პოლიტიკა

ფიქრია ჩიხრაძე - პანდემიის „წარმატებული მენეჯმენტი“იყო მათი საარჩევნო ანი და ჰოე, ახლა თავად გვამცნეს რომ ესეც დიდი ტყუილი ყოფილა

16.04.21 16:00


პანდემიის „წარმატებული მენეჯმენტი“ იყო მათი საარჩევნო ანი და ჰოე... და ჰოი, საოცრებავ, ახლა თავად გვამცნეს, რომ ესეც დიდი ტყუილი ყოფილა, - ასე ეხმაურება „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ფიქრია ჩიხრაძე საპარლამენტო უმრავლესობის წევრის კახი კახიშვილის განცხადებას, რომლის თქმით, „ქვეყანა ჩაკეტო, თქვა, ყველანი სახლში იჯექით და არ გამოხვიდეთ, ამას კარგი კრიზისმენეჯერი არ ჰქვია“.

 

ჩიხრაძის შეფასებით, კახი კახიშვილის ეს მოსაზრება სიმართლესთან ერთად აღიარებით ჩვენებაა, ვინაიდან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ კამპანიის მთავარი საფუძველი კოვიდპანდემიის სწორი მართვა იყო.

 

„ხანდახან მმართველი პარტიის წარმომადგენლებსაც წასცდებათ სიმართლე. „ქვეყანა ჩაკეტო, სახლში იჯექითო, ამას კარგი კრიზისმენეჯერი არ ჰქვია“, - თქვა კახი კახიშვილმა პრემიერყოფილ გახარიაზე. ძნელია არ დაეთანხმო მმართველი ძალის წარმომადგენელს, მაგრამ ეს სიმართლესთან ერთად ხომ აღიარებითი ჩვენებაა, ხომ არ დაგვავიწყდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში რა იყო „ქართული ოცნების“ კამპანიის მთავარი საფუძველი - კოვიდპანდემიის სწორი მართვა, მსოფლიოში წამყვანი პოზიცია სიკვდილიანობის მცირე სტატისტიკით და გახარია - საუკეთესო კრიზისმენეჯერი. სხვა თემებით „ქართულ ოცნებას“ თავი არ შეუწუხებია - არც ჩავარდნილი ეკონომიკის აღორძინებაზე ულაპარაკიათ, არც სამუშაო ადგილების შექმნაზე და არც გეოპოლიტიკური გამოწვევების დაძლევაზე.

 

პანდემიის „წარმატებული მენეჯმენტი“იყო მათი საარჩევნო ანი და ჰოე... და ჰოი, საოცრებავ, ახლა თავად გვამცნეს რომ ესეც დიდი ტყუილი ყოფილა. ამ ტყუილით მიიღეს ძირითადად კოვიდითდაზაფრული ხალხის ხმები. რაც ვერ მიიღეს - მოსყიდვით, კარუსელით და გაყალბებით შეავსეს. გაყალბებული არჩევნები + ყალბი ასარჩევი სუბიექტები(არჩევნების შემდეგ გამქრალი ივანიშვილი და გახარია) + ყალბი მთავარი საარჩევნო თემა = ერთ დიდ ბლეფს, (ტრიუკს, როგორც ბიძინა ივანიშვილი იტყოდა). ამიტომ არის კრიზისი შეუქცევადი, ამიტომ არის დღევანდელი ხელისუფლება არალეგიტიმური, ამიტომ არის საჭირო ახალი არჩევნები!“, - აცხადებს ფიქრია ჩიხრაძე.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები