პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: მივმართავ ჯანსაღ ოპოზიციურ ძალებს, დაბრუნდნენ ნორმალურ პოლიტიკურ პროცესში

23.02.21 13:40


მივმართავ ჯანსაღ ოპოზიციურ ძალებს, რომ დაბრუნდნენ ნორმალურ პოლიტიკურ პროცესში, საპარლამენტო პროცესში, ისე როგორც ეს საზოგადოებამ 2020 წლის არჩევნებზე გადაწყვიტა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მისი თქმით, რიგგარეშე არჩევნები არ არის და ვერ იქნება მოლაპარაკების საგანი.

 

„არა მხოლოდ ირაკლი ღარიბაშვილმა, არამედ მათ ჩვენც არაერთხელ მკაფიოდ ვუთხარით, რომ რიგგარეშე არჩევნები არ არის და ვერ იქნება მოლაპარაკების საგანი.

ეს თვითონაც ძალიან კარგად იცოდნენ, უბრალოდ, როგორც რამდენიმე ოპოზიციონერმა საჯაროდ თქვა, ოპოზიციის ამ ბანაკში იყვნენ ადამიანები, ვისაც ჰქონდათ პირდაპირი დავალება მიცემული საკუთარი თანაგუნდელების მიმართ, რომ მოლაპარაკება არ უნდა შემდგარიყო და ის უნდა დაბლოკილიყო ნებისმიერ ფასად. სწორედ ამ ადამიანების სცენარმა და გზამ განიცადა სრული ფიასკო. ამიტომ, მივმართავ ჯანსაღ ოპოზიციურ ძალებს, რომ დაბრუნდნენ ნორმალურ პოლიტიკურ პროცესში, საპარლამენტო პროცესში, ისე როგორც ეს საზოგადოებამ 2020 წლის არჩევნებზე გადაწყვიტა“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია დღეს დააკავეს.

 

ნიკა მელიას ედავებიან ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას. საქმე ეხება 2019 წლის 20 ივნისს პარლამენტის შენობასთან განვითარებულ მოვლენებს. მაშინ აქციაზე ნიკა მელიამ იქ შეკრებილ ადამიანებს მიმართა, რომ მათი ადგილი პარლამენტს გარეთ არ იყო და ისინი პარლამენტის შენობაში უნდა ყოფილიყვნენ. ამის შემდეგ სიტუაცია დაიძაბა და იქ შეკრებილები სამართალდამცველებს დაუპირისპირდნენ.

 

2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, ნიკა მელიას აღკვეთის სახით 30000-ლარიანი გირაო შეეფარდა, მაშინ პარლამენტმა მას დეპუტატის იმუნიტეტი პირველად მოუხსნა და სასამართლოს განჩინება აღსრულდა. მან პირველ ჯერზე გადაიხადა 30000 ლარი, თუმცა მას შემდეგ რაც, 2020 წლის 1-ელ ნოემბერს პარლამენტთან აქციაზე ელექტრონული სამაჯური დემონსტრაციულად მოიხსნა, გენერალურმა პროკურატურამ კიდევ ერთხელ მიმართა სასამართლოს, რათა ნიკა მელიას გირაოს სახით 100 000 ლარი შეფარდებოდა, თუმცა სასამართლომ 40 000 ლარი განუსაზღვრა, რომელიც მან არ გადაიხადა.

 

ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა. მეორე დღეს, 18 თებერვალს, გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. ამასთან დაკავშირებით კი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო.

 

22 თებერვალს, მეათე მოწვევის პარლამენტმა ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობას ნდობა გამოუცხადა.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები