პოლიტიკა

საგარეო უწყებაში სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უწყებრივი ჯილდოს გადაცემის ცერემონია გაიმართა

31.12.20 10:30


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სულხან-საბა ორბელიანის სახელობის დიპლომატიური ჯილდოს გადაცემის საზეიმო ცერემონია გაიმართა.


აღსანიშნავია, რომ უწყებრივი ჯილდო საგარეო საქმეთა სამინისტროს არსებობის ისტორიაში პირველად იქნა დაწესებული.

 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა პირველი ჯილდო გადასცა ავსტრიის რესპუბლიკაში და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქალაქ ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს ყოფილ ელჩს, ცნობილ დიპლომატს, კონსტანტინე ზალდასტანიშვილს, რომელსაც წელს 60 წელი შეუსრულდებოდა.

 

უწყებრივი ჯილდო ასევე გადაეცა ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს, ირაკლი გივიაშვილს, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს თავმჯდომარეობის (27.11.19-15.05.2020) მომზადებისა და წარმართვის პროცესში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, ღონისძიების წარმატებულად განხორციელებისთვის და ორგანიზაციაში საქართველოს ინტერესების გატარებისთვის.

 

ამასთან, უწყებრივი ჯილდო გადაეცა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს კახა იმნაძეს, გაეროში საქართველოს წარმოჩენისა და ორგანიზაციის მნიშვნელოვან პროცესებში მისი ლიდერობის უზრუნველყოფისთვის, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხის მაღალ დონეზე აქტუალიზაციისთვის, რეზოლუციის - "აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/ სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ", მხარდამჭერებისა და თანასპონსორების რაოდენობის ზრდისთვის;

საერთაშორისო ორგანიზაციების არჩევით სტრუქტურებში საქართველოს წარმომადგენლობების გაზრდისთვის.

 

ღონისძიების ფარგლებში, დავით ზალკალიანმა ონლაინ რეჟიმში ასევე მიმართა საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს და მადლობა გადაუხადა მათ 2020 წელს გაწეული საქმიანობისთვის, რომელიც მინისტრის შეფასებით საგარეო პოლიტიკის ბევრი მიმართულებით წარმატებული და ეფექტიანი გამოდგა.

 

მინისტრმა უსურვა მათ 2021 წელს შემდგომი პროფესიული წარმატება და ასევე ყველა იმ გამოწვევის დაძლევა, რომლის წინაშეც საქართველო მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან ერთად გლობალური პანდემიიდან გამომდინარე იმყოფება.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 298


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები