ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: ჩვენი მთავარი ამოცანაა, მეტი მცირე ფერმერი ჩავრთოთ დახმარების პროგრამებში და კიდევ უფრო გავზარდოთ ქვეყნის საექსპორტო შესაძლებლობები

28.06.21 10:45


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ქარელის მუნიციპალიტეტში, კომპანიის „მაგალი“ თანამედროვე სტანდარტის სასათბურე მეურნეობაში იმყოფებოდა, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

 

სამინისტროს ცნობით, მეურნეობაში ბროკოლის და ყვავილოვანი კომბოსტოს 80 სათბურია, საიდანაც 500 ტონა მოსავალს ელოდებიან. კომპანია შეღავათიანი აგროკრედიტის ბენეფიციარია, სესხის თანხა 1,5 მლნ ლარს შეადგენს.

 

პროდუქციის გადამუშავება სახელმწიფოს ხელშეწყობით შექმნილ შპს „გლენბერის“ საწარმოში ხორციელდება. საბოლოო პროდუქტი ექსპორტზე ამერიკის შეერთებულ შტატებში გადის. სასათბურე მეურნეობაში 150 ადამიანია დასაქმებული.

 

„ქვეყანაში საექსპორტო პოტენციალი დიდია და, ვფიქრობთ, ამ მიმართულებით თანამშრომლობის სივრცე არსებობს. ჩვენი ამოცანაა, ადგილობრივი მოსახლეობა საწარმოო ჯაჭვში, გარანტირებული შესყიდვების მოდელით, მაქსიმალურად იყოს ჩართული.

 

უახლოეს პერიოდში, მწარმოებლებთან ერთად, დავამუშავებთ ახალ პროექტს, რომელიც ადგილობრივი მცირე მეწარმეების, მცირე ფერმერების საკრედიტო რესურსებზე წვდომის საშუალებას გაზრდის. ისინი შეძლებენ, თანამედროვე სათბურები მოაწყონ საკუთარ მცირე ნაკვეთებში.

 

გარანტირებული შესყიდვის კონტრაქტის პირობებში კი, მოახდენენ პროდუქტის მაღალ ფასში რეალიზებას. ჩვენი მთავარი ამოცანაა მეტი მცირე ფერმერი ჩავრთოთ დახმარების პროგრამებში და კიდევ უფრო გავზარდოთ ქვეყნის საექსპორტო შესაძლებლობები“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 343


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები