პოლიტიკა

დიმიტრი ქუმსიშვილი - სტარტაპების პროექტების დახვეწის მიზნით თითოეული გუნდისთვის სახელმწიფო 25 000 ლარს გამოყოფს

16.09.16 17:35


სტარტაპების პროექტების დახვეწის მიზნით, მენტორშიფის პროგრამის ფარგლებში, თითოეული გუნდისთვის სახელმწიფო 25 000 ლარს გამოყოფს, - ამის შესახებ პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ტექნოპარკში განაცხადა, სადაც პროგრამის ”სტარტაპ საქართველოს” მენტორშიფის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც ”სილიკონ ველის” უცხოელი ექსპერტების მიერ ცოდნის გაზიარებას და პროექტების დახვეწას ითვალისწინებს და მისი ღირებულება თითოეული გუნდისთვის 25 000 ლარს შეადგენს.

როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, აღნიშნული თანხას გუნდებს სახელმწიფო გამოუყოფს.

”სულ რამდენიმე ხნის წინ ჩვენ გამოვავლინეთ პირველი გამარჯვებულები. ეს იყო 20 გუნდი ინოვაციური იდეებით, რომელიც გამოავლინა ”სილიკონ ველიდან” მოწვეულმა ექსპერტთა ჯგუფმა. ეს არის კომპანიები, რომლებსაც აქვთ ყველანაირი პოტენციალი იმისა, რომ ისინი თავიანთი იდეებით გლობალურ ბაზარზე გავიდნენ. პირველი გამარჯვების შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს მათი კომპლექსური მხარდაჭერა იმისთვის, რომ იდეებმა საბოლოოდ შეისხან ხორცი. ჩვენ გადავდივართ მეორე ეტაპზე, რომელიც არის კომპლექსური მხარდაჭერა - მენტორშიფი, რაც თავისთავში გულისხმობს 25 000 ლარიან დაფინანსებას თითოეული გამარჯვებული გუნდის, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ ეყოლებათ პარტნიორი, რომელიც წარმოდგენილი იქნება როგორც დამოუკიდებელი პარტნიორი პარტნიორთა საბჭოებზე და მათთან ერთად მიიღებს სტრატეგიულ გადაწყვეტილებას. ამავე დროს, ექსპერტები ”სილიკონის ველიდან” ძირითადად მიეხმარებიან იმისთვის, რომ ხორცშესხმული იყოს პირველი პროტოტიპები მათი იდეებისა თუ პროდუქტების. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ფინანსური მოდელების საბოლოო დახვეწა, მარკეტინგის და ბრენდინგის, სამიზნე აუდიტორიის ჩამოყალიბება და საბოლოდ უკვე გლობალურ ინვესტორებთან გასვლა. დღეს გვქონდა ძალიან კარგი შეხვედრა გამარჯვებულ გუნდებთან”, - განაცხადა ქუმისიშვილმა.

მისივე თქმით, მენტორშიფის დასრულების შემდეგ ყველა ის სტარტაპი, რომელიც მზად იქნება შემდეგი სტადია დაფინანსების მისაღებად, სახელმწიფო უზრუნველყოფს მათ გამგზავრებას ”სილოკინ ველში, სადაც ინტენსიური 2 კვირიანი ტრეინინგი ჩაუტარდებათ და შემდეგ ინვესტორთა ფართო წრის წინაშე წარსდგებიან.

თავის მხრივ, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ქაშიბაძემ აღნიშნა, რომ პროგრამაში ”სილიკონის ველიდან” 30-ზე მეტი მენტორი მიიღებს მონაწილეობას ისინი სტარტაპების კონსულტაციას დარგების მიხედვით განახორციელებენ.

”ეს არის აუცილებელი ელემენტი, რათა ჩვენ სტარტაპები ავიყვანოთ იმ სტანდარტებამდე, რაც მათთვის წარმატების მოპოვების საფუძველი იქნება”, -აღნიშნა ქაშიბაძემ.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 595


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები