პოლიტიკა

„ევროკავშირის დროშა არ არის უბრალოდ დროშა, ეს არის კონსტიტუციით განსაზღვრული ქართველი ხალხის არჩევანი“ - კახა კუჭავა

26.07.21 11:20


პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ სატელევიზიო ეთერში, 6 ივლისის მოვლენებზე და იმ კანონპროექტზეც ისაუბრა, რომელიც პარლამენტში სიმბოლიკის დასაცავად დარეგისტრირდა.


„ევროკავშირის დროშა ეს არ არის უბრალოდ დროშა, რომელიც ამა თუ იმ შენობის წინ არის აღმართული, ეს არის კონსტიტუციით განსაზღვრული ქართველი ხალხის არჩევანი. ძალიან მნიშვნელოვანია შევძლოთ ბოლომდე დავიცვათ ეს არჩევანი და გარკვეული ჯგუფების მიერ ასეთი ვანდალური ქმედებით მიყენებულ ზიანის მოჰყვეს შესაბამისი რეაგირება.

 

როდესაც მეორე დღესვე ჩემს იურისტებთან ერთად მოვიკითხე რა სამართლებრივი საფუძვლები არსებობდა მსგავსი ქმედებების წინააღმდეგ, აღმოჩნდა, რომ საკანონმდებლო ბაზაში მსგავსი არაფერი გვაქვს. სხვათა შორის, საერთაშორისო პრაქტიკაც მოვიკითხეთ და რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში ასეთი ფაქტი რომ მოხდა, შემდეგ მიიღეს საკანონმდებლო ცვლილებები, რომ დაეცვათ დროშა და სიმბოლიკა. ბაზა შევისწავლეთ, მოვამზადეთ კანონპროექტი, რომელიც დარეგისტრირდა“ - განაცხადა კახა კუჭავამ.

 

ინფორმაციისთვის, 6 ივლისს თბილისში ძალადობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა. „მდუმარე აქციის“ პარალელურად ქაშვეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები შეიკრიბნენ. რუსთაველის გამზირზე ვითარება არაერთხელ დაიძაბა. რადიკალური დაჯგუფების წევრებმა არაერთხელ გაარღვიეს სამართალდამცველების მიერ გაკეთებული კორდონი, ისინი „მდუმარე აქციის“ მონაწილეებთან მიახლოებას ცდილობდნენ.

 

ამასთან, ისინი აქციის მონაწილეების და სამართალდამცველების მისამართით ბოთლებს, ქვებს და კვერცხებს ისროდნენ. ასევე, მათ მიერ იქნა გამოყენებული პიროტექნიკაც.

 

„მდუმარე აქციის“ მონაწილეებმა სამართალდამცველების დახმარებით დატოვეს ტერიტორია. სწორედ ამის შემდეგ რადიკალებმა პარლამენტის წინ გადაინაცვლეს, ჩამოხსნეს ევროკავშირის დროშა დაწვეს.

 

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები