პოლიტიკა

განსხვავებული, ემოციური ადამიანია და თავისებურ სიგიჟეში აღმოჩნდა – მელია ელისაშვილზე

21.01.21 11:00


ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ალეკო ელისაშვილზე საუბრისას განაცხადა, რომ ის განსხვავებული, ემოციური ადამიანია და “აღმოჩნდა თავისებურ სიგიჟეში, სადაც უკვე ნორმალური ნაბიჯები აღარ გადაიდგმებოდა”. ამის შესახებ მელიამ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში ისაუბრა.

 

ჟურნალისტის კითხვაზე, ხედავს თუ არა მელია “ქართული ოცნების” კვალს ალეკო ელისაშვილის მოქმედებებში, რადგან “ბევრმა ოპოზიციურმა ლიდერმა ეს დაინახა”, მელიამ უპასუხა, რომ ოპოზიციას აქვს მსგავსად ფიქრის საფუძველი, თუმცა ამის დაჯერება არ სურს:

 

“აქვს ამას საფუძველი და არ მოსჩვენებიათ იმიტომ, რომ ემთხვევა ბევრი რაღაც.

მაგრამ არ მინდა დავიჯერო იმიტომ, რომ ძალიან განსხვავებული ადამიანია, ემოციური ადამიანია და, მე ვფიქრობ, აღმოჩნდა თავისებურ სიგიჟეში, სადაც უკვე ნორმალური ნაბიჯები აღარ გადაიდგმებოდა. ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ შევინარჩუნოთ მაქსიმალური სიმშვიდე და შევინარჩუნოთ რეალური ერთობა”, – განაცხადა მელიამ.

 

თუმცა მელიამ აღნიშნა, რომ ალეკო ელისაშვილთან შეხვედრას აღარ აპირებს, რადგან ელისაშვილს გაცხადებული პოზიცია აქვს პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით.

 

ის ასევე გამოეხმაურა ალეკო ელისაშვილისა და მამუკა ხაზარაძის დაპირისპირებას, რომელიც 19 იანვარს ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში მოხდა, და აღნიშნა, რომ მომხდარს გამართლება არ აქვს, თუმცა სიტუაციის გამწვავება არ სურს:

 

“სადაც არის სურვილი, გამოსავალი ყოველთვის მოიძებნება. გუშინდელ [19 იანვრის] ფაქტს გამართლება არ აქვს, მაგრამ მამუკა ხაზარაძის მიმართ დიდი პატივისცემით… მან “მთავარი არხის” ეთერში თქვა, რამდენიმე პოლიტიკოსმა ტონი შეარბილა ალეკო ელისაშვილის მიმართო, მე მიგულისხმა… შევარბილე კი არა, არ ვამწვავებ, თორემ გინახივართ სტუდიებში თავდაყირა და ქუჩებში.

 

ჩემი აზრით ვალდებულებაა, რომ ბოლომდე ვეცადოთ, ეს არ ნიშნავს, რომ მამუკა ხაზარაძეს არ ვამართლებ და არ ვამტყუნებ ალეკო ელისაშვილს. ადამიანს არ ვიცნობ, ვინც მოიწონა გუშინ [19 იანვარს] იქ რაც მოხდა. მაგრამ ვალდებული ვარ შევარბილო, ვალდებული ვარ, რომ ვეცადო”, – განმარტა მელიამ.

 

პოლიტიკური პარტიების, “ლელოს” და “მოქალაქეების” ლიდერები ერთმანეთს გუშინ, 19 იანვარს გადაცემა “ღამის კურიერის” ეთერში დაუპირსპირდნენ.

დაპირისპირებას კი წინ უძღოდა ჟურნალისტის შეკითხვა ალეკო ელისაშვილის მიერ გაკეთებულ კომენტართან დაკავშირებით, რომლის თანახამადაც, ხაზარაძემ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთ შეხვედრაზე ოპოზიციის გეგმების შესახებ განაცხადა, რომ “ომია ძმაო და რაღაც იქნება”. როგორც გადაცემის კადრებში ჩანს, სწორედ ამ კითხვის დასმის პროცესში შემოდის ალეკო ელისაშვილიც სტუდიაში.

 

ხაზარაძემ ელისაშვილის ამ განცხადებას ტყუილი უწოდა და თქვა, რომ “სამწუხარო ფაქტია, როდესაც დახურული შეხვედრიდან ინფორმაცია გადის დამახინჯებულად”.

ხაზარაძის ამ განცხადებას უპასუხა ალეკო ელისაშვილმაც. მისი თქმით, ხაზარაძემ ეს ნამდვილად თქვა და ხალხმა უნდა იცოდეს, რაზე ლაპარაკობდა ოპოზიცია დახურულ შეხვედრებზე.

 

ამის შემდეგ ხაზარაძემ ელისაშვილს მატყუარა უწოდა, ელისაშვილმა – “ხალხის მყვლეფავი”.

 

 

 

წყარო :  /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები