პოლიტიკა

ევროპარლამენტარები საქართველოში პარტიების შეუთანხმებლობის გამო იმედგაცრუებას გამოთქვამენ და ფინანსური დახმარების შეჩერებას არ გამორიცხავენ

02.04.21 10:30


ევროპარლამენტის წევრები საქართველოში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ.

 

განცხადებას ხელს აწერენ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკკალისტერი, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობების დელეგაციის თავმჯდომარე მარინა კალიურანდი, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე ანდრიუს კუბილიუსი, საქართველოს საკითხზე მომხსენებელი სვენ მიქსერი, ასევე ვიოლა ფონ კრამონი, მიხაელ გალერი და პეტრას აუსტრევიჩუსი.

 

ევროპარლამენტარები წუხილს გამოთქვამენ, რომ საქართველოს პოლიტიკური ლიდერები არ დათანხმდნენ ევროკავშირის მედიატორის კრისტიან დანიელსონის შეთავაზებას და ასევე საუბრობენ მოსალოდნელი შედეგების შესახებ ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების თვალსაზრისით.

 

„ჩვენ ღრმად იმედგაცრუებული ვართ საქართველოში პოლიტიკური ლიდერების მიერ შეთანხმების მიღწევის უუნარობის გამო, პოლიტიკური კრიზისის დასრულებაში დასახმარებლად ევროკავშირის მაქსიმალური ძალისხმევის მიუხედავად. ამ შედეგში დამნაშავე არიან, როგორც მმართველი, ისე მთავარი ოპოზიციური პარტიები, რომლებიც მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ და განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მთავრობაში არსებულ პარტიას ეკისრება.

 

ჩვენ ვადასტურებთ ძლიერ მხარდაჭერას კრისტიან დანიელსონის დაუღალავი მუშაობისადმი და მივესალმებით პოლიტიკური პარტიებისადმი მის მიერ გაკეთებული შეთავაზების გამოქვეყნებას, რაც კიდევ უფრო ზრდის მედიაციის პროცესის გამჭვირვალობას. უკიდურესად მნიშვნელოვანია პოლიტიკური პარტიების აქტორებს შორის ნდობის აღდგენა. ამ შეთანხმების შინაარსი ნამდვილად სწორი გზაა საქართველოსთვის: ამბიციური საარჩევნო და სასამართლო რეფორმები, საქართველოს პარლამენტში პასუხისმგებლობის აზრიანი განაწილება და რაც ყველაზე მთავარია, მომავალ არჩევნებთან და პოლიტიზებული მართლმსაჯულების ორ საქმესთან დაკავშირებული გამოსავალი. აღნიშნული გამოსავალი პოლიტიკურად დაბალანსებულია და პატივს სცემს როგორც კანონის უზენაესობას, ისე 2020 წლის არჩევნების საერთაშორისო შეფასებას. ასევე მივესალმებით ჟან-მონეს დიალოგის პროცესს ევროპარლამენტის მხარდაჭერით, როდესაც ამის საშუალებას პოლიტიკური სიტუაცია შექმნის.

 

პოლიტიკური პარტიების მიერ კომპრომისზე უარის თქმის შემდეგ, საქართველოს ლიდერები არ უნდა ელოდონ ევროკავშირისგან საქმის ჩვეულებრივ გაგრძელებას.

კერძოდ, ევროპარლამენტის მხრიდან იქნება მოწოდება, რომ მომხდარს შედეგები მოჰყვეს ევროკავშირის ფინანსური დახმარების თვალსაზრისით, მათ შორის შემდგომი თანხების გამოყოფის შეჩერების, ასევე პირობითობის გაზრდის მხრივ ევროკავშირის მაკროფინანსურ დახმარებასთან და მხარდაჭერის საბიუჯეტო პროგრამებთან დაკავშირებით.

 

ამასთან ერთად, საქართველოს პარლამენტში მიმდინარე საარჩევნო და სასამართლო რეფორმების მიღება საჭიროებს ფართო პოლიტიკურ მხარდაჭერას და ეუთო/ოდირისა და ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრულად შესრულებას. ეს რეფორმები არის საკვანძო მნიშვნელობის ნდობის აღსადგენად. ჩვენ მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, უზრუნველყოს ჭეშმარიტად ინკლუზიური პროცესი, რათა თავიდან იქნას აცილებული მომავალი არჩევნებისა და სასამართლოს სისტემისთვის ძირის გამოთხრა, ასევე მომავალში შესაძლო შეთანხმებისთვის კარის არასაჭირო დახურვა.

 

მოვუწოდებთ საქართველოს ლიდერებს, იმოქმედონ დაუყოვნებლივ. ფსონი დევს ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობების მომავალზე“, – ნათქვამია ევროპარლამენტის წევრების ერთობლივ განცხადებაში.

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 514


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები