პოლიტიკა

საბურთალოს რაიონში „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორმა პარტია დატოვა

30.09.16 20:15


საბურთალოს რაიონში „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორმა, ნინო კვარაცხელიამ და მისმა რამდენიმე თანამოაზრემ პარტია დატოვეს. როგორც კვარაცხელიამ „კვირას“ განუცხადა, ,პარტიის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მან რამდენიმე მიზეზის გამო მიიღო.

კვარაცხელია აცხადებს, რომ გიგა ბოკერიამ პარტიულ ღირებულებებს და პრინციპებს უღალატა.

კვარაცხელია რამდენიმე წუთში ბრიფინგს გამართავს, მანამდე კი ყოფილი კოორდინატორი “კვირასთან” აცხადებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ერთგულ აქტივისტებს შრომას არ უფასებენ.

„ის, რის თქმასაც დღეს საჯაროდ ვაპირებ, ბევრჯერ მითქვამს პირად შეხვედრებში და სოციალური ქსელის საშუალებით, მაგრამ ყური არავინ უგდო, მიუხედავად იმისა, რომ პარტიის ლიდერები შეხვედრებზე ხშირად საუბრობდნენ, თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანიაო, გავითვალისწინებთ თქვენს შენიშვნებს და თქვენთან ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებებსო.

სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა და სიტყვები დარჩა ჰაერზე ნათქვამი. მაპატიეთ, მაგრამ ვერ გავხდები თანამონაწილე იმ საქმის, სადაც ერთგულ აქტივისტებს შრომას არ უფასებენ და მხოლოდ იყენებენ მათ, ეს მაშინ, როდესაც მძიმე პირობებში უწევთ მუშაობა და ამომრჩეველთან შეხვედრისას უამრავ ლანძღვა-გინებას იტანენ.

ბევრი ემორჩილება თავის ბედს და თვითონ ტოვებს პარტიას. თქვენ. ბატონებო. და უპირველესად, ბატონო გიგა ბოკერია, უღალატეთ პარტიულ ღირებულებებს და პრინციპებს. დღემდე გყავთ პარტიაში ვირთხები და არაფერს აკეთებთ მათ მოსაშორებლად, ხოლო თუ ვინმემ კრიტიკული რამ გითხრათ, მას მოღალატედ რაცხავთ, ხოდა მინდა გითხრათ, ეს თქვენ მიღალატეთ მე, მე, რომელიც ამ წლების განმავლობაში ვიბრძოდი თქვენ გვერდით უანგაროდ,
თუმცა იმათ, ვისაც ჩემზე ნაკლები ღვაწლი ჰქონდა, კარგი სამსახურები დაურიგეთ და ბოლოს გაგიდგნენ, გიღალატეს. იმიტომ ვიდექი „ნაციონალური მოძრაობის“ გვერდით, რომ მჯეროდა, ჭეშმარიტ ქართულ სახელმწიფოს აშენებდით და მომავლის ბედ-იღბალი გაწუხებდათ… ისევ იგივე შეცდომებს უშვებთ, ბატონებო და არ გესმით პატრიოტების ხმა, მტერს ეძებეთ იქ, სადაც ისინი არ არიან.

ამიტომაც გადავწყვიტე საჯაროდ გამოსვლა, რომ მოგაწვდინოთ ხმა, იმედია აწი მაინც დაფიქრდებით, ხოლო მე და ჩემი თანამოაზრეები ვტოვებთ „ნაცმოძრაობას“, რითაც ასევე ვემიჯებით იმ ძალადობრივ სცენარს, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ უპასუხისმგებლო ლიდერების გამო შეიძლება განვითარდეს ქვეყანაში“, – წერს კვარაცხელია.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები