ეკონომიკა

ირაკლი ნადარეიშვილი: საქართველოში ეკონომიკური ზრდის რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა

02.07.21 11:45


„ბოლო პერიოდში დაფიქსირდა ეკონომიკური ზრდის რეკორდული მაჩვენებლები, რაც ცალსახად იმის წინაპირობაა, რომ ქვეყანა შედის აქტიური ეკონომიკური აღდგენის ფაზაში, - ამის შესახებ განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა კომპანია „თიბისი კაპიტალის“ მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში , რომელზეც განხილული იქნა საქართველოს ეკონომიკის მიმდინარე მდგომარეობა, ძირითადი მაკრო-პარამეტრების უახლესი დინამიკა და მოლოდინები.

 

სამინისტროს ცნობით, დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა და „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე.

 

თავის გამოსვლაში ირაკლი ნადარეიშვილმა ვრცლად ისაუბრა ეკონომიკის სტიმულირების სამთავრობო პროგრამებზე, რომლებიც კერძო სექტორს პანდემიური შოკიდან გამოსვლაში დაეხმარა და ასევე მიმართულია პოსტკრიზისული გამოწვევების დასაძლევად.

 

„ჯერ კიდევ 2020 წლის მეორე ნახევრიდან, როდესაც რეალურად შესაძლებელი გახდა ბიზნესს აქტივობა და ეკონომიკური საქმიანობა, ჩვენ მაქსიმალურად გავაფართოოთ კერძო სექტორის მხარდაჭერის მიმართულებები. მათ შორის, ავამუშავეთ საკრედიტო - საგარანტიო სქემა და დღეის მდგომარეობით მხოლოდ ამ პროგრამით 250 მლნ ლარის ოდენობის სესხის გარანტია განვახორციელეთ.

 

ჩვენს პროგრამებში მოხვდა 60-მდე ახალი სასტუმროს პროექტი, რომლებიც დააფინანსეს არა მხოლოდ ინვესტორებმა, არამედ მათ ჰქონდათ საბანკო დაფინანსებაც და ეს მაშინ, როდესაც ტურიზმის აღდგენაზე საუბარიც კი არ იყო,“ - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

 

მინისტრის მოადგილის განცხადებით, მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდაჭერა ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

 

„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას დააანონსა ბიზნესის სტიმულირების ახალი პროგრამები, რომლებიც დაახლოებით 1 თვეში ამოქმედდება.

 

ჩვენ მთელი 2020 წლის განმავლობაში ბიზნესთან ძალიან აქტიურად ვიმუშავეთ ყველა იმ პროგრამის დიზაინზე, რომელიც განხორციელდა კრიზისის დაძლევის ნაწილში.

 

დღეს გვინდა, მოვუწოდოთ ბიზნესს, რათა აქტიურად ჩაერთოს აღდგენის ნაწილში, რათა ყველა ის ღონისძიება, რომელთაც ეკონომიკის სამინისტრო განახორციელებს, იყოს მიზნობრივი და მაქსიმალურად ეფექტური,“ - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

 

დისკუსიამდე „თიბისი კაპიტალის“ მკვლევარებმა წარმოადგინეს მაკროეკონომიკური პროგნოზები და სექტორული განვითარების მიმოხილვა. მათ შორის, „თიბისი კაპიტალის“ პროგნოზის მიხედვით, საქართველოს მშპ-ის ზრდა მოსალოდნელზე ძლიერია - რეალური ზრდა 2021 წელს დაახლოებით 10.5% იქნება, 2022 წელს კი - 6.5%.

 

კვლევის თანახმად, 2019 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების 40% 2021 წელს აღდგება, 2022 წლის მაჩვენებელი კი 2019 წლის 90%-ს მიაღწევს.

 

კვლევაში აღინიშნა, რომ თბილისში უძრავი ქონების გაყიდვების დინამიკის აღდგენისა და იჯარის შემოსავლიანობის გაუმჯობესების გათვალისწინებით, გაყიდვები კრიზისამდელ ნიშნულს 2021 წელს გადააჭარბებს. ამავე კვლევის თანახმად, შესამჩნევი გაუმჯობესება შეინიშნება დიდი სასტუმროების დატვირთულობაში. თუმცა, კვლავ დაბალი მაჩვენებელი რჩება მცირე და საშუალო სასტუმროებში.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები