საზოგადოება

რომის პაპი: საქართველოში ორი სიურპრიზი დამხვდა – ერთი არის თავად საქართველო

04.10.16 15:00


„მე შემძრა პატრიარქის გაცნობამ და ეს გრძნობა მქონდა მასთან ყოველი შეხვედრისას. ის არის ღვთის კაცი“, – ამის შესახებ პაპმა ბაქოში ვიზიტის შემდეგ, იტალიაში გამგზავრებისას, თვითმფრინავის ბორტზე გამართულ პრესკონფერენციაზე, ”მოამბის” ჟურნალისტის კითხვაზე პასუხისას განაცხადა.

რომის პაპის განცხადებით, მას საქართველოში ორი სიურპრიზი დახვდა.

”საქართველოში ორი სიურპირზი დამხვდა – ერთი არის თავად საქართველო. მე ვერასოდეს წარმოვიდგენდი ქრისტიანული რწმენით სავსე ასეთ ადგილს. ჩემი მეორე აღმოჩენა საქართველოს პატრიარქი იყო – ადამიანი უდიდესი და ღრმა რწმენით. ის არის ღვთის კაცი. მე შემძრა პატრიარქის გაცნობამ და ეს გრძნობა მქონდა მასთან ყოველი შეხვედრისას. დავტოვე გრძნობით, რომ მე ვიპოვე ნამდვილი ღვთის კაცი”, – განაცხადა რომის პაპმა ფრანცისკემ.

რაც შეეხება კითხვას – ილია მეორესთან პირადად შეხვედრის შემდეგ, გაჩნდა თუ არა უფრო დიდი შანსი იმის, რომ იყოს კონსტრუქციული დიალოგი ეკლესიებს შორის იმ დოგმატურ თავისებურებებზე და განსხვავებებზე, რომლებიც არსებობს და როგორ ხედავს ურთიერთობას მართლმადიდებლურ და კათოლიკურ ეკლესიებს შორის, პაპმა აღნიშნა, რომ დოქტრინებზე საუბარი თეოლოგების საქმეა.

”რაც შეეხება საკითხებს, რაც გვაშორებს და გვაერთიანებს, ვფიქრობ, რომ ჩემი საქმე არ არის დოქტრინებზე საუბარი. მოდით, დაუტოვეთ ეს თეოლოგებს განსახილველად. მათ ეს კარგად იციან და ორივე მხარის თეოლოგებმა უნდა შეისწავლონ. რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ, ეს არის ერთმანეთისთვის ლოცვა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.

მეორეა, ერთობლივად რაიმეს გაკეთება. ამდენი ღარიბი ადამიანია. მოდი, ერთად გავაკეთოთ ბევრი რამ ღარიბი ადამიანებისთვის. მათთვისაც, ვისაც ბევრი პრობლემა აქვს”, – განაცხადა რომის პაპმა.

პაპის კომენტარს ”საზოგადოებრივი მაუწყებელი” ავრცელებს.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 316


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები