პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე „ქართული ოცნების“ კვლევაზე - ყველა იმ ციფრს დაწერს, რაც უნდა, მთავარი კვლევა 2 ოქტომბერს იქნება

13.09.21 16:40


უკიდურესად არასერიოზულ სახეს იღებს ეს კვლევების გამოქვეყნება. თანაც შიდაპარტიული კვლევები რა შუაშია? ყველა იმ ციფრს დაწერს, რაც თვითონ უნდა, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებელი - მესამე ძალის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ მიერ ბოლო დროს გამოქვეყნებულ წინასაარჩევნო შიდაპარტიულ კვლევებს, რომლის მიხედვითაც პრაქტიკულად ყველა მუნიციპალიტეტში მმართველი პარტია გამოკვეთილად ლიდერობს.

 

ვაშაძის თქმით, ყველაზე სანდო და მნიშვნელოვანი კვლევა იქნება მოახლოებული არჩევნები.

 

„მთავარი კვლევა 2 ოქტომბერს იქნება და მე დარწმუნებული ვარ, რომ „მესამე ძალას“ ყველგან ექნება მხარდაჭერა და ზუსტად ვიცი, რომ ეს იქნება ცვლილებების არჩევნები, რომელიც რიგგარეშე არჩევნებამდე მიგვიყვანს.

 

საქართველოს მოქალაქეები გადაწყვეტენ, 43%-ზე ნაკლები ექნება „ქართულ ოცნებას“? რიგგარეშე არჩევნები უნდა დაინიშნოს. არ იქნება? მაშინ არ უნდა დაინიშნოს“, - აღნიშნა ვაშაძემ.

 

როგორც მან განმარტა, მისი პარტია სხვა პოლიტიკური ძალებისგან იმით განსხვავდება, რომ საქმეზე არის ორიენტირებული. სწორედ ამიტომ, ის იმედოვნებს, რომ საქართველოს მოსახლეობა მას მხარს დაუჭერს.

 

ამასთან, ვაშაძემ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო დაბრუნებაზეც გააკეთა კომენტარი.

 

„საერთოდ არ მაინტერესებს ეს საკითხი. ეს არჩევნები არის იმაზე, რომ რიგგარეშე არჩევნებამდე მივიდეთ და არა იმაზე, ვინმე ჩამოვა თუ არა ქვეყანაში. შესაბამისად, ყველას მოვუწოდებ, რომ გავასწოროთ სამიზნე მომავალზე, ქვეყნის აღმშენებლობაზე და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებაზე და არა იმაზე, თუ ვინ ჩამოვა თუ არა ქვეყანაში“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები