პოლიტიკა

შვეიცარიის პრეზიდენტი გიორგი გახარიას თანამდებობაზე ხელახალ დანიშვნას ულოცავს

13.01.21 16:20


შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტი გი პარმელენი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თანამდებობაზე ხელახალ დანიშვნას ულოცავს.

 

როგორც შვეიცარიის პრეზიდენტი პრემიერისადმი მისალოც წერილში აღნიშნავს, საქართველოს და შვეიცარიას მჭიდრო ურთიერთობები აკავშირებთ და შვეიცარიისთვის პატივია საქართველოს ინტერესებს წარმოადგენდეს რუსეთის ფედერაციაში და წვლილი შეჰქონდეს საქართველოს განვითარებაში.

 

„გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახალ დანიშვნას. ულევ წარმატებას გისურვებთ დაკისრებული მოვალეობების შესრულებაში, რაც უმნიშვნელოვანესია თქვენს ქვეყანაში დემოკრატიის, პლურალიზმისა და სამართლის უზენაესობის შენარჩუნებისთვის, ისევე როგორც მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის. მინდა ასევე გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და ახალი წელი მოგილოცოთ. ყველა ჩვენგანზე დრამატული გავლენის მქონე ახალი კორონავირუსის პანდემიისგან შვების მომტანი ყოფილიყოს! საქართველო და შვეიცარია ძალიან მჭიდრო ურთიერთობებით არიან დაკავშირებულნი. ჩემი ქვეყნისთვის პატივია საქართველოს ინტერესებს წარმოადგენდეს რუსეთის ფედერაციაში და წვლილი შეჰქონდეს თქვენი ქვეყნის განვითარებაში იმ ფართომასშტაბიანი თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში, რომელიც სოფლის მეურნეობისა და დემოკრატიული მმართველობის სფეროებში ხორციელდება.

შვეიცარიას გააზრებულად აქვს ნაკისრი ვალდებულება თქვენს მთავრობასთან ერთობლივი ძალისხმევით რეგიონში მშვიდობისა და დიალოგის ხელშეწყობაზე.

მოდით კიდევ უფრო მეტი კაპიტალდაბანდება მოვახდინოთ ჩვენს მეგობრობაში და ჩვენი ურთიერთობები მეტად კონსოლიდირებული და ღრმა გავხადოთ. ძვირფასო პრემიერ-მინისტრო, გთხოვთ მიიღოთ ჩემი თქვენდამი უდიდესი პატივისცემის რწმუნება“, – აღნიშნულია შვეიცარიის პრეზიდენტის წერილში.

 

ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები