საზოგადოება

დღეს კონფერენცია - ”თბილისის ურბანული განვითარების გამოწვევები” გაიმართა

20.05.16 17:00


განათლების მულტიმედია ცენტრში, დღეს კონფერენცია - ”თბილისის ურბანული განვითარების გამოწვევები” გაიმართა.

პროექტი გახსნეს - თბილისის, მერმა დავით ნარმანიამ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიისა და მმართველობის ოფისის დირექტორმა დეივიდ სტოუნჰილმა და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტურტის ”სამოქალაქო საზოგადოებისა და მოქალაქეების ჩართულობის პროექტის” ხელმძღვანელმა თამარ ქაროსანიძემ.

კონფერენციაზე განიხილეს თბილისში გადატვირთული საგზაო მოძრაობის და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ორგანიზების საკითხები, აგრეთვე ქალაქში საგზაო უსაფრთხოების, ქაოტური მშენებლობებისა და მწვანე საფარის შემცირების კუთხით არსებული მდგომარეობა.

დავით ნარმანიას განცხადებით, თბილისში გადაადგილების მოსაწესრიგებლად მერია არაერთ პროექტს ახორციელებს.

”დედაქალაქი ძალიან სწრაფად იზრდება, ძალიან სწრაფად ფართოვდება და შესაბამისად, ჩვენი უმთავრესი გამოწვევაა, რომ ამ ყველაფერს ვუპასუხოთ. სწორედ ამიტომ კეთდება ქალაქის განაშენიანების გეგმა, სწორედ ამიტომ მივიღეთ ჩვენ გარემოს დაცვის სტრატეგია და ინტენსიურად ვმუშაობთ ქალაქის გამწვანებაზე, სწორედ ამიტომ ვაკეთებთ იმ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროგრამებსა და პროექტებს, რომლებიც ქალაქის ცენტრალურ უბნებში გადაადგილების გაადვილებასა და მოწესრიგებას უკავშირდება”, - განაცხადა თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

კონფერენციაზე მოხსენებები გააკეთეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი, თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, აგრეთვე მერიის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელები.

ღონისძიებაზე ასევე მოხსენებებით გამოვიდნენ შვედეთის სატრანსპორტო ადმინისტრაციის ექსპერტი და ფრანგული კომპანია ”სისტრას” ექსპერტი.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ თბილისის საკრებულოს დეპუტატებიც.

გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე კონკრეტული რეკომენდაციები წარადგინეს ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების - ”პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის”, ”საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის”, ”საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის”, ”საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს”, ”მწვანე ალტერნატივას”, ”GRRC-საქართველოს” და ”თბილისის ტრამვაის” წარმომადგენლებმა.

კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს ხელისუფლებასა და არასამთავრობო სექტორს შორის თბილისის წინაშე მდგარი პრობლემების გადაჭრის პროცესში.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები