პოლიტიკა

პარლამენტი საკანონმდებლო პაკეტის განხილვას იწყებს, რომელიც შეზღუდვების გამო დაჯარიმებული პირების ჯარიმებისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს

26.07.21 12:20


პარლამენტი მთავრობის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვას იწყებს, რომლის საფუძველზეც, პირებს, რომლებსაც პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების დარღვევისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრათ, ამნისტია შეეხებათ. გარდა ამისა, კოვიდ რეგულაციების დარღვევის გამო დაჯარიმებული მოქალაქეები ადმინისტრაციული სახდელისგან და დაკისრებული ჯარიმების გადახდის ვალდებულებისგან თავისუფლდებიან.

 

საკანონმდებლო პაკეტს 26 ივლისს ჯერ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი განიხილვას, ხოლო შემდეგ - იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. არ არის გამორიცხული აღნიშნული საკითხი ხვალინდელი რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგში შევიდეს.

 

მთავრობის ინფორმაციით, ადმინისტრაციული სახდელისგან დაახლოებით 245 ათასზე მეტი მოქალაქე და 344 იურიდიული პირი გათავისუფლდება. საუბარია იზოლაციის, კარანტინის და პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო დაკისრებულ დაახლოებით 76 მილიონი ლარის გადაუხდელ ჯარიმებზე.

 

"ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ჩვენ მივიღეთ პანდემიით გამოწვეული მძიმე სოციალური ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით.

 

პანდემიის პერიოდში არაერთი ჩვენი მოქალაქე და ბიზნესი დაზარალდა. ძალიან რთული წელი იყო 2020 წელი და აღნიშნული სახდელები მათთვის არის დამატებითი ტვირთი. რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ვირუსის მართვის დროს აუცილებელი იყო და არის რეგულაციების დაცვა, თუმცა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკური მდგომარეობის შემსუბუქება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საკანონმდებლო პროექტის ინიცირებისას.

 

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები