პოლიტიკა

“მოქალაქეები” და “გირჩი” საარჩევნო და სხვა საკითხებზე ერთმანეთს შეხვდნენ

15.01.21 10:15


პარტია “მოქალაქეებისა” და “გირჩის” წარმომადგენლები მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით ერთმანეთს შეხვდნენ. შეხვედრა “გირჩის” ოფისში გაიმართა. მხარეებმა, ერთი მხრივ, ოპოზიციის მოთხოვნებზე, მეორე მხრივ კი – ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების გაგრძელების პერსპექტივაზე იმსჯელეს.

 

“[მოლაპარაკებების მიზანია], გამოვიდეთ პოლიტიკური კრიზისიდან, რომელშიც ვიმყოფებით არჩევნების შემდეგ. ჩვენ, როგორც ხალხის მიერ არჩეულ ადამიანებს, გვევალება, რამე გავაკეთოთ ქვეყნის ამ კრიზისიდან გამოსაყვანად.შესაბამისად, ჩვენ ველაპარაკებით ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს, ვინც არის საქართველოს პარლამენტში”, – უთხრა “რუსთავი2”-ს იაგო ხვიჩიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

 

მისი თქმით, ინდივიდუალური საუბრის ფორმატი უფრო “მშვიდია” და მეტად არის შესაძლებელი აზრთა გაცვლა. “გირჩს” სურს, პოზიციები შეაჯეროს და მოისმინოს არგუმენტირებული საწინააღმდეგო მოსაზრებები ოპოზიციონერი კოლეგებისგან.

 

“გირჩის” წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი მივიდნენ. ელისაშვილმა მედიასთან საუბრისას არ გამორიცხა, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მეხუთე რაუნდი “საერთოდ ჩაიშალოს”.

 

“თუ ჩაიშლება, ჩვენ მზად ვართ ინდივიდუალურადაც, თუმცა სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად უკეთესი იქნებოდა, ელჩების თანდასწრებით შევხვდეთ “ქართულ ოცნებას” და ხელი მოვაწეროთ იმ შეთანხმებას, რომელიც მიგვაჩნია ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესად”, – დასძინა მან და შეთანხმების წინაპირობებთან დაკავშირებით დაამატა:

 

“ეს არის პოლიტპატიმრების საკითხი, ეს არის საარჩევნო სისტემის ფუნდამენტური ცვლილება და საარჩევნო კანონმდებლობის ძირეული ცვლილება, ელექტრონულ არჩევნებზე გადასვლა.

 

ასევე, ძალიან კარგი იდეაა, თუ თვითმმართველობის არჩევნებზე “ქართულ ოცნებაზე” ჯამურად მეტს აიღებს ოპოზიცია, მაშინ ეს ავტომატურად იყოს 2022 წლისთვის რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა”.

 

ელისაშვილის თქმით, მისმა მხარდამჭერებმა ხმა მისცეს პარტია “მოქალაქეებს” და “არც სააკაშვილთან, არც ივანიშვილთან და არც, მით უმეტეს, გიგა ბოკერიასთან”, არაფრის შეთანხმებას აპირებენ.

 

იაგო ხვიჩიამ, რომელიც მედიას შეხვედრის დაწყებამდეც ესაუბრა,  თქვა, რომ “გირჩის” მოთხოვნათა შორის პირველი პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა, მეორე – საარჩევნო კოდექსის ცვლილება, შემდგომ – პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ბარიერით, ბოლოს კი – ხელახალი არჩევნების საკითხი, რომელიც “დანარჩენ ოპოზიციას აინტერესებს”.

 

“ჩვენ გვინდა, რომ ყველა ოპოზიციურ პარტიასთან გავიაროთ ის, რომ გვქონდეს ერთიანი მოთხოვნა და თან ეს ისეთი იყოს, რომ ხელისუფლებას არ ჰქონდეს არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ვართ დესტრუქციული ხალხი, ჩვენ არ გვინდა შეთანხმება და ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენ ვთავაზობთ ასეთ გზას, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარება ვაქციოთ ერთგვარ პლებისციტად”, – განაცხადა მან.

 


31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ოპოზიცია უნდობლობას უცხადებს და ბოიკოტის რეჟიმში იმყოფება.

 

პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად, ოპოზიციის ლიდერების დიდმა ნაწილმა ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლითაც პარტიებმა დაადასტურეს, რომ არ ენდობიან არჩევნების ოფიციალურ შედეგს და არ აპირებენ მიღებული მანდატებით სარგებლობას.

 

ამ დროისთვის მეათე მოწვევის პარლამენტში “ქართულ ოცნებასთან” ერთად “პატრიოტთა ალიანსის” სიით შესული 4 დეპუტატია, რომლებმაც აღნიშნული პარტია დატოვეს და ახალი გაერთიანების – “ევროპელი სოციალისტების” შექმნის შესახებ განაცხადეს.

 

 

 

წყარო :  /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 352


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები