ბონდო არველაძე ქართული ეკლესიები საქართველოსა და სომხეთში ნაწილი XVIII თავი I

23.09.16 18:10


ახალციხის სადაო ეკლესიები
ახალციხის საპრეტენზიო ეკლესიების ისტორია მეცნიერული კეთილსინდისიერებით და ობიექტურად აქვს გარკვეული პროფ. თინა იველაშვილს.

მოგვაქვს სრულად:
„სომხეთის გარკვეული სამეცნიერო და სამთავრობო წრეები, სასულიერო იერარქების ლოცვა-კურთხევით, დიდი ხანია ცდილობენ საქართველოში არსებული ე.წ. (მაგრამ არარსებული) „სომხური ეკლესიები“ დაიბრუნონ. ისინი ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა მსოფლიო საზოგადოება დაარწმუნონ, რომ საქართველოს მათი სალოცავები უსამართლოდ აქვს „მიტაცებული“ და მათ დაბრუნებას ითხოვენ. მათ რიცხვშია ქალაქ ახალციხეში არსებული რამდენიმე ეკლესიაც (წმ. სტეფანეს, წმ. ჯვრის, წმ. ოქროპირის და სხვა ეკლესიები). მათი ამგვარი განაცხადი არახალია, ძველია, მაგრამ ჩვენი მხრიდან წაყრუება უკვე დანაშაულია.

წმ. სტეფანეს სახელობის ეკლესია რაბათში ციხის ჩრდილო-აღმოსავლეთით 400-500 მეტრში დგას. ყოფილი ისტორიის, კულტურისა და ბუნების ძეგლთა დაცვისა და გამოყენების მთავარი სამეცნიერო-საწარმოო სამმართველოს მიერ 1980 წელს შედგენილი პასპორტის მიხედვით, იგი დიდი ზომის ერთნავიანი სწორკუთხა გეგმის ნაგებობაა. ინტერიერში კედლები შელესილია და შეღებილი. აბსიდის ორივე მხარეს განლაგებულია პოსტოფორიუმები. შიდა სივრცის განათებისათვის 8 სარკმელია ( ხუთი გრძივ კედლებში, ერთი აბსიდში და თითო-პოსტოფორიუმებში). შესასვლელი ორი მხრიდან- სამხრეთიდან და დასავლეთიდან იყო ( დასავლეთის შესასვლელი ამჟამად დახშულია).

ეკლესიის დასავლეთ კედელს გარედან მიშენებული აქვს სამსართულიანი სამრეკლო. შენობა აგებულია ყორექვით, კირის დუღაბზე და დახურულია თუნუქის საბურავით. ინტერიერში ნალესობა ადგილ-ადგილ ჩამოყრილია, კედლები დამსკდარია. სახურავის დაზიანების გამო, დარბაზში ჩადის წყალი. მოსახლეობის ზეპირი გადმოცემით, შენობა აგებულია ქართული ეკლესიის ადგილზე. სამხრეთის შესასვლელის თავზე არსებული სომხური წარწერა გვაუწყებს აშენების თარიღს- 1897წ.“

მთხრობელთა გადმოცემით, ეს ეკელსია ოდითგანვე ქართული იყო და ამ წელს სომხებმა მიიტაცეს-მიითვისეს. მათ, მართალია, ეკლესია „გადააკეთეს“- ემბაზის ქვას სომხური წარწერა გაუკეთეს და ქვედა ფანჯარაში ჩააშენეს, მაგრამ ტრაპეზი ხელუხლებლად დატოვეს (მართლმადიდებლურ ეკლესიაში ტრაპეზი დაბალი-ერთსაფეხურიანია, სომხურში კი საკმაოდ მაღალი- ოთხ-ხუთ საფეხურიანი მაინც). როგორც ჩანს, მათ საჭიროდ აღარ ჩათვალეს მისი გადაკეთება.

გ. ბოჭორიძის მითითებით, რომელმაც XX საუკუნის 30-იან წლებში იმოგზაურა სამცხე-ჯავახეთში, ეს ეკლესიაც მოინახულა: „აწინდელი სომხური სტეფანეს ეკლესიის ადგილას ძველად ქართველების ეკლესია ყოფილა. სომხური ეკლესია ახალია. იგი გადაკეთებულია 1887 წელს.

მ. თამარაშვილის მითითებით, 1818 წლისათვის „ახალციხეში ერთი კათოლიკური და სამი სხვა ეკლესიაა, რომელიც აღმოსავლეთის მღვდლებს (კათოლიკეები როცა ამბობდნენ აღმოსავლეთის მღვდლებს, მათში ყოველთვის მართლმადიდებელ მღვდელმსახურებს გულისხმობდნენ) უჭირავთ.“ 1844 წელს კი „ახალცხიეში ხუთი ეკლესია ყოფილა. აქედან ერთი „ფრანგების,“ ერთი პატრების, რომელიც მისიონერების არყოფნის გამო აღარ ფუნქციონირებდა, ერთი სომხური და ორიც ქართული.“

წმ. სტეფანეს ეკლესია ადრიდანვე ახალციხელი მემამულეების ფირალიშვილების საკუთარი სალოცავი ყოფილა, სადაც მართლმადიდებელი მრევლი დადიოდა სალოცავად. მოგვიანებით მათ შეემატნენ თურქეთიდან შემოსახლებული მართლმადიდებელი ბერძნებიც. ინფორმატორთა გადმოცემით, ამ ეკლესიაში საბერძნეთიდან მოსული მღვდელმსახურიც წირავდა და ისინი როცა ამბობენ, ჩვენ აქ ეკლესია გვქონდაო, გულისხმობენ სწორედ წმ. სტეფანეს სალოცავს.

ერთ პერიოდში სომხურ ტიპიკონზე მდგარმა ქართველმა კათოლიკე მღვდელმსახურებმა სცადეს ამ ეკლესიის მითვისება, მაგრამ უშედეგოდ. ამაზე მეტყველებს „ახალციხურ ქრონიკებში“ მოტანილი ერთი ცნობა, კერძოდ: „1791 წელს მარიამობის 20-ს, მღვდელ სააკოვის ბარობაზედ, არეულობა იქმნა და ამ საღამოზედ პიოებს (კათოლიკე მღვდლებს) ჩვენებმან წმ. სტეფანეს საყდარი წაართვა,“ ე.ი. კათოლიკეებისაგან ისევ მართლმადიდებლებმა დაიბრუნეს თავიანთი ეკლესია“, აღნიშნავს რ.ანდღულაძე. როგორც ამ ცნობიდან ჩანს, სომხებამდე ამ სალოცავზე თვალი სომხურ ტიპიკონზე მდგარ ქართველ კათოლიკეებსაც ჰქონიათ გადადგმული.

IX საუკუნის 30-იანი წლებიდან, მეფის რუსეთის ხელისუფლების მიზანმიმართული ხელშეწყობითა და ლოცვა-კურთხევით, ახალციხეში შემოცხოვრებულმა სომხებმა (თავდაპირველად შემოვიდნენ, როგორც მიგრანტები და არა მუდმივ მაცხოვრებლები) მოიმაგრეს რა ფეხი, კარგად გაანალიზეს რეგიონში შექმნილი მეტად მძიმე სოციალური, რელიგიური, ეთნიკური და პოლიტიკური მდგომარეობა, ხელსაყრელად ჩათვალეს მუდმივი დამკვიდრება და „ახალი სამშობლოს“ შექმნის მიზნით, ქართულ მიწა-წყალზე სამუდამოდ დასამკვიდრებლად, პირველ რიგში, მათ თვალი ძირძველ ადგილობრივ ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესია-სალოცავებს დაადგეს, დაიწყეს მათი მიტაცება-გადაკეთება. რა თქმა უნდა, შემოცხოვრებულებს მხედველობიდან არც წმ. სტეფანეს ეკლესია გამორჩენიათ. ისარგებლეს რა შექმნილი ვითარებით (ამ პერიოდში ეს ეკლესია, მრევლის მეტისმეტად შემცირების გამო, თითქმის აღარ ფუნქციონირებდა), 1897 წელს ეკლესია მიითვისეს.

1917 წლის რევოლუციის შედეგად, ქვეყანაში გართულებული პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, ეკლესიამ მოქმედება შეწყვიტა და როგორც მთხრობელები ამბობენ, მასში სომხები შესვლას ვეღარ ბედავდნენ.

საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, ყველა მოქმედი ეკლესია დახურეს. მათგან ზოგი საერთოდ დაანგრიეს, ზოგი კი სამეურნეო დანიშნულებით გამოიყენეს. წმ. სტეფანეს ეკლესია დანგრევას გადაურჩა. იგი რაბათის ციხეში მდგარი სამხედრო გარნიზონისათვის კინოსაჩვენებელ დარბაზად (კლუბად) გადააკეთეს და 1969წლამდე ფუნქციონირებდა. ამ სახით გადაკეთებული შემორჩა დღემდე.

მოტანილი მასალა გვიჩვენებს, რომ წმ. სტეფანეს სახელზე აგებული ეკლესია XIX საუკუნის ბოლომდე ფუნქციონირებდა, როგორც ქართული მართლმადიდებლური ეკლესია.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, წმ. სტეფანეს ეკლესია დაარსების დღიდან XIX საუკუნის ბოლომდე, ქართული მართლმადიდებლური ეკლესია იყო და სულ რაღაც 21 წლის განმავლობაში ჰქონდათ მიტაცებული სომხებს. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ისინი დღეს, მრავალ სხვა საკულტო ძეგლთან ერთად, ამ სალოცავზეც აცხადებენ პრეტენზიას, შეგნებულად ჩქმალავენ მის ნამდვილ ისტორიას და სომხურ ეკლესიად თვლიან.

ზოგიერთი ავანტიურისტი სომეხი ისტორიკოსი ასევე თავიანთ საკუთრებად თვლის ქალაქ ახალციხის რაბათში არსებულ ჯვართამაღლების ეკლესიასაც.

მაგრამ ვიდრე ამ ტაძრის ისტორიაზე ვისაუბრებდეთ, გვინდა მოკლედ შევეხოთ დღეისათვის ახალციხეში მოქმედი სომხური ეკლესიის ისტორიული კუთვნილების საკითხს. აქვე გვინდა ავღნიშნოთ, რომ, როდესაც მავანნი და მავანნი სხვის ქვეყანაში არსებულ სხვათა ეკლესია-მონასტერზე ( და საერთოდ კულტურის ძეგლებზე) საჯაროდ ხმამაღლა საკუთრების უფლებას აცხადებენ, რატომღაც პირში წყალს იგუბებენ და ხმას არ იღებენ იმ სალოცავის ისტორიაზე, რომელშიც ისინი დღეს ლოცულობენ და წირვა-ლოცვას აღავლენენ. საქმე ეხება სადღეისოდ ახალციხეში მოქმედ ე.წ. სომხური ეკლესიის წარსულში კუთვნილების საკითხს. ადრეული ხანიდან (მისი დაარსების დღიდან) 1750 წლამდე იგი წმ.ოქროპირის სახელობის ქართული მართლმადიდებლური მოქმედი ეკლესია იყო, რომელშიც შუა საუკუნეებიდან დაწინაურებული ფირალიშვილების გვარის კარის ეკლესიად იქცა და ძირითადად ამ გვარისვე სასულიერო პირები ეწეოდნენ მღვდელმსახურებას.

XVIII საუკუნის 50-იანი წლებიდან გაძლიერდა ოსმალთა ზეწოლა მართლმადიდებელ მოსახლეობაზე, მათთვის სარწმუნოების შეცვლის მიზნით. ეს ქმედება განსაკუთრებით მძიმე დარტყმა იყო გაბატონებული ფენისათვის. ამ პერიოდის ფირალიშვილთა გვარის ერთ-ერთი წარმომადგენელი გამაჰმადიანებული ჯაყელების სიძე გახდა და შესაბამისად, სარწმუნოებაც შეიცვალა. ჯაყელებმა ახალი სიძე სოფელ ორმოცის ბეგად დანიშნეს და გარკვეული დავალებაც მისცეს.

ცნობილია, რომ თურქეთის მიერ დაპყრობილ მხარეებში ადგილობრივი მოსახლეობის გამაჰმადიანება აუცილებელი პირობა იყო ოსმალეთის ეკონომიკური და სამხედრო გაძლიერებისათვის. სხვა რეგიონებისაგან (მაგ. ბულგარეთი) განსხვავებით, სამხრეთ საქართველოში იდეოლოგიურ-რელიგიური პროპაგანდა საკმაოდ შემპარავად მიმდინარეობდა. დამპყრობლებმა ამ რეგიონის ძირძველ ქართველ მოსახლეობას „ნებაყოფლობითი“ გამუსლიმანების საკმაოდ მზაკვრული და ორიგინალური მეთოდი შესთავაზეს. საკმარისი იყო მართლმადიდებელს (იგი კათოლიკეებს და გრიგორიანელებს არ ეხებოდა) რამდენიმე ადამიანის (მათ შორის მუსლიმი სასულიერო პირის) თანდასწრებით ხმამაღლა ეთქვა „ არ არის ღმერთი გარდა ალაჰისა და მუჰამედი არის მისი მოციქული“, რომ დასუნათების გარეშე მაჰმადიანად ეღიარებინათ. ეს იყო მართლმადიდებელი ქართველების გამუსლიმანების (სულიერი გენოციდის) მეტად ორიგინალური და „ნებაყოფლობითი- მშვიდობიანი“ გზა.

როგორც ჩანს, ორმოცის ახალი ბეგის მოვალეობას წარმოადგენდა ნიჯგორისა და ახლო-მახლო მდებარე სოფლების მოსახლეობის უმტკივნეულოდ მაჰმადიანურ სარწმუნოებაზე გადაყვანა. ამ მიზნით, მას ნიჯგორში პატარა ზომის მეჩეთიც აუგია.

ნებით თუ ძალით, მეჩეთში შესული ხალხი ისე უნდა მოქცეულიყო როგორც მათი „მასწავლებელი“ მოლა. მთხრობელთა გადმოცემით, ერთ-ერთი ასეთი შეყრილობის დროს ვიღაცა „მსმენელმა“ ლოცვის დროს პირქვე დამხობილ მოლას უკნიდან ხის პატარა პალო დაუდო. როდესაც მოლამ თავი ასწია და წელში გაიმართა ამ პალოზე დაჯდა. გამწარებულმა ქალამანი გაიძრო და იქვე ახლომჯდომს თავ-პირში დაუშინა.

შეყრილ ხალხსაც მეტი რა უნდოდა, მათაც გაიძრეს ქალამნები და მოლას დაუშინეს (ისე მოიქცნენ, როგორც მათი „მასწავლებელი“). მოლა ბეგთან გაიქცა საჩივლელად. მან მშვიდად მოისმინა ეს ამბავი, გულიანად ჩაიცინა და უთხრა: „ამ ხალხის გამოსწორება არ იქნება, თავი დაანებეთ, ისე ილოცონ როგორც აქამდე ულოციათო“.

ორმოციდან მალე ეს ბეგი ახალციხეში დაბრუნდა და იქ დაიწყო რელიგიური საქმიანობა, როგორც მუსლიმანმა სასულიერო პირმა. მან თავისი საგვარეულო ერთ-ერთი ეკლესია, კერძოდ წმ. ოქროპირის სახელობის ეკლესია, მეჩეთად გადააკეთა და იქ მოღვაწეობდა. ასე იქცა ძველი ქართული მართლმადიდებლური ეკლესია მეჩეთად.

XIX საუკუნის 30-იან წლებში შემოცხოვრებულმა სომხებმა (ფაქტიურად იმ პერიოდისათვის ახალციხე მუსლიმანური მოსახლეობისაგან დაცლილი იყო და მეჩეთიც აღარ ფუნქციონირებდა), სხვა ეკლესიებთან ერთად, თვალი ამ მეჩეთსაც დაადგეს და სულ მალე თავიანთ ეკლესიად გადააკეთეს. კედელში ჩატანებული სომხურ წარწერიანი ქვა გვამცნობს, რომ ამ ტაძრის სომხურ გრიგორიანულ ეკლესიად კურთხევა 1877წელს მოხდა. ამის შესახებ გ.ბოჭორიძე ძალიან მოკლედ აღნიშნავს: „სომხური გრიგორიანული ეკლესია ადრე „ჯამედ ყოფილა, აწ გრიგოლ განმანათლებლის (სომეხთა) ეკლესიაა.

ქალაქ ახალციხის რაბათში არსებული ჯვართამაღლების ეკლესია აგებულია შუა საუკუნეების სამხრეთ საქართველოში, დაწინაურებული ფეოდალური გვარის-შალიკაშვილების კუთვნილი საკმაოდ დიდი ფართის გალავანშემოვლებული ციხე-სიმაგრის შუა ეზოში. აღნიშნულ ციხე-სიმაგრეს მოსახლეობა სხვადასხვა სახელით, - „ურთის ციხე,“ „ყულების ციხე,“ „ხანდრის გორის ციხე,“ - მოიხსენიებს, ხოლო მის ტერიტორიაზე არსებულ სალოცავს, რომელიც სხვადასხვა წყაროებში ჯვართამაღლებისა თუ წმინდა ჯვრის სახელზე აგებულად ითვლება, XIX მეორე ნახევარშიც კი, კოკოლას (რადგან მის აგებას კოკოლა შალიკაშვილს მიაწერენ) ეკლესიას უწოდებენ.
ცნობილია, რომ შალიკაშვილების ფეოდალური გვარი საკმაოდ დაწინაურდა XVI საუკუნის სამხრეთ საქართველოში. მათი ერთ-ერთი წარმომადგენელი, ცნობილი პიროვნება კოკოლა შალიკაშვილი მნიშვნელოვან როლს თამაშობდა იმდროინდელი რეგიონის პოლიტიკურ ცხოვრებაში. სხვადასხვა დროს ათაბაგის კარზე მას მაღალი თანამდებობები ეკავა და საკუთარი ციხე-სიმაგრისა (რომელიც საისტორიო წყაროებში ურთის ციხის სახელითაა ცნობილი) და ეკლესიის პატრონიც იყო. ვახუშტი ბაგრატიონი, როცა შაჰთამაზის შემოსევებს აღწერს, აღნიშნავს: „მოგვიხდა კოკოლა, ახჩის ქუაბნი წარგვიხუნა... ამით კოკოლას თვისი ძმისწული გურგაქ უკუუდგა და მანუჩარს მიერთო ქაჯისციხითა და ფიცითა დიდითა. არამედ კუალად სტეხა ფიცი და უკუდგა მანუჩარისაგან. მოვიდა მანუჩარ ზავისათვს, მან არ ჰყო ზავი და ფოსო დაუწვიათ... ოქტომბერს გურგარქ შემორიგდა და ველი მისცა. გავბრუნდით, კოკოლას კერძი ურთის ციხე წავართვით და დავარღვიეთ, სიმაგრე დავწვით და ეკლესია დავტოვეთ“.

აღნიშნული სალოცავი, კოკოლას ეკლესიის სახელით, მ. თამარაშვილსაც აქვს დაფიქსირებული. მისი გადმოცემით, როდესაც შაჰყულიანმა (ჭილინუზაშვილმა) მოინდომა დაკეტილი ღვთისმშობლის კათოლიკური (პატრების) ეკლესიის მითვისება, მას წინააღმდეგობა გაუწიეს ადგილობრივმა კათოლიკე მღვდელმსახურებმა. ამასთან დაკავშირებით იგი აღნიშნავს: „შავგულიანმან ამოგზავნა თავისი ღვდლებთაგანი პირველნი პოლიციის კაცებითა, რათა წაიკითხონ ის ქვა სომხურად დაწერილი, რომელიც ატანია აღმოსავლეთის კერძოდ კედელში თქვენს გ-ა პატრებიანთ ეკლესიისა ღვთისმშობლის სახელზედ აღშენებულისა და ოსე ორ სამ გზის ამოსვლითა რათა დაამტკიცონ მათ რომ ჩვენი არის და არა პატრებისა... ცდილობენ რათა ამ სახით ხელში გაიტარონ ეკლესია და გააღონ; იმავე ეკლესიისათვის ჰქმნა გამოძიება ამავე ალექსოვმან (ამ საქმესთან დაკავშირებით თბილისიდან საგანგებოდ ჩამოსული გამომძიებელი- თ.ი.) კათოლიკთაგან, სომეხთაგან და თათრებისგანაც და ამათ კარგად დაემტკიცებინათ ვ-ც ალიბეგის და ალიბეგის შვილსა თქმითა, რომ ჩვენ მამაპაპით ვიცით, რომ ეგ ეკლესია პატრებისა ყოფილა ძველთაგანვე და ჩვენც ასე გვინახამს მუდამ პატრების ხელში, რომელთ კარგი მონასტერიც აქუნდათ საყდრის გვერდით ცხრაოდიანი და იქ ცხოვრობდნენ და კიდეც ექიმობდნენ. იმ საყდარს ეტყოდნენ პატრების საყდარს. ზეით კოკოლას საყდარსა და ციხეზე ახლოს ბაზრის პირზე მყოფ საყდარს ეტყოდნენ ფრანგების საყდარსა. ღელეში ერთი პატარა საყდარი არის, იმას სომხების საყდარს ეტყვიან.“ ამ ამონარიდიდან ნათლად ჩანს, რომ იმ დროისათვის კათოლიკეებს ორი (პატრებისა და ფრანგების) ეკლესია ჰქონდათ. მათგან პატრების ეკლესია, პატრების არყოფნის გამო, დაკეტილი ყოფილა. რაც შეეხება ჯვართამაღლების ეკლესიას, მას მისი ამშენებლის, ცნობილი ფეოდალური გვარის წარმომადგენლის კოკოლა შალიკაშვილის სახელის მიხედვით, კოკოლას ეკლესიად მოიხსენიებენ, რომელიც არც კათოლიკეებს და მით უმეტეს, არც სომხებს არ ეკუთვნოდა.

ჯვართამაღლების ეკლესიაში კათოლიკური წირვა-ლოცვა, როგორც ჩანს XIXსაუკუნის 80-იანი წლებიდან უნდა დაწყებულიყო. ამის დასტურია მის სამრეკლოზე არსებული წარწერა: „1881- აღაშენა ესე სამრეკლო ელისაბედ მურვანოვის ასული აზნაუროვის ქვრივმა“.

ჯვართამაღლების რაბათის ჩრდილო-სამხრეთით ხანდრის გორად წოდებულ სიმაღლეზე მდებარე ციხე-სიმაგრის გალავან-ციტადელი შემორჩენილი იყო გვიანობამდე და მისი მცირეოდენი ნაშთები დღესაც შეიმჩნევა. XIX 80-იან წლებში ერმაკოვის მიერ გადაღებულ ფოტოზე ნათლად ჩანს, რომ იმ დროისათვის ჯერ კიდევ შემორჩენილი იყო სამგოდოლიანი საკმაოდ დიდი ტერიტორიის მქონე გალავან-ციტადელი, რომლის შუაშიც საკმაოდ კარგად შენახული ჯვართამაღლების ეკლესია მოჩანს (მოგვიანებით სამხრეთით მიშენებული სამრეკლოს გარეშე).

წაკითხულია : 550


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები