პოლიტიკა

ნინო ბურჯანაძე - ყველაფერი, რაც ივანიშვილმა გააკეთა, გამოიყენა პოლიტიკური აქტიურობისთვის, ამიტომ მე არ მჯერა მისი ქველმოქმედების - ეს უფრო ჰგავს ქონების დაცვას

12.01.21 15:40


ყველაფერი, რაც ივანიშვილმა გააკეთა, მან გამოიყენა თავისი პოლიტიკური აქტიურობისთვის, ამიტომ მე არც ახლა არ მჯერა მისი ქველმოქმედების, - ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა.

 

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, რომ ქონების ნაწილი ფონდ „ქართუს“ გადაეცეს, ამ ქონების დაცვას ჰგავს, რომ პოლიტიკური კრიზისების პერიოდში რაიმე არ დაემუქროს.

 

„იყო დრო, როცა ძალიან ვაფასებდი ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებას, ნამდვილად მეგონა, რომ ის რასაც აკეთებდა, საქართველოსთვის აკეთებდა უანგაროდ და გულწრფელად, მაგრამ შემდეგ, როდესაც ღრმად ჩავიხედე მის მიერ განხორციელებულ ქველმოქმედებაში ძალიან ნათლად დავინახე ის, რომ ეს იყო აბსოლუტურად მიზანმიმართული პოლიტიკური აქტივობისთვის მოსამზადებელი აქტი და ეს არ იყო რეალური ქველმოქმედება. მე ძალიან მიკვირდა, როდესაც მესმოდა მისი ქველმოქმედების შესახებ თავის დროზე და ვკითხულობდი რატომ არავინ ეუბნება ბიძინა ივანიშვილს, რომ მაგალითად, შეისყიდოს ქართველი მოსახლეობისთვის სახლები იგივე წალკის რაიონში, სადაც მუდმივად პრობლემები ჰქონდათ მიგრანტებს, შეისყიდოს სხვა რეგიონებში, მაგრამ ეს არ ხორციელდებოდა.

ქველმოქმედება ძირითადად იმისათვის ხორციელდებოდა, რომ ინტელიგენციის გარკვეულ ნაწილს შემდეგ მისი პოლიტიკური აქტიურობისთვის მხარი დაეჭირა და რეალურად ასეც მოხდა. ყველაფერი რაც ივანიშვილმა გააკეთა მან გამოიყენა თავისი პოლიტიკური აქტიურობისთვის, ამიტომ მე არც ახლა არ მჯერა მისი ქველმოქმედების, მითუმეტეს, როდესაც გაკეთდა ეკონომისტების მხრიდან საკმაოდ საინტერესო შეფასებები. ეს უფრო ჰგავს ერთის მხრივ ქონების დაცვას, რომ პოლიტიკური კრიზისების პერიოდში რაიმე არ დაემუქროს მის ქონებას და მეორეს მხრივ, გარკვეულწილად იმ ქონების თავიდან აცილებას, რომელთაც შეიძლება გადასახადები დაეკისროს და ამჯერად მომგებიანი არ არის, ამიტომ მე არ მჯერა მისი ქველმოქმედების”, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 

ცნობისთვის, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ყოფილმა თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ ბალანსზე ჯამში 26 ობიექტი გადააფორმა, 2 ობიექტი კი გადაფორმების პროცესშია.

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები