პოლიტიკა

24-25 მაისს საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება

20.05.16 18:05


მიმდინარე წლის 24-25 მაისს, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ამერიკის შეერთებული შტატების ატლანტიკურ საბჭოსთან პარტნიორობით, საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების რიგით მე-10 კონფერენციას უმასპინძლებს.

ყოველწლიურად, კონფერენციაზე თავს იყრის 300-მდე სტუმარი, სადაც განიხილება გლობალური და ტრანსატლანტიკური საზოგადოების წინაშე არსებული საფრთხეები, გამოწვევები და მათი გადაჭრის შესაძლო გზები. წელს კონფერენცია სტრატეგიულად მნიშვნელოვან პერიოდში, ნატოს ვარშავის სამიტის წინ იმართება.

კონფერენცია აერთიანებს გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, ექსპერტებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, რომლებიც ინტერაქტიული პლენარული სხდომებისა და ღია დისკუსიების ფორმატში ერთმანეთს გაუზიარებენ საკუთარ მოსაზრებებსა და ხედვებს დღევანდელი საერთაშორისო წესრიგის წინაშე არსებულ უმნიშვნელოვანესი გამოწვევების შესახებ. კონფერენციის მსვლელობისას მაღალი რანგის მონაწილეები ჩაერთვებიან უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების ფართო სპექტრის განხილვაში, სადაც მთავარი აქცენტი 2016 წლის ვარშავის სამიტზე გაკეთდება.

კონფერენციის დღის წესრიგი ითვალისწინებს დისკუსიებს საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებსა და საპარლამენტო ფრაქციების ლიდერებთან. საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და სხვა პოლიტიკური ფიგურები კონფერენციის მონაწილეებთან ერთად ჩაერთვებიან ინტერაქტიულ განხილვებში საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ. ამასთან, აღნიშნული ლიდერები ყურადღებას გაამახვილებენ საქართველოს ერთგულებაზე ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაღრმავების მიმართ და ამ გზაზე პროგრესის მიღწევის აუცილებლობაზე.

კონფერენციაზე ინტერაქტიულ რეჟიმში განიხილება ოთხი მთავრი თემა. პირველი დღე სრულად დაეთმობა ნატოს, სადაც მთავარი აქცენტი მოახლოებულ ვარშავის სამიტზე გაკეთდება. მონაწილეები განიხილავენ სამიტის დღის წესრიგის ძირითად საკითხებს. მეორე დღეს დაგეგმილია უსაფრთხოების არსებული გამოწვევების სამი ყველაზე აქტუალური თემის განხილვა: ე.წ. შავი ზღვის ფართო რეგიონის, როგორც ევროატლანტიკური უსაფრთხოების არქიტექტურის განუყოფელი ნაწილის უსაფრთხოება; თანამედროვე საერთაშორისო წესრიგის წინაშე არსებული საფრთხეები და მათი ზეგავლენა მცირე ქვეყნებზე; ომის არაკონვენციური განზომილებები.

თითოეული ძირითადი თემის განხილვა დაიწყება პარალელური სესიებით, სადაც მონაწილეებს საშუალება ექნებათ ჩაერთონ ღია დისკუსიებში და წარმოადგინონ საკუთარი არგუმენტები. ცალკეული დისკუსიების დროს წამოყენებული იდეები საბოლოოდ წარმოდგენილი იქნება გამომსვლელებისა და მოდერატორების ერთობლივ დისკუსიებსა და შემაჯამებელ სხდომაზე. თითოეული თემის/სესიის განხილვას უმასპინძლებს სხვადასხვა ცნობილი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს დისკუსიის შინაარსობრივი მხარისა და ფორმატის ორგანიზებაში.

ძირითად და დამატებით აქტივობებთან ერთად მონაწილეებს საშუალება ეძლევათ დაესწრონ (ცალკე მოსაწვევების საფუძველზე) წინასწარ შერჩეულ თემატურ ვახშამს, რომელიც კონფერენციის პირველი დღის დასასრულს გაიმართება. ვახშმებზე განხილული თემატიკა მომდევნო დღის ინტერაქტიული დისკუსიისათვის ერთგვარი მოთელვის საშუალება იქნება. დისკუსიების არაფორმალური ხასიათი საქმიანი ურთიერთობების სასიამოვნო გარემოში გადატანისა და ქართული კულტურის უკეთ გაცნობის საშუალებას იძლევა.

წლევანდელი საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია ქვეყნის დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავს ემთხვევა. კონფერენციის სტუმრები, ასევე, მიწვეულნი არიან 26 მაისისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებზე.


წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 64


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები