პოლიტიკა

დღეს ამომრჩევლის მიერ ამომრჩეველთა ერთიან სიაში ცვლილების შეტანის მოთხოვნის ვადა იწურება

14.09.21 13:00


დღეს, 14 სექტემბერს, 18:00 საათზე, ამომრჩევლის მიერ ამომრჩეველთა ერთიან სიაში ცვლილების შეტანის მოთხოვნის ვადა იწურება.

 

ცესკო კიდევ ერთხელ მიმართავს ამომრჩევლებს, გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და ამომრჩეველთა ერთიან სიაში გადაამოწმონ საკუთარი და ოჯახის წევრების მონაცემები.

 

„იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ან ოჯახის წევრების მონაცემებში აღმოაჩენთ უზუსტობას, დღეს, 18:00 საათამდე უნდა მიმართოთ საუბნო ან საოლქო საარჩევნო კომისიას განცხადებით და მოითხოვოთ ამომრჩეველთა სიაში ცვლილების შეტანა“, - აღნიშნულია ცესკოს განცხადებაში.

 

ამომრჩეველთა ერთიან სიაში მონაცემების გადასამოწმებლად ცესკო მოქალაქეებს არაერთ სერვისს სთავაზობს:

 

შესაძლებელია ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდის cesko.ge გახსნა, შესაბამის ველში პირადი მონაცემების შეყვანა და საკუთარი და ოჯახის წევრების მონაცემების გადამოწმება. ამომრჩეველთა ერთიან სიაში საკუთარი მონაცემების გადამოწმება ამომრჩეველს შეუძლია კომპიუტერის, პლანშეტის, მობილურისა და სწრაფი გადახდის აპარატის საშუალებით.

 

ასევე, შესაძლებელია იმ საუბნო საარჩევნო კომისიის მისამართზე მისვლა, სადაც მოქალაქე რეგისტრირებულია და ადგილზე გადაამოწმოს მონაცემები ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ვერსიაში, ასევე, შესაძლებელია ცესკოს სატელეფონო ცენტრის შემდეგ ნომერზე - 2 51 00 51 დარეკვა.

 

15 სექტემბერს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო გადმოგვცემს განახლებულ მონაცემებს, რომლის საფუძველზეც დგება ამომრჩეველთა ერთიანი სია 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის.

 

„კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ აქტიურობისა და ამომრჩეველთა ერთიან სიებში მონაცემების გადამოწმებისკენ, რაც 2 ოქტომბერს მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ერთად ჩავატაროთ საერთაშორისო სტანდარტის, გამჭვირვალე და დემოკრატიული არჩევნები“, - აღნიშნულია ცესკოს განცხადებაში.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 307


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები