პოლიტიკა

Middle East Institute: მაშინ, როცა კრემლი თავდაუზოგავად იღწვის ნეოიმპერიალისტური ამბიციების გასატარებლად, საქართველოს ასევე სჭირდება პრაქტიკული მხარდაჭერა ნატოს მხრიდან

03.12.20 17:40


საქართველომ ნატოს ოპერაციებსა და საერთაშორისო მისიებში აქტიური მონაწილეობით უკვე დაამტკიცა, რომ ნატოს საიმედო პარტნიორი და ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში წვლილის შემტანია. თავის ბოლო გამოსვლაში პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს სჭირდება ახალი სტრატეგიული როლი შავი ზღვის უსაფრთხოებაში. უსაფრთხო შავ ზღვას არსებითი მნიშვნელობა აქვს საქართველოს დემოკრატიული მომავლისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის. ნატოს წევრებთან თანამშრომლობის გაღრმავება უნდა იყოს და დარჩება კიდეც საქართველოს პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარ საკითხად, - Middle East Institute სტატიას სახელწოდებით „საქართველოს ახალი როლი შავი ზღვის უსაფრთხოების ფარგლებში“ აქვეყნებს.

 

სტატიის ავტორი 2020 წლის მაისში კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელის, ჯეიმს აპატურაის განცხადებას იხსენებს, რომლის თანახმადაც შავი ზღვის უსაფრთხოების ფაგლებში საქართველოს მეტი ჩართულობის უზრუნველსაყოფად მკაფიო ნაბიჯების გადადგმას გეგმავს.

 

„რუსეთის მიერ 2008 წელს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციის და 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ შავი ზღვის უსაფრთხოების ლანდშაფტი მკვეთრად შეიცვალა. შავი ზღვა, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს კასპიის, ეგეოსის და ხმელთაშუაზღვისპირეთის აუზებს და წარმოადგენს შუა აღმოსავლეთის დერეფანს, ყოველთვის იყო მნიშვნელოვანი რეგიონი როგორც რუსეთისთვის, ისე ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. ბოლო ათწლეულში კი რეგიონში შეიმჩნევა მოსკოვის გაძლიერებული მცდელობები, თავის სასარგებლოდ შეცვალოს სამხედრო ბალანსი და გაატაროს აგრესიული პოლიტიკა აშშ-ის 2 მნიშვნელოვანი მოკავშირის: საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ. ამ პროცესში იგი იყენებს არა მხოლოდ სამხედრო ძალას, არამედ ჰიბრიდული ომის იარაღების დიდ არჩევანს, ასევე აქცევს შავ ზღვას წვდომის ხელშეშლის და მანევრირების შეზღუდვის ზონად (A2/AD). მოსკოვის პროვოკაციული მოქმედება რეგიონში მიუთითებს მტკიცე გადაწყვეტილებაზე, შემდგომშიც წინ აღუდგეს დასავლეთს შავ ზღვაზე.

შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ თბილისმა გადაახალისოს და განამტკიცოს თავისი როლი, როგორც შავი ზღვის უსაფრთხოებაში პროაქტიულმა წვლილის შემტანმა“, - წერს ავტორი.

 

აქვე, აღნიშნულია, რომ თბილისმა უნდა გაამახვილოს ყურადღება ნატოსთან თანამშრომლობაზე და თავის სასარგებლოდ გამოიყენოს ისეთი არსებული ინიციატივები, როგორებიცაა ერთობლივი სამხედრო ტრენინგები და წვრთნები.

როგორც ავტორი აცხადებს, რუსეთის აგრესიის ფონზე საქართველოსთვის არსებითად მნიშვნელოვანია თავისი მდებარეობის და ნატოსა და რეგიონალურ პარტნიორებთან არსებული კავშირების გამოყენება ეკონომიკური, პოლიტიკური და უსაფრთხოების სარგებლის მისაღებად.

 

„შავი ზღვის რეგიონში მზარდი საფრთხეების გათვალისწინებით, საქართველომ სრულად უნდა გამოიყენოს თავისი გეოსტრატეგიული მდებარეობა: გააძლიეროს რეგიონული თანამშრომლობა ზღვისპირა სახელმწიფოებსა და სტრატეგიულ პარტნიორებთან და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თბილისმა უნდა მოირგოს რეგიონის ლოგისტიკური და საინფორმაციო ცენტრის როლი. როგორც დემოკრატიულმა, პროდასავლურმა სახელმწიფომ, რომლის მოსახლეობის დიდი ნაწილი მხარს უჭერს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, საქართველომ ძალ-ღონე არ უნდა დაიშუროს სატრანსპორტო და სატრანზიტო მარშრუტების გასავითარებლად, ასევე გააღრმავოს კავშირები სანაპირო ქვეყნებთან და ურთიერთკავშირი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან: რუმინეთსა და ბულგარეთთან. მართალია, საქართველო არ ესაზღვრება ევროკავშირის არც ერთ წევრ ქვეყანას, მაგრამ თბილისს შეუძლია შავი ზღვის - ენერგორესურსებისა და პროდუქციის მნიშვნელოვანი სატრანზიტო დერეფნის გამოყენება გეოგრაფიული ხიდის ფორმით, რაც გადააქცევს საქართველოს სატრანზიტო ცენტრად, რომელიც რუსეთის გვერდის ავლით ერთმანეთთან დააკავშირებს ევროპასა და აზიას“, - ნათქვამია სტატიაში.

 

ავტორი მიიჩნევს, რომ ამ ამბიციის განუყოფელი ნაწილი ანაკლიის პორტია.

 

„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი განუყოფელია საქართველოს ამბიციებისგან, იქცეს სანდო სატრანზიტო მარშრუტად. ეს პროექტი, ამავე დროს, გაზრდის საქართველოს გეოსტრატეგიულ მნიშვნელობას ნატოსთვის.

თბილისმა ასევე უნდა გაამახვილოს ყურადღება ნატოსთან თანამშრომლობაზე და თავის სასარგებლოდ გამოიყენოს ისეთი არსებული ინიციატივები, როგორებიცაა ერთობლივი სამხედრო ტრენინგები და წვრთნები“, - აღნიშნულია სტატიაში.

 

პუბლიკაციის ავტორი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველო ადასტურებს, რომ ნატოს სანდო და სტაბილური პარტნიორია.

 

„საქართველოსთვის არსებითად მნიშვნელოვანია თავისი მდებარეობის და ნატოსა და რეგიონალურ პარტნიორებთან არსებული კავშირების გამოყენება ეკონომიკური, პოლიტიკური და უსაფრთხოების სარგებლის მისაღებად. მეორე მხრივ, მაშინ, როცა კრემლი თავდაუზოგავად იღწვის თავის ეგრეთწოდებულ გავლენის სფეროში ნეოიმპერიალისტური ამბიციების გასატარებლად, საქართველოს ასევე სჭირდება პრაქტიკული მხარდაჭერა ნატოს მხრიდან - საქართველო ხომ თანმიმდევრულად ადასტურებს, რომ იგი სანდო და სტაბილური პარტნიორია. შავი ზღვის უსაფრთხოების ერთიანი და ეფექტიანი სტრატეგიის შემუშავება, რომელშიც ყურადღება იქნება გამახვილებული ნატოს წევრებისა და პარტნიორების წინააღმდეგ რუსეთის მიერ მიმართული მტრული მოქმედებების პასუხის გაცემაზე და, ამავე დროს, ნატოს წევრობასთან დაკავშირებით საქართველოსთვის დახმარების გაწევაზე, იქნება დროული და საჭირო პირველი ნაბიჯი“, - ნათქვამია Middle East Institute-ის სტატიში.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 73


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები