პოლიტიკა

ჯეიმს აპატურაი: ნატოსთვის შთამბეჭდავია როლი, რომელსაც საქართველო ახლა თამაშობს რეგიონში

02.07.21 13:00


სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს შეხვდა.

 

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჯეიმს აპატურაიმ აღნიშნა, შეხვედრაზე განიხილეს საგარეო პოლიტიკის სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი.

 

„ვისაუბრეთ, როგორ უნდა გავაგრძელოთ საქართველოს სვლა ნატოს წევრობასთან დასაახლოებლად. შევთანხმდით, რომ მიღწეულია უზარმაზარი პროგრესი ბოლო 10 წლის განმავლობაში და სამიტზე, რომელიც ცოტა ხნის წინ ჩატარდა, ეს პროგრესი აღიარებულია. ჩვენ განვიხილეთ რეგიონული უსაფრთხოების საკითხი და მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ნატოსთვის შთამბეჭდავია როლი, რომელსაც საქართველო ახლა თამაშობს რეგიონში, რათა დაეხმაროს აზერბაიჯანსა და სომხეთს, გადალახონ საომარი მოქმედებები, დაიწყონ საუბარი. ეს არის უნიკალური როლი, რომლის შესრულებაც მხოლოდ საქართველოს შეუძლია. საქართველო ამას უდგება ნამდვილად შემოქმედებითად და ენერგიულად. ვხედავთ, რომ ის ეხმარება აზერბაიჯანსა და სომხეთს ერთმანეთთან საუბრის გამართვაში. ჩვენ ამით კმაყოფილი და მადლიერები ვართ. ჩვენ ასევე განვიხილეთ უსაფრთხოება შავი ზღვის რეგიონში, რომელიც გაუარესებულია, ეს ვიცით, თუმცა ახლა ერთად უნდა ვიმოქმედოთ და ვითანამშრომლოთ. ასევე განვიხილეთ უსაფრთხოების ახალი გამოწვევები, როგორიცაა კიბერუსაფრთხოება და ამ სფეროში მეტის გაკეთება შეგვიძლია სამომავალოდ, ჩემს ახალ პოზიციაზე ამის უზრუნველყოფას ვეცდები.

საქართველოში ვნახეთ პოლარიზაცია. ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოს პარლამენტმა შეძლო მიეღო საჭირო ცვლილებები, რათა ხელახლა დაიწყოს ფუნქციონირება, რომ მნიშვნელოვანი რეფორმები გაატაროს. ვიცი, რომ ახლა მიმდინარეობს რეფორმები, მათ შორის მართლმსაჯულების სფეროში და აშშ-ის მთავრობა ამ კუთხით ძალიან აქტიურია.

სწორი გეზით მივდივართ და ნამდვილად კმაყოფილები ვართ. მიმაჩნია, რომ პირველ რიგში რეფორმები სჭირდება ქართველ ხალხს. რეფორმები, რომელსაც პარლამენტი მიიღებს, ასევე დააახლოებს საქართველოს ნატოსთან“, – განაცხადა აპატურაიმ.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 316


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები