პოლიტიკა

ლესია ვასილენკო - რუსეთმა დაარღვია ადამიანის უფლებები დნესტრისპირეთსა და საქართველოში, თუმცა არაფერი გაკეთებულა, გვაქვს ვალდებულება, დამრღვევების წინააღმდეგ განხორციელდეს სანქციები

26.01.21 16:00


უნდა შევხედოთ სტატისტიკას, რომელ ქვეყნებს ეკისრებათ ყველაზე მეტად ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე პასუხისმგებლობა; წლიდან წლამდე რუსეთის ფედერაცია ამ სიის სათავეშია, მის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასმართლოში წარდგენილი საჩივრებისა და გამოტანილი გადაწყვეტილებების მიხედვით, – განაცხადა უკრაინელმა დეპუტატმა, ლესია ვასილენკომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

 

„ნიშნავს თუ არა ეს, რომ ეს გადაწყვეტილებები სრულდება? არა, პირიქით. გასულ წელს რუსეთის ხელისუფლებამ მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლითაც გააუქმა საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებების შესრულების ვალდებულება. ეს არის საშიში პრეცედენტი და კიდევ უფრო საშიში გზავნილი, რომელსაც ეს სახელმწიფო უგზავნის დანარჩენ ევროპას. გზავნილი, რომ ადამიანის უფლებების დარღვევები, შეთანხმებების უგულებელყოფა და პრინციპების უპატივცემულობა დაშვებულია.

 

ის, რაც ყველაზე საშიშია, არის ამ ასამბლეის მხრიდან რეაგირების არარსებობა, რაც ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების მოსახლეობას უგზავნის კიდევ ერთ გზავნილს, დამრღვევებს შეუძლიათ, თავისუფლად დაარღვიონ, ანგარიშვალდებულება არ არის სავალდებულო. შედეგი სახეზეა – დამრღვევის მხრიდან დარღვევების გაგრძელება“, – აცხადებს ვასილენკო.

 

დეპუტატი ამბობს, რომ ამის მაგალითი უამრავია და მათი ხილვა ყველას შეუძლია.

 

„დღეს ჩვენ ვუყურებთ საქმეს ნავალნი რუსეთის წინააღმდეგ, რომელთან დაკავშირებითაც დადგენილება უგულებელყოფილი, რასაც შედეგად მოჰყვა არაერთი ადამიანის დაკავება და დაპატიმრება. ისევე, როგორც რუსეთმა უგულებელყო სასამართლოს გადაწყვეტილება საკუთარ მოქალაქეებთან დაკავშირებით, ის უგულებელყოფს სახელმწიფოთაშორისო დავებზე გადაწყვეტილებებს.

 

ამის მაგალითებიც არსებობს – რუსეთმა დაარღვია ადამიანის უფლებები დნესტრისპირეთში და საქართველოში, თუმცა არაფერი გაკეთებულა. მე მაინტერესებს, რა ბედი ეწევა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმეზე უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ? ეს არის საქმე, რომლის ფარგლებში რუსეთმა ჩაიდინა ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევები უკრაინის უკანონოდ ანექსირებულ ყირიმს ტერიტორიაზე. დარჩება ეს გადაწყვეტილებაც უპასუხოდ და დარჩება ის ასობით ფურცელს შორის? ჩვენ, როგორც ამ ასამბლეის წევრებს, გვაქვს ვალდებულება ევროპის მოსახლეობას წინაშე, უზრუნველვყოთ, რომ დამრღვევების წინააღმდეგ განხორციელდეს სანქციების მექანიზმი“, – განაცხადა ლესია ვასილენკომ.

 

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის მეორე სამუშაო დღეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების საკითხებზე მსჯელობენ.

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 298


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები