პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: პრეზიდენტს არ მიუნიშნებია, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ამნისტიის კანონპროექტზე

07.05.21 17:00


პრეზიდენტის კითხვები დიდწილად, ამნისტიის კანონპროექტის სამართლებრივ არგუმენტებს შეეხებოდა, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

 

„მგონია, რომ მე და მიხეილ სარჯველაძემ დავარწმუნეთ პრეზიდენტი, საერთაშორისო პრაქტიკიდან გამომდინარე, ასევე ჩვენი კანონმდებლობით, რომ კანონპროექტს ამნისტიის შესახებ კონსტიტუციური პრობლემა არ აქვს“, - განაცხადა მდინარაძემ.

 

მისი თქმით, პირველ შემთხვევაში პოლიციის, მძიმე შეურაცხყოფასთან გვაქვს საქმე.

„არ მაქვს აქციებზე საუბარი, ჩვეულებრივ ყოველდღიურ ყოფით სიტუაციაში გვხვდება პოლიციის შეურაცხყოფის შემთხვევების 99%-ი. მსგავსი ფაქტები ხდება რეგიონებშიც. ასეთი ფაქტები, კონკრეტულად მეორე და მესამე შემთხვევა უფრო მკაცრად უნდა ისჯებოდეს, უნდა ხდებოდეს სანქცირება და ადმინისტრირება. ეს ლოგიკურია და ამ შემთხვევაში სამართლებრივი საფუძველი გამართულია“, - აღნიშნა მდინარაძემ.

 

ამასთან, როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ განაცხადა, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდენტი ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით, პროგნოზი არ აქვს. „წინასწარი დასკვნის გამოტანის საშუალება არ გვაქვს.

პრეზიდენტს არ მიუნიშნებია, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს. მაგრამ ჩვენ ვიმსჯელებთ სალომე ზურაბიშვილის ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე. თუ ვეტო იქნება, ამ შემთხვევაში ვიმსჯელებთ, დასაძლევია თუ არა ვეტო. თუ არ იქნება ვეტო, ამას მივესალმებით, რადგან აბსოლუტურად გამართულ კანონმდებლობასთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა მდინარაძემ.

 

ამ წუთებში, საქართველოს პრეზიდენტს პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი ხვდება.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები