პოლიტიკა

„Steirische Wirtschaft“: საქართველო გატარებული რეფორმებით ინვესტორებისთვის სულ უფრო საინტერესო ხდება

14.09.16 19:45


შტაიერმარკის ფედერალური მიწის სავაჭრო პალატის გამოცემა – „Steirische Wirtschaft”-ის მიხედვით საქართველო გატარებული რეფორმებით ინვესტორებისთვის სულ უფრო საინტერესო ხდება.

ავსტრიის რესპუბლიკის შტაიერმარკის ფედერალური მიწის სავაჭრო პალატის გამოცემა – „Steirische Wirtschaft”-ში გამოქვეყნდა სტატია საქართველოს შესახებ.

სტატიის ავტორი გამოცემის რედაქტორი კლაუს კრაინერია, რომელიც აღნიშნავს, რომ საქართველო გატარებული რეფორმებით ინვესტორებისთვის სულ უფრო საინტერესო ხდება.

სტატიაში აღნიშნულია, რომ უკანასკნელ წლებში საქართველოში განხორციელებულმა რეფორმებმა ქვეყანას საერთაშორისო კუთხით აღიარება მოუტანა. კლაუს კრაინერს მოჰყავს ქ. სტამბოლში ავსტრიის სავაჭრო წარმომადგენლის, გეორგ კარაბაჩეკის სიტყვები, სადაც ის ამბობს, რომ საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა ძალზე სტაბილურია და ქვეყანას გააჩნია მყარი საბაზრო-ეკონომიკური, ლიბერალური და ევროპასთან დაახლოებული სტრუქტურა.

გეორგ კარაბაჩეკის თქმით, ბოლო წლებში, რეფორმებზე ორიენტირებულმა და თანმიმდევრულმა პოლიტიკამ ქვეყნის ეკონომიკა 2,8 %-მდე გაზარდა, რამაც ინფრასტრუქტურის სფეროს აღმასვლა განაპირობა. ქ. სტამბოლში ავსტრიის სავაჭრო წარმომადგენლის განცხადებით, თვალსაჩინოა სარკინიგზო ინფრასტრუქტურის ძლიერი განვითარება, რაც ისტორიული „დიდი აბრეშუმის გზის“ აღორძინების ნაწილია.

სტატიის ავტორი ასევე საუბრობს იმ ავსტრიულ კომპანიებზე, რომლებიც საქართველოში საქმიანობენ, მათ შორისაა „Gebrüder Weiss”, „Orion-Leuchten”, „Schirnhofer”. სტატიაში აღნიშნულია, რომ 2014 წლიდან ავსტრიული ექსპორტი საქართველოში 57,8-იდან 72,8 მილიონ ევრომდე, თითქმის 30 %-ით გაიზარდა.

როგორც კლაუს კრაინერი აცხადებს, ამ მაჩვენებლით საქართველო ავსტრიის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი გახდა და რეიტინგით ავსტრიის სავაჭრო პარტნიორებს შორის 78-ე ადგილზე ავიდა.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოში ხორციელდება მნიშვნელოვანი ინვესტიციები, განსაკუთრებით კი ჰიდროენერგეტიკის სექტორში.

კლაუს კრაინერის თქმით ამ მიმართულებით შტაიერმარკის ფედერალურ მიწას და საერთოდ, ავსტრიას ბევრის შეთავაზება შეუძლია საქართველოსთვის.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 604


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები