პოლიტიკა

რომან გოცირიძე - IRI-ის კვლევა გვიჩვენებს ერთ მთავარ დასკვნას, რომ საქართველოში კოალიციური ხელისუფლების დრო მომწიფდა

06.04.21 16:40


ჩვენ ვხედავთ, რომ ოპოზიციის ჯამური პროცენტი გაცილებით მეტია, ვიდრე „ქართული ოცნების“, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ საპროტესტო მოძრაობის მართებულობას, რასაც დღეს ოპოზცია აკეთებს, - ასე გამოეხმაურა „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის შედეგებს „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე.

 

მისივე თქმით, კვლევაში პასუხგაუცემელი ამომრჩეველი, როგორც წესი არჩევნებში ოპოზიციის სასარგებლოდ წამოსული ხმებია.

 

გოცირიძის თქმით, კვლევის მიხედვით ნათელია, რომ კოალიციური ხელისუფლების დრო არის მომწიფებული.

 

„სურათი არის ნათელი - დღეს „ქართული ოცნება" და მისი ერთი სატელიტი არის აბსოლუტურ უმცირესობაში, ვიდრე ოპოზიციური პარტიები ერთად. ეს კვლევა გვაჩვენებს ერთ მთავარ დასკვნას, რომ საქართველოში კოალიციური ხელისუფლების დრო მომწიფდა. რაც შეეხება იმას, რომ ბოიკოტი ამომრჩეველს არ მოსწონს, ვის მოსწონს ბოიკოტი, ვის უნდა ერთპარტიული კომუნისტური პარლამენტი საქართველოში? ბოიკოტის არ მოწონება არ ნიშნავს, ბოიკოტის გზის უარყოფას. არ მოსწონს ბევრს ბოიკოტი იმის გამო, რომ პარლამენტი არის პოლიტიკური ცხოვრებისა და ქვეყნის პრობლემების გადაჭრის ადგილი. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ როცა სხვა გამოსავალი არ არის, ოპოზიციამ არ მიმართოს ამ გზას და არ მოითხოვოს რიგგარეშე არჩევნები. ის, რომ დღეს რიგგარეშე არჩევნებს ითხოვს ნახევარი და თანაბარი განწყობილებაა მომხრეებსა და მოწინააღდმეგეებს შორის, ნიშნავს, რომ ქვეყანაში არის პოლარიზიება, პოლიტიკური კრიზისი და ამ კრიზისის განმუხტვის სხვა გზა არ გამოუგონებია დემოკრატიულ ქვეყანაში არავის, გარდა რიგგარეშე არჩევნებისა.

 

ამიტომ, ამ კვლევამ კიდევ უფრო მეტად განამტკიცა ჩვენი პოზიციები, რომ ბრძოლის ამ ფორმის გარეშე ძალაუფლების უზურპაციის დაძლევა შეუძლებელია.

 

რაც შეეხება გახარიას რეიტინგს, გიორგი გახარიას რეიტინგი არის „ქართული ოცნების" რეიტინგთან ერთად. ეს კვლევა ჩატარდა მანამ, სანამ გიორგი გახარია გადადგებოდა. ბუნებრივია გიორგი გახარია „ქართული ოცნების" გარეშე სხვა რეიტინგებს დადებს. მას რეიტინგი არ გააჩნია, მას ზურგს უმაგრებდა ივანიშვილისა და „ოცნების" შემორჩენილი რეიტინგი. ამა თუ იმ პოლიტიკოსის ნამდვილი რეიტინგი გაირკვევა, როცა იქნება ამ მოვლენების შემდეგ ჩატარებული ახალი კვლევა",- განაცხადა გოცირიძემ.

 

ცნობისთვის, საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) ახალი კვლევა გამოაქვეყნა, სადაც პარტიების რეიტინგებზეცაა საუბარი. კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 27% „ქართულ ოცნებას“ ხმას არავითარ შემთხვევაში არ მისცემდა, 26% კი ნაციონალურ მოძრაობას. ხოლო რაც შეეხება მომავალ კვირას, რომ არჩევნები იყოს, როგორი იქნებოდა ამომრჩეველთა მხარდაჭერა, გამოკითხულთა 35% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 18% „ერთიან ნაციონალურ მოძრაობს“, 3%-მა „ევროპული საქართველო“ დაასახელა, 3%-მა კი - „სტრატეგია აღმაშენებელი“. კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 53%-მა განაცხადა, რომ გარკვეულწილად ენდობა პოლიტიკურ პარტიებს. 5% სრულად ენდობა, 10% კი არ ენდობა. ამასთან, გამოკითხულთა უმრავლესობას, კათოლიკოს-პატრიარქის შემდეგ ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მოსწონს, მესამე ადგილზე კი თბილისის მოქმედი მერი კახა კალაძეა.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები