პოლიტიკა

„ვერავინ დამაჯერებს, რომ პატრიარქისგან მოწოდებული ყოფილიყო ის, რაც გუშინ ხდებოდა“ - ბესელია

06.07.21 16:40


პარტია „სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარე ეკა ბესელია 5 ივლისს რადიკალური დაჯგუფებების მიერ ჟურნალისტებზე თავდასხმისა და მმართველი გუნდის ლიდერების მიერ გაკეთებულ განცხადებებზე საუბრობს.


ბესელიას თქმით, 5 ივლისს დედაქალაქში განვითარებული პროცესები პირდაპირ იყო ხელისუფლებისგან წახალისებული.

 

ამასთან, ბესელიას თქმით, ყველაზე დიდი ტოლერანტი პატრიარქი ილია მეორეა და რაც გუშინ მოხდა, მისგან არ იქნებოდა მოწონებული.

 

„პრემიერ ღარიბაშვილს მინდა ვუთხრა, რომ რაც გუშინ ვიხილეთ, ეს არ არის ადმინისტრაციული დარღვევა. ქვეყანაში არ მუშაობდა კონსტიტუცია. გუშინ ქვეყანა გასული იყო კონსტიტუციური და სამართლებრივი სივრციდან, ეს იყო აბსოლუტური ქაოსი. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული.

 

ეს არის ზუსტად იმის დადასტურება, რომ წახალისებული იყო ეს პროცესი. გააკეთეს მაპროვოცირებელი განცხადებები. აქვე მინდა აუცილებლად ვთქვა, რომ არ ვარ მომხრე კრებსითაც ვლანძღოთ ან ვაკრიტიკოთ ან მთლიანად საპატრიარქო ან მთლიანად პოლიტიკოსები.

 

აუცილებელია დიფერენციაცია. ძალიან ახლოს ვიცნობ ბევრ სასულიერო პირს, რომელიც ემიჯნება ძალადობას, ყველაზე მეტად მე ასეთად ვიცნობ საქართველოს პატრიარქს, რომელსაც ვერავინ დამაჯერებს, რომ ის რაც გუშინ ხდებოდა, მისგან ხელდასხმული ან მოწონებული იყოს. არ მჭირდება არავის ახსნა, პირადად ვიცნობ. ვიცი მისი ძალიან დიდი ტოლერანტობა“, - აღნიშნა ბესელიამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

 

ინფორმაციისთვის, 5 ივლისს „რუსთაველის“ გამზირზე სიტუაცია დაიძაბა. პარლამენტის შენობასთან „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციის მონაწილეებმა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გაშლილი კარვები დაარბიეს, ხოლო შემდეგ ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

 

აგრეთვე, „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციის წარმომადგენლებმა მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისი დაარბიეს.

 

მოგვიანებით, „თბილისი პრაიდმა“ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ „ღირსების მარში“ 5 ივლისს არ შედგება.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები