საზოგადოება

კომუნიკაციების კომისიამ “მთავარი არხი” 58 000 ლარით დააჯარიმა

04.12.20 10:15


კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი“ 58 000 ლარით დააჯარიმა. უწყების თანახმად, ტელეკომპანიამ ეთერში წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამა გაუშვა მაშინ, როცა კანონი ამის უფლებას არ აძლევდა. “მთავარ არხში” გადაწყვეტილებას უკანონოს უწოდებენ და სასამართლოში დავისთვის ემზადებიან.

 

მარეგულირებელი კომისიის  განცხადებით, წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამების განთავსების დროისა და გავრცელების წესის შესახებ კანონმდებლობის მიხედვით, წინასაარჩევნო რეკლამებს მაუწყებლები გადასცემენ მეორე ტურის დანიშვნის დღის მომდევნო ორშაბათიდან; ეს კი იმას ნიშნავს, რომ “მთავარ არხს” ამ ტიპის რეკლამის ეთერში გაშვების უფლება მხოლოდ 16 ნოემბრიდან ჰქონდა.

თუმცა, კომისიის თქმით, არხმა ეს რეგულაცია დაარღვია.

 

“კომუნიკაციების კომისიამ 3 ნოემბერს მაუწყებლებს გაუგზავნა წერილი და არჩევნების მეორე ტურის დროს პოლიტიკური რეკლამის ეთერში განთავსებასთან დაკავშირებით კანონმდებლობის მოთხოვნები შეახსენა.

 

შესაბამისად, „მთავარი არხი“ აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ფლობდა, თუმცა 6 და 7 ნოემბერს, გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ და პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოს“ დაკვეთით, ფასიანი პოლიტიკური რეკლამები მაინც განათავსა”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

 

მარეგულირებლის განცხადებით, იმის გამო, რომ “იდენტური დარღვევისთვის კომუნიკაციების კომისიას მაუწყებლის მიმართ თებერვალში უკვე გამოყენებული აქვს ფულადი სანქცია, კანონდარღვევის განმეორებით ჩადენის გამო, „მთავარ არხს“ ჯარიმა წლიური შემოსავლის 1%-ის ოდენობით დაეკისრა”.

 

“მთავარი არხის” იურისტი თამთა მურადაშვილი აღნიშნავს, რომ ტელეკომპანიას კანონი არ დაურღვევია და წინასაარჩევნო პერიოდში მსგავსი რეკლამის ეთერში განთავსების უფლება ჰქონდა.

 

“წინასაარჩევნო პერიოდია და არანაირი დარღვევა არ იყო. თუმცა, სანქციისთვის ვერ მოძებნეს შესაბამისი მუხლი საარჩევნო კოდექსში, რომლითაც უნდა ეხელმძღვანელათ და დაგვასანქცირეს მაუწყებლობის შესახებ კანონით”, – ამბობს ის.

 

მურადაშვილის თქმით, “რომც ყოფილიყო დარღვევა”, კომისიას შეეძლო, ჯარიმის მინიმალური ოდენობა გამოეყენებინა, თუმცა ეს არ გააკეთა და ჯარიმის მაქსიმალური ოდენობის გადახდა დააკისრა ტელეარხს.

 

“ეს არის ცალსახა პოლიტიკური გადაწყვეტილება”,  – დასძენს ის და ჯარიმას უკავშირებს არხის კრიტიკულ სარედაქციო პოლიტიკას.

 

“მთავარი არხი” გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს.

 

 

 

წყარო :  /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 64


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები