ეკონომიკა

ანდრია გვიდიანი: ეკონომიკური ზრდის დღეს გამოქვეყნებული მონაცემები შთამბეჭდავია. ასეთი ტენდენცია ყველა მოლოდინს აჭარბებს

31.05.21 14:40


წინასწარი შეფასებით, 2021 წლის აპრილში ეკონომიკის შთამბეჭდავად მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა და 44.8 პროცენტი შეადგინა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ იანვარ-აპრილში მნიშვნელოვნად მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა და 8.1 პროცენტი შეადგინა.


საკითხთან დაკავშირებით, ეკონომისტი ანდრია გვიდიანი მიიჩნევს, რომ ეკონომიკაზე პანდემიის გავლენა სუსტდება.

 

„პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ეკონომიკური ზრდის გამოქვეყნებული მონაცემები, მართლაც შთამბეჭდავია. ასეთი ტენდენცია ყველა მოლოდინს აჭარბებს, შესაბამისად ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები მიუთითებს, რომ ეკონომიკის აღდგენის შეუქცევადი პროცესი დაიწყო. გარდა იმისა, რომ აპრილში 44.8 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა, აღსანიშნავია, რომ იანვარ-აპრილში ზრდის ტემპმა 8.1 პროცენტი შეადგინა.

 

ამასთან დაკავშირებით, ხაზგასასმელია რომ იანვარ-აპრილში დაფიქსირებული ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მოსალოდნელზე მაღალია და აჭარბებს როგორც მთავრობის, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზებს. ამდენად, ეკონომიკური ზრდის ტენდენცია, მიუთითებს, რომ პანდემიის წნეხი ეკონომიკაზე მილევად რეჟიმშია.

 

აღსანიშნავია, რომ ეკონომიკის ასეთი ზრდა მთელი რიგი მიმართულებებით არის განპირობებული. მაგალითად, აპრილში დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა წინა წლის შესაბამისი თვის მაჩვენებელზე 93.4%-ით მეტია, ხოლო ახლად რეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 4876 ერთეულს გაუტოლდა. ასევე, 2021 წლის აპრილში წინა წელთან შედარებით ექსპორტი 70 პროცენტით გაიზარდა და მისმა მოცულობამ 378.1 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.

 

გარდა ამისა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 141%-ით გაზრდილია ტურისტების რაოდენობა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ფულადი გზავნილების ფაქტორი. ამ კუთხითაც წინა წელთან შედარებით გაუმჯობესება გვაქვს. კერძოდ, 2021 წლის იანვარ-აპრილში სულ 693 მლნ დოლარი ჩაირიცხა, რაც 48%-ით მეტია 2020 წლის მონაცემებზე და 34%-ით აღემატება 2019 წლის (პანდემიამდე) პერიოდს. აქედან გამომდინარე, ჩამოთვლილი ფაქტორები ადასტურებს, რომ ეკონომიკის ზრდის კუთხით, მიმდინარე წელი საკმაოდ პოზიტიური იქნება", - განაცხადა გვიდიანმა.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები