პოლიტიკა

ბესელია უსუფაშვილის განცხადებაზე: ღირსეულ საქციელად არ მიმაჩნია, როდესაც საუბრობ იმაზე, რაც კულუარებში ხდება

14.09.16 21:15


“არც კაცისგან და არც ქალისგან ღირსეულ საქციელად არ მიმაჩნია ისაუბრო იმაზე, რაც კულუარებში და დახურულ ფორმატში ხდება” ,– ასე ეხმაურება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია „რესპუბლიკელების“ ლიდერის, დავით უსუფაშვილის გუშინდელ განცხადებას.

ეკა ბესელიას განცხადებით, იგი გაოცებულია და გაკვირვებული იმით, რასაც პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი აკეთებს.

ბესელიას თქმით, რამდენიმე დღის წინ, უსუფაშვილმა თქვა, რომ არ ვარგა, როცა ქვეყანაში სერიოზული პოლიტიკოსები და ლიდერები ჭორაობენ, თუმცა, მისი მთელი საუბარი ამ ჭორაობას დაემსგავსა.

„ყველაფერი, რასაც გიყვებიან, რაც მოგისმენია, რაც გადაგხდენია, რაც სამუშაო პროცესის მიღმა ხდება, თუ ავდექით და ეს ყველაფერი საჯაროდ მოვყევით, ან პოლიტიკური ვითარება რას დაემსგავსება, ან პოლიტიკური ლიდერები? ეს ყველაფერი რას ჰგავს? გულწრფელად რომ გითხრათ, არც კაცისგან და არც ქალისგან ღირსეულ საქციელად არ მიმაჩნია ისაუბრო იმაზე, რაც კულუარებში და დახურულ ფორმატში ხდება, რადგან არის საჯარო სივრცე, სადაც შეიძლება ბევრ რამეზე ისაუბრო, მაგრამ სხვა სივრცე არსებობს, სადაც რაღაცები რომ ხდება, ყველაფერი არ უნდა ილაპარაკო. რასაც ვისმენ, გაოცებული ვარ“, – აცხადებს ბესელია.

ცნობისათვის, გუშინ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში, ჟურნალისტ სალომე ასათიანის გადაცემაში, განაცხადა, რომ მას ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრობის პოსტი შესთავაზა.

„2015 წლის აპრილში ბატონმა ბიძინამ შემომთავაზა, რომ დავთანხმებულიყავი პრემიერ-მინისტრობას და ჩვენ, რესპუბლიკელები და “ქართული ოცნება”, თავის ლიდერთან ერთად, ერთობლივი ძალებით გავძღოლოდით ქვეყანას…” – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 568


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები