პოლიტიკა

გიგი წერეთელი - ოპოზიცია თუ დაყოფილია და ვერ აღწევს მიზანს, დაზარალდება, ერთიანობით ხელისუფლება იძულებული ხდება, გარკვეულ დათმობაზე წავიდეს

18.01.21 11:45


თუ ოპოზიცია დაყოფილია და ვერ აღწევს თავის მიზანს, რა თქმა უნდა ის დაზარალდება, ამიტომ არის მნიშვნელოვანი ერთიანობა, რადგან ეს ერთიანობა წყვეტს, რომ ხელისუფლება იძულებული ხდება გარკვეულ დათმობაზე წავიდეს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი წერეთელმა განაცხადა.

 

„ორი პოლიტიკური ჯგუფია, რომელიც ამბობს, რომ ორ მოთხოვნას ეთანხმებიან და მესამე არ არის მნიშვნელოვანი, ახალი არჩევნები არის მთავარი, რამაც ნდობა უნდა გამოიწვიოს და ახალ პროცესს დაუდოს საფუძველი.

თუ ოპოზიცია დაყოფილია და ვერ აღწევს თავის მიზანს, რა თქმა უნდა ის დაზარალდება, ამიტომ არის მნიშვნელოვანი ერთიანობა, რადგან ეს ერთიანობა წყვეტს, რომ ხელისუფლება იძულებული ხდება გარკვეულ დათმობაზე წავიდეს.

ოპოზიციის მიზანია, დავამთავროთ ქვეყანაში ის, რაც თუნდაც ბოლო ან წინა არჩევნებზე ხდებოდა და გვქონდეს ნორმალური დემოკრტიული პროცესი, კარგი არჩევნების სახით. მათ აქვთ ალბათ თავისი გეგმა, ცდილობენ თავისას, რაც შეიძლება მეტ ადამინს შეუქმნან მოსაზრება ოპოზიციაში, რომ უმჯობესია ამ ვითარებაში პარლამენტში ყოფნა, მაგრამ ეს არის ზუსტად ის, რასაც დღეს ხელისუფლება ამბობს, ამიტომ აქ ზღვარის გავლება, შენ ოპოზიციაში ხარ უკვე თუ ხელისუფლებასთან, როცა იგივეს ლაპარაკობ, რასაც ხელისუფლება ლაპარაკობს, მაშინ ალბათ ოპოზიციონერობაზე პრეტენზია არ უნდა გქონდეს“, – განაცხადა წერეთელმა.

 

რაც შეეხება უმრავლესობის წევრების განცხადებას პარლამენტში ოპოზიციის შესვლასთან დაკავშირებით, გიგი წერეთელი აცხადებს, რომ არ იცის, რა აძლევს აღნიშნულის თქმის საფუძველს „ქართული ოცნების“ წევრებს.

 

„ვერ გეტყვით რა აძლევს ამ შემთხვევაში თალაკვაძეს ან „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერებს განცხადების საფუძველს, რომ ოპოზიცია  მრავლად იქნება წარმოდგენილი პარლამენტში. აქვე უნდა ითქვას, რომ არავის ოცნება არ იყო, რომ პარლამენტში არ ყოფილიყო, მაგრამ შექმნილ ვითარებაში ასეთია მოცემულობა. თუ ვინმე ცალკე თითო-ოროლა შევა, როგორც ახლა ხდება, ეს რა თქმა უნდა არ შექმნის საერთო სურათს და ეს იქნება უბრალოდ ფასლიფიკაცია იმისა, რომ პარლამენტში არის მრავალპარტიულობა. ამიტომ, რა არის კონკრეტული საფუძველი ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ალბათ ეს არის რაღაც თვითდაჯერებულობის გარკვეული გზავნილი, რომ აი, ჩვენ ამას მაინც შევძლებთ, თუ მართლა არის ასე , ე.ი.რაღაც კომპრომისები აქვს ხელისუფლებას გადაწყვეტილი და ეს კარგი პერსპექტივაა. ჯანსაღი ოპოზიციის კრიტერიუმები რა არის, არ ვიცი. ვინმეს ჯანმრთელობის მდგომარეობა შეამოწმეს და ამით საუბრობენ თუ სხვა რამით, მაგრამ პოლიტიკურ ნაწილში, ვფიქრობ ან ყველა ჯანსაღია ან ყველა არაჯანსაღი.

დაახლოებით, ასე გამოდის, რადგან თუ კრიტერიუმად ავიღებთ პარლამენტში არშესვლას, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ არავის მოსწონს პარლამენტში რომ არ არის, მით უმეტეს ადამიანები, ვინც მანდატი მიიღო, მაგრამ ვინ შექმნა ის ვითარება, რომ ოპოზიციური პარტიები აცხადებენ მანდატებზე უარს? ჩვეულებრივი ამბავია მტრის ხატის შექმნა და ოპოზიციაში განხეთქილების სურვილი. ცდილობენ, რომ ვიღაც უკეთესად დახატონ და ვიღაც ცუდად. ვფიქრობ პიარული გზავნილებია, შესაბამისად ეს არ არის შედეგის მომტანი. შედეგის მომტანი იქნება გონივრული ნაბიჯების გადადგმა და მოლაპარაკებები მთავარ თემებზე, რაც ოპოზიციას აქვს წამოყენებული“, – განაცხადა წერეთელმა.

 

მისივე თქმით, „ის პარტიები,რომლებიც არ შედიან პარლამენტში და უარს ამბობენ მანდატებზე, საპარლამენტო დაფინანსებას არ მიიღებენ“.

 

„რაც შეეხება ზოგადად პოლიტიკური პარტიების დაფინანსებას, ეს არის ჩვენი კანონმდებლობით მნიშვნელოვანი ნაწილი საზოგადოებრივ პოლიტიკური ცხოვრების, პარტია დემოკრატიის განვითარებისთვის აუცილებელი ინსტრუმენტია და შესაბამისად, ეს იყო ის რაციონალური გადაწყვეტილება, რომელიც თავის დროზე იქნება მიღებული პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით, თუ ხელისუფლება რამე გადაწყვეტილებას მიიღებს ამაზე, მაგას ვნახავთ ყველა“, – აღნიშნა წერეთელმა.

 

ამასთან, გიგი წერეთლის განცხადებით, საარჩევნო რეფორმა არის ერთ-ერთი ის მთავარი მოთხოვნა, რომელიც ოპოზიციას აქვს.

 

„ძალიან ბევრი პრინციპი და სახელმძღვანელოა ეუთო-ს და სხვა ორგანიზაციების, თუ როგორ უნდა მოხდეს ეს რეფორმა და შესაბამისად, თუ ხელისუფლებას მართლა სურს გადაწყვეტილებები მიიღოს ოპოზიციასთან ერთად, საზოგადოების იმ ნაწილთან ერთად ვისი წარმომადგენელიც არის ოპოზიცია, სწორედ ამიტომ უნდა გააკეთოს კომპრომისი და ამიტომ არის მის ხელში ამ გადაწყვეტილების სადავეები“, – განაცხადა წერეთელმა.

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები