პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი - კარგი იქნება, თუ სპეკულაციის თემებად არ გავხდით შიდა პოლიტიკურ პროცესებს ქვეყნის სტრატეგიულ მიზნებთან მიმართებით

29.07.21 18:00


საქართველოს განვითარების უალტერნატივო გზა ნამდვილად არის რეფორმები, რაც საჭიროა ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციისთვის. ამაში ჩვენს პარტნიორებს აბსოლუტურად ვეთანხმებით, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

 

მისივე თქმით, ვიდრე „ქართული ოცნება“ხელისუფლებაშია, ყველა საჭირო რეფორმა გატარდება. მისივე თქმით,  ევროკავშირის ინტეგრაციის კუთხით საჭირო რეფორმები გაწერილია.

 

„რაც შეეხება რეფორმების გატარებას, „ქართულ ოცნებას“ ძალიან მტკიცედ აქვს გაცხადებული, რომ ვიდრე ხელისუფლებაშია, ყველა საჭირო რეფორმა გატარდება, რაც სჭირდება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას, საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას. ჩვენ რა თქმა უნდა, ვრჩებით ამ რეფორმების ერთგული და ამ რეფორმების გატარების პროცესში მუდმივად გვექნება კომუნიკაცია. პროცესში ჩართული იქნებიან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, ისე როგორც ეს აქამდე ხდებოდა.

 

ეს რეფორმები გაწერილია. ჩვენ მადლობელი ვართ შარლ მიშელის, რომელმაც კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმ მნიშვნელოვან სფეროებს, რაც სჭირდება ქვეყნის შემდგომ დემოკრატიულ კონსოლიდაციას. ჩვენ ვთანხმდებით, რომ საქართველო ნამდვილად აგრძელებს აქტიურ მუშაობას ყველა დაინტერესებული პოლიტიკური პარტიის მონაწილეობით, რათა გავატაროთ საჭირო სასამართლო რეფორმა. საარჩევნო რეფორმა კი ვნახეთ, რომ პოლიტიკური პარტიების ჩართულობით შესაძლებელი იყო, მიგვეღო ის ცვლილებები, რაც სჭირდებოდა საარჩევნო პროცესის დახვეწას“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

 

ამასთან, მაკა ბოჭორიშვილი ამბობს, რომ პარტნიორებთან კომუნიკაცია მუდმივად აქვთ და მომავალშიც განაგრძობენ კონსულტაციებს, რათა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი ყოველთვის დღის წესრიგში იყოს.

 

„რა თქმა უნდა, ჩვენ მუდმივად ვართ კავშირზე ჩვენს პარტნიორებთან და მათთან გავაგრძელებთ და ვაგრძელებთ კონსულტაციებს, რათა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი მუდმივად იყოს დღის წესრიგში. კარგი იქნება, თუ არ გავხდით სპეკულაციის თემებად შიდა პოლიტიკურ პროცესებს ქვეყნის სტრატეგიულ მიზნებთან მიმართებით. ქვეყნის სტრატეგიული მიზანი არის ევროკავშირში ინტეგრაცია. ამ მიმართულებით ჩვენ გვჭირდება რეფორმების გატარება. რეფორმებს სჭირდება მშვიდი პოლიტიკური ცხოვრება ქვეყანაში, რასაც სჭირდება არჩევნები და არჩევნების გზით მოქალაქეებს მივცეთ შესაძლებლობა, გამოხატონ თავიანთი ნება.

 

სწორედ სახელმწიფოებრივი ინტერესიდან გამომდინარე მოქმედებს „ქართული ოცნება“. მაშინ, როდესაც შეთანხმებით ვერ შევძელით იმ მიზნის მიღწევა, რასაც ერქვა დეპოლარიზაცია. პოლარიზაციას აქვს ორი ძირითადი პოლუსი. როდესაც ერთი პოლუსი აბსოლუტურად უარს აცხადებს ამ შეთანხმებაში მონაწილეობაზე და არ იზიარებს დეპოლარიზაციის გზას, შეუძლებელია უბრალოდ აზრი ჰქონდეს ამ შეთანხმების ცალმხრივად არსებობას, არათუ შესრულებას. ის მნიშვნელოვანი დებულებები, რომლებიც მოცემულია ამ შეთანხმებაში, რომელიც სჭირდება ჩვენი ქვეყნის ევროპულ გზას და მომავალს, ეს რა თქმა უნდა, ძალაში რჩება. ჩვენ კანონმდებლობის, კონსტიტუციის და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის ფარგლებში ამ საკითხებზე მუშაობას გავაგრძელებთ“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები