ბონდო არველაძე ქართული ეკლესიები საქართველოსა და სომხეთში ნაწილი XXII

30.09.16 18:40



ბოლნისის რაიონი

„სოფ. რატევანის წმ. გიორგის ეკლესია. XVI-XVIIს.ს რესტავრირებულია XIX ს-ში“.

რატევანის წმ. გიორგის ეკლესიის სომეხთა მიერ მითვისების ისტორია.

გადმოცემულია ჟურ. „მოგზაურის“ ფურცლებზე (1901 N 22)- სტატიაში- „ბორჩალოს მაზრა და მასში მცხოვრები ქართველები“. ეს ეკლესია მდიდარ სომეხს ვინმე ფითოევს მიუთვისებია და ქართველები სალოცავად არ შეუშვია.

კიდევ უფრო საინტერესოა გუბერნატორის არქივში ჩვენს მიერ ნანახი საარქივო მასალა. ამ მასალიდან ირკვევა, რომ დეკანოზი პოლიევქტოს კარბელაშვილი გაუგზავნიათ ქვემო ქართლში სომხების მიერ ქართული ეკლესიების მისაკუთრების გამოსარკვევად. მას შემოუვლია ქვემო ქართლის სოფლები და ადგილზე შეუმოწმებია იქ არსებული ძველი ქართული ეკლესიების მდგომარეობა. მას უნახავს ბოლნისის სიონი, რომელიც ნახირის თავშესაფრად ყოფილა ქცეული, შულავერის წმ. თომას, ხატის სოფლის ღვთისმშობლის ეკლესია, არახლოს (ნადიხურ) ეკლესიები და სხვები, სომხებს ჰქონიათ მისაკუთრებული. სოფ. რატევანის წმ. გიორგის ეკლესიაში კი სომხის ტერტერას არ შეუშვია. მას ეკლესიის კარები ბოქლომით დაუკეტია და წასულა. დეკანოზი კარბელაშვილი იძულებული გამხდარა საყდარი გარედან დაეთვალიერებინა. სომეხი სასულიერო პირები ისე ყოფილან გათავხედებულნი, რომ დეკანოზ კარბელაშვილს თან ახლდა პოლიცმეისტერი, მაგრამ ტერტერა მასაც არ შეპუებია, ეკლესიაში არ შეუშვია.

დეკანოზ კარბელაშვილს არქიეპისკოპოსის ფლავიანის სახელზე დაუწერია ეს მოხსენებითი ბარათი. მას კი რეაგირებისთვის გადაუგზავნია გუბერნატორ სვიჩინისათვის, 1899წ. 28 დეკემბერს.

გუბერნატორმა სვიჩინმა რა ზომები მიიღო სომეხი სასულიერო პირების მიერ ქართული ეკლესიების მიტაცების აღსაკვეთად არქივის მასალებში ვერ ვნახე, მაგრამ ფაქტია რატევანის წმ. გიორგის ქართული ეკლესია მაინც მიუთვისებიათ სომხებს და ახლა ეპ.მირზახანიანი მის გადაცემას მოითხოვს.




ახალციხე

სურბ-გრიგოლ ლუსავორიჩ

(ქ.ახალციხე წმ. გრიგოლ განმანათებლის ეკლესია).

ეპ. მირზახანიანის მიერ წარმოდგენილ სიაში ახალციხის „სურბ-ლუსავორიჩის“ ეკლესიის შესახებ აღნიშნულია - ადრე აქ კარაპეტიანის სასწავლებელი იყო, სადაც სომეხ ბავშვებს ასწავლიდნენ მშობლიურ ენას და ეკლესიის ისტორიას. ეს სასწავლებელი 1837 წლის 8 იანვარს გადაუკეთებიათ „სურბ-ლუსავორიჩის“ ეკლესიად ( „ფორძ“, 1876, N 1, გვ. 443).

შემდგომ წლებში არაერთხელ მომხდარა ამ ეკლესიის რესტავრაცია და დღემდე მოქმედი ეკლესია არისო.

ახალციხის „სურბ-ლუსავორიჩის“ ეკლესიის შესახებ არის განსხვავებული ქართული ცნობა. ცნობილი სიძველეთმცოდნე გ. ბოჭორიძე წერს- „უბანი ახალციხის არის დრამჰალა:

1. აწინდელი სომხური სტეფანოსის ეკლესიის ადგილას ძველად ქართველების ეკლესია ყოფილა. სომხური ახალია.

2. ჯამედ ყოფილა გრიგოლ განმანათლებლის (სომეხთა) ეკლესია....

XIXს-ის 30-იან წლებში ახალციხე ფაქტიურად მუსლიმი მოსახლეობისგან დაცლილი იყო. როგორც ჩანს ამ გარემოებით ისარგებლეს ერზერუმიდან ახალციხეში შემოსახლებულმა სომხებმა და მუსლიმანური ჯამეს მაგიერ აქ გახსნეს სომხური სკოლა (1837), შემდეგ გადააკეთეს სურბ-ლუსავორიჩის სახელობის სომხურ ეკლესიად.

XIXს-ში მუსლიმანური საკულტო ძეგლების ქრისტიანულ სამლოცველოებად გადაკეთების ტენდენცია ფაქტია. აი, რას წერს ლ. ზაგურსკი местопребывание ахалцихского паши, великолепная мечеть с минаретом, главное медрессе паши ----- и помещялся значительный горнизон. При входе в дворец во первых обращяет на себя внимание бывшая мечеть, переделанная потом на праваславную церковь“.

გრიგოლ ლუსავორიჩის ეკლესიის შესახებ საინტერესო ცნობაა დაცული საქართველოს სსრ კულტურის სამინისტროს ისტორიის, კულტურისა და ბუნების ძეგლთა დაცვისა და გამოყენების მთავარ სამეცნიერო-საწარმოო სამართველოს მიერ გაცემულ ამ ეკლესიის პასპორტში N 39: „შენობა თავდაპირველად იყო მეჩეთი, 1877 წლამდე, შემდეგ გააკეთეს სომხურ ეკლესიად. ამაზე მიგვითითებს დასავლეთის შესასვლელის თავზე გაკეთებული წარწერა.... ჩრდილოეთის ფასადთან არის ქვა, ქართული მხედრული წარწერის ფრაგმენტით და ჯვრის ფრაგმენტით... პირველ რეგისტრში ჩადგმულია ხაჩკარი, მასზე ამოკვეთილია „კარაპეტ ბაგრატუნი.“ შემდეგ ხელით არის მიწერილი „აქ იყო თურქების მოსვლამდის იოანე ოქროპირის სახელობის ეკლესია, რომელიც თურქებმა გადააკეთეს მეჩეთად (1770-იან წლებში).“

1875 წ. ომის შემდეგ, როცა არდაგანი რუსებმა დაიბრუნეს, ამის პასუხად სომხებს მიეცათ უფლება მეჩეთი გადაეკეთებინათ სომხურ ეკლესიად. უბანს სადაც ეს ეკლესია დგას ადრე ერქვა ფირალათ (ფირალიშვილების) უბანი, აქ მღვდელი იყო ფირალიშვილი, მერე გამუსულმანდა და ფაშას სიძე გახდა, მიეცა ჯავახეთის ფაშობა, იჯდა არა ხერთვისში არამედ ნიჯგორში.“

ახალციხის გრიგოლ ლუსავორიჩის ეკლესია გადაკეთებული ქართული იოანე ოქროპირის ტაძარია და მისი გადაცემა მიზანშეუწონლად მიგვაჩნია. *




ახალქალაქი

სურბ-ხაჩ (წმ.ჯვარი)

ს.კარაპეტიანის მიერ ე.წ. მტკიცებულებანში ისეა გამოყვანილი თითქოს ეს მხარე ძველი დროიდან სომხური იყო.

ახალქალაქი XIს-შია დაარსებული, ძველი ქალაქის ფარგლებში შემორჩენილია IX-X საუკუნეებისთვის დამახასიათებელი ხაჩქარები. ამ ხაჩქარებით არის მცდელობა თითქოს ამ მხარეში სომხური დასახლება ჯერ კიდევ XI-ს-მდე იყო, მაგრამ თუ გავიხსენებთ იმ ფაქტს, რომ არქეოლოგიური გათხრების შედეგად აქ აღმოჩენილია ნეოლითური და ადრე ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარი, ამ დროს სომხები კავკასიაში საერთოდ არ იყვნენ.... ასევე გასათვალისწინებელია ისიც რომ ძვ. წ. აღ. VIIIს-ის ურარტულ წყაროებში მოხსენიებული „ზაბახა“ ანუ ჯავახეთი, რომელიც ბრძოლებს აწარმოებდა ურარტულებთან მაშინ გუგარქის ხსენებაც არ იყო.

ქართული წყაროების მიხედვით წუნდის საერისთავოში გაერთიანებული ჯავახეთი უძველეს დრიოდან ქართველ მეფეს ემორჩილებოდა. პირველი ქართული ეკლესიები აქ V-VI საუკუნეებში აშენდა, ხოლო ვახტანგ გორგასალმა ჯავახეთში საეპისკოპოსო კათედრალი დაარსა.

არაბული და სომხური წყაროები იოანე მამიკონიანი, ბალაძორ-ჯავახეთს ქართლის ამ მხარეთა შორის ასახელებენ, რომლებიც VII საუკუნეში დაიპყრეს არაბებმა.

ს.კარაპეტიანის მიერ წარმოდგენილ ე.წ. მტკიცებულებანი სურ-ხაჩის შესახებ აღნიშნულია - „ ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადზე მოთავსებულია IX-X საუკუნეების დამახასიათებელი მხატვრული თავისებურების მქონე ქვაჯვარი (ხაჩქარი ბ.ა.). იმავე პერიოდის სხვა ქვა-ჯვარია მოთავსებული საკურთხეველშიც, მაგრამ, აი რას წერს ამ ხაჩქარის შესახებ დ. ბერძენიშვილი- „ამ, წმ. ჯვრის (სურბ- ხაჩ ბ.ა.) ეკლესიაში ჩაშენებულმა IX-X საუკუნეების ხაჩქარმა „დაამტკიცა“ სომხური დასახლების იქ არსებობა, ასეთ საბუთს რას დააკლებს ის ფაქტი, რომ ნაქალაქარის ტერიტორიაზე გათხრილი და შესწავლილია ძველი ქართული ეკლესიის ნაშთი, IX-X საუკუნეებისა, ე.წ. „თავისუფალი ჯვრის“ ტიპის ცენტრალურ- გუმბათოვანი ნაგებობა, მის ნანგრევებში, ნაპოვნი ქვაჯვართა ბაზისური და კარნიზები კი V-VII და VIII-IX საუკუნეებს განეკუთვნება. ივარაუდება, რომ ისინი IX-X საუკუნეების ეკლესიის მშენებლობაში იქ არსებული უფრო ძველი სამლოცველოდან მოხვდნენ. ამავე ხანისაა ნაქალაქარის ტერიტორიაზე გამოვლენილი ციხე-სიმაგრეც“.

საგანგებოდ წავედი ახალქალაქში და ადგილზე შევისწავლე სურბ-ხაჩში ჩაშენებული ხაჩქარი. მას აშკარად ეტყობა გვიან არის ჩადგმული ეკლესიის დაძველების და მისაკუთრების მიზნით.

საეჭვოა აგრეთვე ს.კარაპეტიანის მიერ „აღმოჩენილი“ და პირველად გამოქვეყნებული დანარჩენი ხაჩქარის და წარწერების „სიძველენი“.

როგორც ირკვევა სურბ-ხაჩი (წმ.ჯვაი) 1830-იან წლებში აუგიათ კარინიდან შემოსახლებულ სომხებს. მისი ქტიტორული წარწერა დროთა განმავლობაში განადგურებულა, მაგრამ საარქივო მასალებით გარკვეულა აშენების და შემდგომ წლებში მისი განახლება-რესტავრაციის თარიღები.

სომხურმა მხარემ, თუნდაც რომ წარმოადგინოს რუსის მაღალი ჩინოვნიკის ან ეგზარხოსის „პრიკაზი“ სურბ-ხაჩის ეკლესიის აგების ნებართვის თაობაზე,იურიდიული ძალის არ მქონეა, რადგან საქართველო არ ყოფილა და არც ახლა არის მეფის რუსეთის ან საბჭოთა იმპერიის სამართალ მემკვიდრე.

ამ ეკლესიის გადაცემის საკითხი დამოკიდებულია ქართული მხარის კეთილ ნებაზეю

წაკითხულია : 13060


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები