პოლიტიკა

გიორგი კვირიკაშვილი - საქართველოს სახით აშშ-ს ჰყავს ერთგული მეგობარი

15.09.16 15:00


საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაუმჯობესებას და ამერიკის შეერთებულ შტატებთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის გაღრმავებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევების კონტექსტში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ატლანტიკური საბჭოს სარედაქციო დირექტორის მოადგილესთან, აშიშ კუმარ სენთან ინტერვიუში განაცხადა.

პრემიერის შეფასებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის ვიზიტი იყო იმ უდიდესი მხარდაჭერის კიდევ ერთი დემონსტრირება, რომელსაც ბოლო 25 წელია, დამოუკიდებლობის აღდგენიდან მოყოლებული, აშშ უცხადებს საქართველოს, განსაკუთრებით ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ნატო-სა და ევროკავშირთან დაკავშირებით ჩვენი მისწრაფებების კუთხით.

”მე და მდივანმა კერიმ ხელი მოვაწერეთ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში პარტნიორობის გაღრმავების მემორანდუმს, რომლის მიზანიცაა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაუმჯობესება. ამ დოკუმენტის ფარგლებში ჩვენ გავცვლით ინფორმაციას და ვითანამშრომლებთ საერთო საფრთხეების დაძლევაზე. გარდა ამისა, ჩვენი თანამშრომლობა გაღრმავდება საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორიცაა საქართველოს შეიარაღებული ძალების გრძელვადიანი მდგრადობის განმტკიცება და თავდაცვასთან დაკავშირებული შესყიდვების მხარდაჭერა.

საქართველოს სახით ამერიკის შეერთებულ შტატებს ჰყავს ერთგული მეგობარი, სტაბილური გეოპოლიტიკური და სტრატეგიული მოკავშირე, რომელთანაც მას აქვს საერთო ღირებულებები და გლობალური უსაფრთხოების პრიორიტეტები. უკვე ათწლეულზე მეტია, რაც ჩვენი მებრძოლები ამერიკელი კოლეგების მხარდამხარ მსახურობენ ავღანეთსა და ერაყში. დღეს ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ ტერიტორიული თავდაცვის ზომებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია საქართველოს უსაფრთხოებისთვის და რეგიონალური სტაბილურობისთვის. თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან უკიდურესად მნიშვნელოვანია ამ მხრივ წარმატების მისაღწევად.

გასულ კვირაში წარმომადგენელთა პალატამ გამოამჟღავნა პარტიათა შორის ერთსულოვნება, როდესაც ხმების უმრავლესობით (410-6) მიიღო რეზოლუცია #660.

ამ რეზოლუციაში ასახულია ამერიკის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი. ეს საკანონმდებლო დოკუმენტი წარმოადგენს მნიშვნელოვან განცხადებას აშშ-ის მხრიდან საქართველოსა და მისი სუვერენიტეტის მხარდაჭერის შესახებ”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 649


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები