პოლიტიკა

სომხური პრესა საქართველოში აშშ-ისა და ნატოს სამხედრო ბაზების განლაგების ალბათობის შესახებ

15.09.16 21:15


სომხურ გამოცემა «Lragir»-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში საუბარია სამხრეთ კავკასიაში დასავლეთის (აშშ-ის, ნატოს) სამხედრო ბაზის შესაძლო განლაგების თაობაზე. მასში სომხური ინტერპრეტაციითაა გადმოცემული სამხრეთ კავკასიის ქვეყნების, კერძოდ, საქართველოსა და აზერბაიჯანის მიერ „პროვოცირებული სიტუაცია“ 1999 წელს, რომლის თანახმად, ბაქოს ახლოს, ამერიკის სამხედრო ბაზის დისლოკაცია უნდა მომხდარიყო (ავტორი - იგორ მურადიანი, პროფესორი).

„ამერიკული სამხედრო ბაზის განლაგების პროექტი მხოლოდ ასე შეიძლება აიხსნას: ეს იყო გლობალური გეოპოლიტიკური დაზვერვა - რეგიონში სამხედრო ჩანერგვის ხელოვნურად განსახორციელებლად. ამერიკელებს საშუალება მიეცემოდათ ინფორმაცია შეეკრიბათ პრაქტიკულად მთელი რეგიონის ქვეყნების შესახებ: რუსეთზე, საქართველოზე, აზერბაიჯანზე, სომხეთზე, ირანზე და თურქეთზე.

საქართველომ და აზერბაიჯანმა სამხედრო ბაზასთან დაკავშირებული ინფორმაციის გაპიარება დაიწყეს და არსებითად, ყველა პოლიტიკური ზრახვა და რეზერვი გამოამზეურეს. საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები - ედუარდ შევარდნაძე და ჰეიდარ ალიევი ამ პროექტს უკავშირებდნენ არა მხოლოდ თავიანთი სახელმწიფოების პრობლემების გადაჭრას (ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას), არამედ საკუთარი პოლიტიკური მდგომარეობის განმტკიცებასაც. საყურადღებოა, რომ საუდის არაბეთიდან აშშ-ის სამხედრო ბაზის გადატანა ბაქოს ახლოს, სუმგაითთან მდებარე საბჭოთა ავიაციის „ნასოსნაიას“ ყოფილ სამხედრო-საჰაერო ბაზაზე აზერბაიჯანს შეერთებული შტატების ყველაზე ძლიერ მოკავშირედ გადააქცევდა არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიაში, არამედ უფრო ვრცელ რეგიონში.

ბუნებრივია, ამ გარემოებამ საქართველოს შეშფოთება გამოიწვია: თბილისს პრეტენზიები ჰქონდა, რომ სწორედ ის უნდა ყოფილიყო ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი და საკვანძო მოკავშირე. საბოლოო ჯამში კი სამხედრო ბაზა არც საქართველოში არ განლაგდა და არც აზერბაიჯანში. თბილის-ბაქოსათვის საკითხის უშედეგოდ დასრულებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა თურქეთმა, რომლის ტერიტორიაზეც ამერიკული ბაზა მდებარეობს. იმ დროს ანკარა-ვაშინგტონის ურთიერთობა სავსებით ნორმალური და მეგობრული იყო“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.

როგორია დღეს დასავლეთის, კერძოდ, აშშ-ის სამხედრო ბაზის განლაგების პერსპექტივა სამხრეთ კავკასიაში?

ავტორი ასეთ დასკვნამდე მიდის:

ა) საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიებზე დასავლეთის სამხედრო კონტინგენტის განლაგების საკითხში ამჟამად აშშ-ისა და ნატოს სხვა წამყვან წევრებს შორის პრინციპული განსხვავება არსებობს;

ბ) ნატოს ევროპული წევრ-ქვეყნებს ერთობ თავშეკავებული დამოკიდებულება აქვთ საქართველო-აზერბაიჯანთან სამხედრო კონტაქტების საკითხისადმი და რეგიონში თავიანთი ჯარების ყოფნას სრულიად გამორიცხავენ;

გ) ევროპული სახელმწიფოები ყურადღებას აქცევენ რუსეთის ინტერესებს და მოსკოვის ნეგატიურ დამოკიდებულებას სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ნატოში ინტეგრირების საკითხთან დაკავშირებით, შესაბამისად, არანაირი საფუძველი არა გვაქვს ვამტკიცოთ ის, რომ ალიანსის ევროპული წევრები რეგიონში თავიანთი ჯარების განთავსებაზე დათანხმდებიან;

დ) მართალია, სომხეთი აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და თურქეთის სპეცსამსახურების აქტიური გეოპოლიტიკური ბრძოლის არენად გადაიქცა, მაგრამ სომხეთზე დასავლეთის მხრიდან რაიმე მასშტაბური ზეწოლა არ იქნება;

ე) გარკვეული პოლიტიკური ფაქტორების გამო, საქართველო გააგრძელებს თავის ორიენტაციას არამარტო ამერიკაზე, არამედ ევროპაზეც. რაც შეეხება აზერბაიჯანს, ამ ქვეყანას სერიოზული მნიშვნელობა მხოლოდ აშშ-ისა და თურქეთისთვის აქვს.


წყარო : /www.newspress.ge/

წაკითხულია : 559


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები