ბონდო არველაძე ქართული ეკლესიები საქართველოსა და სომხეთში ნაწილი XX

28.09.16 17:50


როგორც ვხედავთ, 1801წლამდე აგებული 13 ეკლესიიდან ყველა „აღდგენილნი არიან XIXს-ში,“ გარდა სამისა.

სამწუხაროდ ამ სიის შემდგენელი აღნიშნული ეკლესიების შესახებ ქართულს ვინ დაეძებს სომხურ სამეცნიერო ლიტერატურასაც არ იცნობს. მაგალითად, გადასაცემ ეკლესიათა სიაში არის შეტანილი „სოფ. ხოსპია, (მეწ ნერქინ), „სურბ-არაქელოც“,XII-XIIIს.ს აღდგენილია XIXს-ში. 1980წ. დგას.“

ამ ეკლესიის შესახებ პ. მურადიანი საგანგებოდ აღნიშნავს „სომხები თავიანთ ღვთისმსახურებას ასრულებენ კიოლნში პროტესტანებისგან სიმბოლურ ფასად დაქირავებულ ეკლესიაში. გვაქვს უფლება ისტორიულ-კულტურული თვალსაზრისით კიოლნის ეს ეკლესია სომხურად მოვნათლოთ? ცხადია, არა, ამ შემთხვევაში, რა მეცნიერული და ზნეობრივი უფლებით შეგვაქვს, მაგალითად, სოფ. ხოსპიას ( X-XIIIს.ს) „ბერძნული წესის ეკლესია“ სომხურ ეკლესიათა ნუსხაში? მხოლოდ იმიტომ, რომ 1829წლიდან მოყოლებული აკურთხეს წმინდა 12 მოციქულთა სახელზე სომხური ეკლესიის წესით. (გაზ. „სომხეთის რესპუბლიკა“ 24. VII, 1998). უწინარესად ავღნიშნავ, რომ ის არა „ბერძნული წესის“ ეკლესია არის, არამედ ქართულია, როგორც მრავლადაა ჯავახეთში, მეორეა - რატომ მოხდა, რომ 1829წლის ადრიანოპოლის ხელშეკრულებაზე ადრე 7-8 საუკუნის განმავლობაში ქართველთა სამსახურში მყოფი და მათ მიერ აშენებულ ტაძარი აღარ ეკუთვნოდა თავის ნამდვილ პატრონს? ათეული წლის წინ ისლამურ სალოცავებად გადაქცეული მრავალი სომხური ეკლესია ახლა აღარაა სომხური? კონსტანტინოპოლის აიასოფიას ტაძარი ამჟამად აღარ არის ბიზანტიური ხუროთმოძღვრების ძეგლი?“

პ.მურადიანს ამ შემთხვევაში შეუძლებელია არ დაეთანხმო. მან სიმართლე თქვა და ეს სიმართლე უთხრა თავის თანამემამულეს ს. კარაპეტიანს, მაგრამ ამ უკანასკნელმა ყურად არ იღო მისი შეგონება და 2006 გამოაქვეყნა მონოგრაფია „ჯავახ“ (სომხ. ენაზე) და ქართული საეპისკოპოსო კათედრალი კუმურდო (964) სომხური ხუროთმოძღვრის ძეგლად გამოაცხადა. კუმურდოს აშენების ინიციატორი ქართველი იოანე ეპისკოპოსი სომეხ ჰოვჰანეს ეპისკოპოსად გადააქცია, ხოლო კუმურდოს ღვთისმშობლის ტაძარი სომეხი წმინდანის სურბ-ჰამბარძუმად მონათლა და აი შედეგიც: ეპ.მირზახანიანის სიაში მე-16 ნომრად არის შეტანილი, გიუმურდო (კუმურდო)- „სურბ- ჰამბარძუმ“, 964, X ს. აღდგენილია XIXს-ში, დგას. არის XV- XVIს.ს ხაჩქარები, სომხური ეპიგრაფიკით, სომხური სასაფლაოა.“

პ.მურადიანს დავიმოწმებ ისევ, რათა ტენდენციურობა არ დამწამონ. იგი წერს, „გიუმბურდას (964) „ბერძნული წესის“ ტაძარი დასავლეთის ფრთის „ბოლო სატფურების“ მიზეზით სომხურ ეკლესიათა რიგში უნდა ჩადგეს? (როგორც ამას ს. კარაპეტიანის ნაშრომი გვიჩვენებს). მსგავსი კვალიფიკაცია ეწინააღმდეგება არა მხოლოდ ქართულ წარწერებში მოხსენიებული ეპისკოპოსი, არამედ აგრეთვე XI საუკუნეებში მონასტრის მშენებლობაში მონაწილე მარიამ დედოფალი, ვასპურაკანის ასული... ეთნოკონფესიური წარსულის უგულველყოფა და ქართული ეკლესიის სომხურად მონათვლა სრულებით არ შეშვენის ჩვენს კულტურას და ისტორიას, არც მეცნიერებასთან აქვს კავშირი.“

მივყვეთ სიას -„ეხტილა ვანქ. (მეგრეკ, ნეგრეკ), ძველი დასახლების ადგილი, XII-XIIIს.ს არის სტელა, ნახევრად დანგრეულია“.

არის შემთხვევები, როცა ძეგლის კედელზე არსებულ წარწერაში იხსენიება აგების თარიღი და ქტიტორის ვინაობა, მაშინ როცა კარაპეტიანი ცდილობს, რომელიღაც საუკუნეები ივარაუდოს და ჰიპოთეზა წამოაყენოს. ასე მაგალითად, სოფელი ეხთელა-ღრტილას შუა გულში მდებარე ეკლესიის შესახებ ნარკვევებში- „სომხური ეკლესიები საქართველოში“ ვკითხულობთ: XII- XIV საუკუნეების ნაგებობაა, აქვს ძველი ქართული მოკლე წარწერა. ყველაფრიდან ჩანს, რომ თავიდან იყო „ბერძნული წესის“ ეკლესია, მაგრამ ამავე დროს არსებობს მთელი რიგი ნიშნები, რაც დამახასიათებელია სომხური სამოციქულო წესმსახურებისთვის (მაღალი საკურთხეველი შიგნით, სამარეთა არ არსებობა).“

პ. მურადიანი შენიშნავს „ამ მოკლე ქართულ წარწერაში ნათქვამია: „გასრულდა ქვეშელი ლიპარიტის მეუღლისა და თმოგველების ასულის რუსუდანის მიერ. ღმერთო შეიწყალე ქ-ნი 528 (1308წ-პ.მ) ჭორმანის ძე იოანე, ღმერთო შეიწყალე თმოგველის ასული და ქვეშის გამგლის ლიპარიტის მეუღლე რუსუდანი“ რა თქმა უნდა ქართულ ეკლესიას ააგებდა და რატომაა იგი „ბერძნული წესის“? რა საჭიროა სამი საუკუნის ფარგლებში ვარაუდის დაშვება, როცა თარიღი ცნობილია? სამოციქულო მსახურებად მხოლოდ სომხური ეკლესია იწოდება? სომხური ეკლესიას ნამდვილი თვითწოდება მართლმადიდებლურია და არა სამოციქულო“.

პ.მურადიანი დასასრულს აღნიშნავს „სათქმელი დასაზუსტებელი, დასამატებელი არსებობს თითქმის ყველა ნარკვევთან დაკავშირებით“. იგი დარწმუნებულია „სამველ კარაპეტიანი მომავალში გადახედავს გამოქვეყნებულს და სომხურ და ქართული ეკლესიების განსხვავებულ საიმედო პრინციპებს შეიმუშავებს“.

პ. მურადიანის იმედი არ გამართლდა, კარაპეტიანმა არამც თუ გადახედა აღნიშნულ უღირს საქციელს, არამედ კიდევ უფრო რაღაც სადისტური დაჟინებით გააგრძელა ქართული ეკლესიების „ბერძნული წესის“ ძეგლებად მოხსენიება და ქართული ეკლესია-მონასტრების სომხურად გამოცხადება.

რა თქმა უნდა, ეს არცოდნით არ მოსდის, შეგნებულად წერს ამას და ამით უნდა დაამციროს ქართული ტაძრების არქიტექტურის ორიგინალობა...

უკვე ვნახეთ, რას ნიშნავს ძველი ქართული ეკლესიების სომხურად „აღდგენა“, რაც კარგად გვიჩვენა და დაასაბუთა პ. მურადიანმა. ამდენად საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ ეპ. მირზახანიანის სიაში შეტანილი დანარჩენი ეკლესიებიც (იგულისხმება 1801 წლამდე, აგებული) ქართული იყო და ჯავახეთში შემოსახლებულმა ერზერუმელმა სომხებმა „აღადგინეს“ და სომხურ ეკლესიებად გადააქციეს. ამ აზრს ამყარებს ისიც, რომ ეს „სომხური“ ეკლესიები ორიოდეს გარდა XIXს-შია „აღდგენილი .“

რა თქმა უნდა ეს მოხდა მათზე არსებული ქართული ეპიგრაფიკის განადგურებით.

ქართული საკურთხევლის სომხურ წესზე ამაღლებისა და სანათლავის გადატანის ხარჯზე.

ეს არის შემდეგი ეკლესიები:

1. ბზავეთი X- XIს.ს „აღდგენილია“ 1830-იან წლებში.

2. ბზავეთი, V-VIს.ს აღდგენილია ” 1848წ.

3. ბურნაშეთი, XXს.ს „აღდგენილია „ 1830-იან წლებში.

4. დადეში. X- XIს.ს. „აღდგენილია“ 1848წ.წ 1867 წელს მიაშენეს ახალი ეკლესია.

5. ეხტილა(ღირტილა), 1308წ. „აღდგენილია“ მე- XVIს-ში, 1830-იან წლებშიც.

6. ხავეთი XV- XVIს.ს. „აღდგენილია“XIXს-ში.

7. ხორენია. X- XIს.ს. „აღდგენილია“ 1830-იან წლებში.

8. მაჯადია (აგების თარიღი არ აქვს), წერია „აღდგენილია“ 1850-1860 წლებში. 1867წ.

9. მარტუნი ფოქრ ხოსპია (პატარა ხოსპია), (აშენების თარიღი არ აქვს) „აღდგენილია“ 1980-იან წლებში.

10. მერენია- „კოტრაწ ჟამ“ , XII-XIIIს.ს „აღდგენილია“ 2011წ.


ამგვარად ამ ე.წ. „აღდგენილი სომხური “ ეკლესიების შესახებ სომხურმა მხარემ უნდა წარმოადგინოს თავის დროზე მათი აგების კანონიერების დამადასტურებელი საბუთი.

ეს უნდა იყოს ქართველი მეფის ან თავადის გაცემული სიგელი, ნებართვა ან სხვა იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტი, თუ ამგვარ დოკუმენტს ვერ წარმოადგენენ მაშინ კიდევ ერთხელ მტკიცდება, რომ ისინი ქართული ეკლესიები იყვნენ და ამ ვითომ „აღდგენის“ მიზეზით სომხების მიერ მითვისებული იქნა XIXს-ში. ამიტომ ისინი სამართლებრივი თვალსაზრისითაც გადაცემას არ ექვემდებარებიან.


ახალქალაქის რაიონში 1801წლის შემდეგ აშენებულია შემდეგი ეკლესიები:

1. აბული „ სურბ ჰარუთუნ“ („სურბ-ასტვაწაწინ“) 1830-იანი წლები, აღდგენილია 1884წ. მოქმედებს.

2. აგანა( აკნ, აკანა), „სურბ-ჰრეშტაკაპეტაც“, 1830-იანი წლები, აღდგენილია 1905წ. დგას.

3. აზავრეთი-სურბ-მესროფ თარგმანიჩ, 1868წ. აღდგენილია მე- XXს-ის დასაწყისში. დგას.

4. ალათუმანი, „სურბ-ერორდუთიუნ“ (კირაკი), 1830-იანი წლები, აღდგენილია მე- XIX ს-ში, მოქმედებს.

5. ქ. ახალქალაქი- „სურბ ხაჩ“, 1830-იანი წლები, აღდგენილია მე- XIXს_ში თავისუფლების ქ. N ან 55 მოქმედებს.

6. არაკოვა- „სურბ-გევორგ“ , 1830-იანი წლები, აღდგენილია 1877, 1903-1905 წლებში. 2005 წლიდან მოქმედებს. არსებობს სომხური სასაფლაო.

7. არაკოვა- „სურბ-კუსანაც“, 2001, მოქმედებს.

8. ბალხო- „სურბ-ჰარუთიუნ“ („სურბ-საჰაკ პართევ“), 1830-იანი წლები. 1868-1869წ.წ. მოქმედებს.

9. ბარალეთი-„სურბ ასტვაწაწინ“ („სურბ-ხაჩ“), 1839წ. აღდგენილია 1869წ. მოქმედებს, არსებობს სომხური სასაფლაო.

10. ბეჟანო- „სურბ-მინას“, 1830-იანი წლები, აღდგენილია 1906წ. მოწმედებს.

11. ბუღაშენი-„სურბ-ჰარუთიუნ“ 1830-იანი წლები, აღდგენილია 1909წ. მოქმედებს, არსებობს სომხური სასაფლაო.

12. ბურანაშეთი (ბურნაშენი), ახალი ეკლესია, მე- XIXს-ის დასასრული მე-20ს-ის დასაწყისი, დაუმთავრებელია.

13. გომანი (გომ), „სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“ 1847წ. დგას, არის სომხური სასაფლაო.

14. დილისკა- „სურბ-სარგის“, 1870წ. საფუძველი 1830-იან წლებში ჩაეყარა, ხაჩქარები, საფლავები, მოქმედებს.

15. ზავი- „სურბ მინას“, 1830-იანი წლები, აღდგენილია 1905, 1911წლებში, მოქმედებს. არის XIX-ის სომხური სასაფლაო, სომხური ეპიტაფიებით.

16. თახჩა, „სურბ-მინას“, 1870-1880-იანი წლები, აღდგენილია 1902წ. დგას.

17. ლომატურცხი „სურბ-ამენაფრკიჩ“, 1830-1840-იან წ.წ. აღდგენილია 1890, 1903-1906წლებში. დგას. არის მე- XIXს-ის სომხური სასაფლაო.

18. ხადო „სურბ ხაჩ“, მე- XIX ს-ის პირველი ნახევარი, აღდგენილია და მოქმედებს. ძველი სასაფლაო, სტელები არის.

19. კაჩო- „სურბ-მინას“,მე- XIX ს-ის მეორე ნახევარი, აღდგენილია 1896წ. დგას.

20. კაჩო-„სურბ-გევორგ“, მე- XIXს. ნახევრად არის დანგრეული , გარშემო სომხური სასაფლაო.

21. კარწახი-„სურბ-ჰოვანეს-კარაპეტ“, 1830-იანი წ.წ აღდგენილია 1860, 1894-1896-იან წლებში. არის სომხური სასაფლაო, ფრთოვანი ხაჩქარი, ჯვარი ქვა.

22. კულიკამი- „სურბ-ერრორდუთიუნ“ („სურ-კარაპეტ“), მე- XIXს. დგას. იქვეა მე-15ს-ის ხაჩქარი , მე-19-ის სასაფლაო.

23. კორხი- „სურბ სტეფანოს“, სურბ-გრიგორ ლუსავორიჩ, 1830-იანი წლები, აღდგენილია 1884, 1890 წ.წ. დგას.

24. კორხი- ახალი ეკლესია XX-მე- XXI ს.ს. დგას.

25. ხადო (ხადულარ), „სურბ გრიგორ ნარეკაცი,“ 1868წ. დგას.

26. მაჯადია- „სურბ-ჰარუთიუნ“ („სურბ-გრიგორ ლუსავორიჩ“), 1840-1850წლიანი წლები, აღდგენილია 1850-1860-იან წლებში. ეს არის VI-VIIს.ს და XV, XVII ს.ს სასაფლაო და ხაჩქარები.

27. სამსარი (თოკ სამსარი), „სურბ ასტვაწაწინ“, აღდგენილია 1902წ. მოქმედებს.

28. მერენია, „კოტრაწ ჟამ“, XII-XIIIს.ს აღდგენილია 2002წ. დგას.

29. მურჯახეთი- „სურბ ვარაგა ხაჩ“ (გიუტ ხაჩი“) მოხსენიებულია 1839, 1841 წ.წ. დგას.

30. სირქი (პატარა ქაჩო)- „სურბ გევორგ“, 1858წ. აღდგენილია 1864, 1900, 1909, 1911 წლებში, დგას.

31. სულდა-„სურბ ხაჩ“ 1830წ. აღდგენილია 1853წ. დგას. ეს არის სასაფლაო, ფრთოვიხაჩქარი.

32. ვაჩიანი, „სურბ-სიონ“, 1830-იანი წლები, დგას.

33. ვაჩიანი, ახალი სამლოცველო, „სურბ-ჰოვიკ“, („სურბ ლუსავორიჩ“), 2002წ.

34. თრკნა - „სურბ ნშან“, 1840-იანი წლები, აღდგენილია 1891წ. ნახევრად ნანგრევებია.

35. პატარა სამსარა- „სურბ-ჰარუთიუნ“, აღდგენილია 1900-იან წლებში მოქედებს. ეკლესიის გარშემო არის XIXს-ის სომხური სასაფლაო.

36. ოლავერი- „სურბ-ასტვაწაწინ“, 1850-იანი წლები. აღდგენილია 1899წ. დგას. არის ორი სომხური სასაფლაო.

37. ორჯა-ეკლესია „წმ. თადეოს ევ ბარდუღიმეოსი“ 1830-იან წლებში, აღდგენილია 1900წ. დანგრეულ იქნა 1937. მას ესაზღვრება ძველი სასაფლაო 1463 და 1464 წ.წ და XVს-ის ხაჩქარები.

38. ჩამდურა- „სურ ჰარუთიუნ“ (სურბ კირაკი), XIXს. ნანგრევები.

ეს ეკლესიები მეორე პერიოდში 1801წლის შემდეგ XIXს_შია აგებული, გარდა ორისა-კორხის და ვაჩიანის (XX- XXIს.ს.)


როგორც ცნობილია, რუსეთმა არ შეასრულა 1783წლის გეორგიევსკის ტრაქტატით გათვალისწინებული არცერთი მუხლი და მოახდინა საქართველოს ფაქტიური ოკუპაცია და ანექსია გააუქმა ბაგრატოვანთა სამეფო ტახტი, რაც ამ ხელშეკრულების არცერთი მუხლით არ ითვალისწინებდა და საქართველო გუბერნიების სახით შეუერთა რუსეთის იმპერიას. ამდენად, ოკუპანტი რუსეთის მეფის ან უმაღლესი ჩინოვნიკის „პრიკაზი“, ნებართვა სომხური ეკლესიის აშენების შესახებ საქართველოში მას იურიდიული ძალა არ აქვს, რადგან საქართველო რუსეთის სამართალმემკვიდრე არასდროს არ ყოფილა და არც ახლა არის.

აქედან გამომდინარე ახალქალაქის რაიონის ზემო ჩამოთვლილი „სომხური“ ეკლესიის გადაცემა საქართველოს სომხური ეპარქიის გამგებლობაში სამართლებრივად გაუმართლებელია, რადგან უნებართვოდ, უკანონოდ არიან აშენებულნი ჯავახეთის უძველეს ქართულ მიწაზე.

წაკითხულია : 388


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები