი სამშვილდე და ტაშირ-ძორაგეტის სამეფოს დედაქალაქი, ქ. ლორეში (სომხეთი, სტეფანავანის რ-ნი ) გადავიდა. ამ სამეფოს დიდხანს არსებობა არ ეწერა. XI საუკუნის მეორე ნახევრიდან თურქ-სელჩუკთა შემოსევების შედეგად იგი მოისპო და ნომინალურად XII საუკუნემდე იარსება. 1118 წელს მეფე დავით IV აღმაშენებელმა (1089-1125 წწ ) თურქ-სელჩუკთაგან დაკავებული ციხე-ქალაქი ლორე აიღო, რითაც დასრულდა კიდეც ქვემო ქართლის ტერიტორიების დაბრუნება. ქართულ ისტორიულ წყაროებში ქვემო ქართლს სომეხთა ერთსაუკუნოვანი ბატონობის გამო ხშირად სომხითად იხსენიებენ.

დავით აღმაშენებლის დროიდან ქვემო ქართლში დმანისი და ბოლნისი თავისი მიმდებარე ტერიტორიით სამეფო საკუთრება (ლ. მუსხელიშვილი, 1938 ა, გვ. 331, ბერძენიშვილი, 1964, გვ. 39 ), ხოლო ქ. ლორე კი სტრატეგიული მდებარეობის გამო საქართველოს სანაპირო საერისთავოს ცენტრი და ამირსპასალარის სადგომი პუნქტი გახდა. თავდაპირველად ამირსპასალარის სახელოს ორბელთა ფეოდალური სახლი განაგებდა.

XII საუკუნის მიწურულსა და XIII საუკუნის დასაწყისში თამარის მეფობის დროს ( 1184-1207წწ ) საქართველოს სამეფოს ფარგლებში მთელი სამხრეთ კავკასია გაერთიანდა. ამ სახელმწიფოს შემადგენლობაში სომხეთის ქვეყნების დიდი ნაწილიც მოექცა და შესაბამისად, სომხურ ეთნიკურ ელემენტს სამეფოში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა. XII-XIII საუკუნეებში ქვემო ქართლში ბოლნისი და დმანისი კვლავ მეფის საკუთრებაში რჩებოდა, სასაზღვრო პუნქტებს შეემატა „ქვემოთ სანაპირო’’ მხარე გაგი (ქართლის ცხოვრება II, გვ. 129-130 ), რომელსაც მისი მფლობელები, გაგელები, ჩაუდგნენ სათავეში. ციხესიმაგრე გაგი, დ. მუსხელიშვილის ვარაუდით, მდ. დებედას ქვემო წელზე მდებარე აღჯა-ყალის ციხეა (დ. მუსხელიშვილი, 1960 ა ). ქვემო ქართლის სამხრეთი რეგიონი -ლორე კი ისევ ამირსპასალარის კუთვნილებას წარმოადგენდა. ამ სახელს XII საუკუნის მიწურულიდან მხარგრძელთა ფეოდალური სახლი დაეპატრონა და მათ ისტორიულ წყაროებში ხშირად „სომეხთა მეფის ადგილას მჯდომებად მოიხსენიებენ (ქართლის ცხოვრება, 1959, გვ. 55 ). მხარგრძელთა ქურთული წარმოშობის წინაპრები, ისტორიკოს ვარდანის XIII ს.) ცნობით, ძორაგეტის მეფესთან ჩამოსულან, გაქრისტიანებულან, სამეფო კარზე დაწინაურებულან და სამკვიდროდ ხოჟორნი მიუღიათ (ვარდანი, 2002, გვ. 156 ). შ. მესხია მხარგრძელთა ჩამოსახლებას ტაშირ-ძორაგეტში XI ს-ის 50-60-იანი წლებით საზღვრავს და მათ პირველ ქრისტიან წინაპრად აღბატის ერთ-ერთ წარწერაში დამოწმებულ ხოსროვს მიიჩნევს (მესხია, 1979, გვ. 226-232, ღაფადარიანი, 1963, გვ. 161 ). ხოსროვი ტაშირ-ძორაგეტში მონოფიზიტურ მრწამსს ეზიარა, მისი რელიეფური გამოსახულება სანაჰინის ეპისკოპოსის გამოსახულებასთან ერთად ხოჟორნის გუმბათიანი ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადს ამშვენებს (გაგოშიძე, 2003, გვ. 47-59 ). ხოსროვის შთამომავლებს, თამარ მეფის თანამედროვეებს, საქართველოს დიდ ვეზირებს, ძმებს--ამირსპასალარ ზაქარიასა და ათაბაგ ივანე მხარგრძელებს განსხვავებული მრწამსი ჰქონდათ. ივანე მართლმადიდებელი გახდა, ზაქარია კი ისევ წინაპართა რჯულზე--მონოფიზიტობაზე დარჩა, თუმცა კი იგი შეეცადა, რომ სომხურ მონოფიზიტურ ეკლესიაში ქალკედონური საეკლესიო პრაქტიკისზოგიერთი ელემენტი დაენერგა, რის გამოც 1205 წელს ლორეში, ხოლო 1207 წელს კი ანისში მოიწვია საეკლესიო კრებები ( განძაკეცი, 1976, გვ. 120-125 ). ზაქარიას შვილი, შანშე (სომხ. შაჰან-შაჰი ), რომელიც მამის გარდაცვალების შემდგომ ბიძასთან, ივანესთან იზრდებოდა, ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მიმდევარი იყო. მხარგრძელების ბატონობისას ქვემო ქართლის სამხრეთ რეგიონშიც ( დღევანდელი ჩრდილოეთ სომხეთი ) მძლავრად იკიდებს ფეხს მართლმადიდებლობა. ამ დროს აქ შენდება ისეთი დიდი ქართული მონასტრები, როგორებიც ახტალა და ქობაირია (მურადიანი, 1977, გვ. 163-189, 199-222 ), შეკეთდა ჰნევანქის (ჩუბინაშვილი, 1967, გვ. 71-78), შაჰნაზარის (მურადიანი, 1977, გვ.151-162 ) ძველი ქართული ეკლესიები, აიგო აქორის (ტიერი, ჟ, 1983 ), თეჟარუიქის (მურადიანი, 1977. გვ. 113-131 ), კირანცის (ტიერი, ნ., 1983 ) ეკლესიები და სხვა. თუმცა არსებობას განაგრძობენ ასევე დიდი ანტიქალკედონური სავანეებიც :აღბატი, სანაჰინი. ეს უკანასკნელი ტაშირ-ძორაგეტელ მეფეთა საძვალე იყო, მოგვიანებით კი აქ მხარგრძელთა მონოფიზიტური შტოს საძვალეც შეიქმნა ( ხალფახჩიანი, 1973, გვ. 55-57 ). მხარგრძელთა დიოფიზიტური შტო, ივანეს შთამომავლები, ახტალაში, შანშე ზაქარიას ძის კი ქობაირში იკრძალებოდნენ. აღბატის ანტიქალკედონური სავანე ქართველ ბაგრატიონთა განსაკუთრებული მფარველობის ქვეშ მოექცა (განძაკეცი, 1976, გვ..87.

წაკითხულია : 559


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები