პოლიტიკა

საქართველო “ექვსეულის პლატფორმაში” რუსეთთან ერთად ჩართვაზე უარს აცხადებს

28.01.21 10:45


საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ღვთისიაშვილის თქმით, საქართველო მხარს უჭერს რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სამშვიდობო პლატფორმების ჩამოყალიბებას სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნის (საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი) მონაწილეობით, მაგრამ არა — რუსეთთან ერთად.

 

ასე გამოეხმაურა ხვთისიაშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის კომენტარს იმის შესახებ, რომ რუსეთი მიესალმება ირანის, თურქეთისა და საქართველოს მისწრაფებას, წვლილი შეიტანონ მთიანი ყარაბაღის ეკონომიკის აღდგენაში და ახალი რეალობის გათვალისწინებით რეგიონში ურთიერთობის დამყარების ინიციატივას.

 

“ჩვენ უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ რეგიონში მშვიდობას და სტაბილურობას, რაც სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მდგრადი განვითარების ერთ-ერთ უმთავრეს წინაპირობას წარმოადგენს. შესაბამისად, საქართველო მხარს უჭერს იმ გრძელვადიან მიზნებს, რომლებიც მიზნად ისახავს ჩვენი ქვეყნის და რეგიონის უსაფრთხოების და კეთილდღეობის უზრუნველყოფას. ამ თვალსაზრისით, სამშვიდობო პლატფორმები მეტად მნიშვნელოვანია და ჩვენს რეგიონში მსგავსი პლატფორმების ჩამოყალიბება, პირველ რიგში, უნდა მოხდეს სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნის – საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის დიალოგის და თანამშრომლობის გზით, რაც მნიშვნელოვანი რეგიონული პროექტებისა და თანამშრომლობის განვითარების საწინდარია”, – განაცხადა ხვთისიაშვილმა.

 

მისი თქმით, საქართველო აღნიშნული ინიციატივით გამოვიდა, როცა ადგილი ჰქონდა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეიარაღებული კონფლიქტის ესკალაციას.

 

“ხოლო რაც შეეხება გუშინ გაჟღერებულ ფართო, რეგიონულ სამშვიდობო პლატფორმას, საქართველო ვერანაირად ვერ იქნება ჩართული იმ სამშვიდობო პლატფორმაში, რომელშიც მონაწილეობს საქართველოს ტერიტორიების ოკუპანტი ქვეყანა. ჩვენი პოზიციაა, რომ ნებისმიერი თანამშრომლობის პლატფორმა უნდა ემყარებოდეს მონაწილე სახელმწიფოთა ურთიერთპატივისცემას, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას. შესაბამისად, ვთვლით, რომ ვიდრე არ იქნება გადადგმული დეოკუპაციის კუთხით შესაბამისი ნაბიჯები, მსგავსი ინიციატივა ვერ იქნება პერსპექტიული”, – განაცხადა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.

 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის თქმით, რუსეთი მიესალმება ირანის, თურქეთის, საქართველოსა და რიგი ევროპული ქვეყნების მისწრაფებას, შეუერთდნენ მთიანი ყარაბაღის ეკონომიკის აღდგენას. ამასთან, ლავროვის თქმით, უკვე ისმის ინიციატივები აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოს, რუსეთის ფედერაციის, ირანისა და თურქეთის მონაწილეობით ურთიერთობების განვითარებაზე, ახალი რეალობის გათვალისწინებით.

 

“რეალობის, სადაც არ არის ომი და არის შეთანხმება ბლოკადის მოხსნის შესახებ”, – აღნიშნა ლავროვმა.

 

ეს განცხადება ლავროვმა მოსკოვში, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯავად ზარიფთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა. კავკასიური ტურნეს ფარგლებში ზარიფი საქართველოსას ეწვევა და როგორც თავად განაცხადა, ე.წ. “3+3” ფორმატის შესახებ ისაუბრებს და “შეეცდება, რომ აღნიშნული ფორმატი რეალობად აქციოს, რადგან რეგიონალური თანამშრომლობა რეგიონის ყველა ქვეყნის ინტერესებში შედის, რასაც ეს ფორმატი პასუხობს”. კავკასიური ტურნეს ფარგლებში ზარიფი საქართველოსაც ეწვევა.

 

ექვსეულის პლატფორმის ინიციატივის შესახებ თავდაპირველად თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში ვიზიტისას განაცხადა . იდეას მხარი დაუჭირა ილჰამ ალიევმაც.

 

ერდოღანის ინიციატივით რეგიონალური თანამშრომლობა აერთიანებს სამხრეთ კავკასიის რეგიონის 3 წევრ სახელმწიფოს: საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს, და რეგიონის გარეთ მყოფ, თუმცა მასზე გავლენის მქონე სამ სახელმწიფოს, მათ შორის- ირანის ისლამურ რესპუბლიკას, რუსეთის ფედერაციასა და თურქეთს.

 

 

 

წყარო :  /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 325


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები