ეკონომიკა

ნათია თურნავა: სამეზობლო ქვეყნებიდან ტურისტების უფრო აქტიურ ჩამოსვლას ხელს შეუწყობს სახმელეთო საზღვრების გახსნა

19.05.21 17:40


„აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ტურიზმი იმაზე სწრაფად აღდგება საქართველოში, ვიდრე ეს თავიდან პესიმისტური პროგნოზებით გვქონდა ნავარაუდევი. ვფიქრობ, აღდგენა 30 პროცენტზე მეტი იქნება, შესაძლებელია 50 პროცენტამდეც იყოს. რა თქმა უნდა, ბევრი რამ დამოკიდებულია გლობალურ პანდემიაზე, მაგრამ ვაქცინაცია დაწყებულია, განწყობა არის ძალიან კარგი, ვხედავთ, რომ მრავალრიცხოვანი ჯგუფები სხვადასხვა ქვეყნებიდან უკვე გვსტუმრობენ,“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომელიც მადრიდის ტურიზმის გამოფენაში Fitur 2021 საქართველოს სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობაში მონაწილეობს.


დელეგაციას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს.

 

მინისტრის განცხადებით, საქართველოში გაიზარდა ტურისტების ჩამოსვლა სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან, ისრაელიდან, ევროკავშირიდან და მეზობელი ქვეყნებიდან.

 

„მადრიდის გამოფენაზე ვხედავთ გაზრდილ ინტერესს, რომ ევროპელი ტურისტები მეტად ჩამოვიდნენ საქართველოში. ჩვენს სამეზობლოდან ტურისტების უფრო აქტიურ ჩამოსვლას ხელს შეუწყობს სახმელეთო საზღვრების გახსნა, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ და ვფიქრობ, რომ საზაფხულო სეზონისთვის მოვახერხებთ უსაფრთხოდ, ძალიან სერიოზული კონტროლით, გავხსნათ სახმელეთო საზღვრები დაახლოებით იგივე წესით, როგორც ჩვენ საჰაერო საზღვარი გვაქვს გახსნილი,“ - აღნიშნა ნათია თურნავამ.

 

მინისტრის განცხადებით, საქართველოს ავიაბაზარზე ყოველკვირეულად იზრდება როგორც ფრენების სიხშირე და ქვეყნების გეოგრაფია, ასევე ავიაკომპანიების რაოდენობაც. მისი თქმით, უახლოეს მომავალში საქართველოში ფრენებს დაიწყებს ევროპული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „ევროვინგზი“, რომელიც აქამდე ჩვენს ქვეყანაში არ დაფრინავდა.

 

„ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილები, განსაკუთრებით მადრიდის ტურიზმის გამოფენის შემდეგ,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 298


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები