პოლიტიკა

ჯანდაცვის სამინისტროში სოციალური კოდექსის შემუშავებაზე იმსჯელეს

17.09.21 12:40


სოციალური კოდექსის შემუშავებასთან დაკავშირებით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში კონფერენცია გაიმართა.

 

კონფერენციას საერთაშორისო ექსპერტები ესწრებოდნენ, რომლებმაც ევროპის ქვეყნებში აპრობირებულ სოციალურ კოდექსთან დაკავშირებით ისაუბრეს.

განიხილეს გერმანიის, საფრანგეთის, ფინეთის და ლიეტუვის სოციალური დაცვის კანონმდებლობები და სისტემური მოწყობის მოდელების მაგალითები.

 

კონფერენცია მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაიამ გახსნა და სოციალური კოდექსის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. თამარ ბარკალაიამ აღნიშნა, რომ ცვლილება გააერთიანებს სოციალურ კანონმდებლობას, გაანალიზდება სოციალური დაცვის სისტემა, მასში არსებული გამოწვევები და საბოლოოდ, სოციალური დაცვის მექანიზმები უფრო მაღალ სტანდარტზე ავა.

 

„ამ პროცესში უკვე ჩაერთნენ საერთაშორისო ექსპერტები, ჩვენ გვქონდა საერთაშორისო კონფერენცია, რომელშიც გერმანელი, ფინელი, ფრანგი და ლიეტუველი ექსპერტები ჩაერთნენ. მათ აქვთ უშუალო გამოცდილება სოციალური კოდექსის შემუშავების და დახვეწის პროცესში თავის ქვეყნებში.

კონფერენციაზე წარმოგვიდგინეს თავიანთი ქვეყნის მაგალითები, ისევე, როგორც რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა წარიმართოს კოდექსის შემუშავების პროცესი.

ჩვენ უკვე ვასრულებთ მუშაობას საქართველოში არსებული სისტემის შეფასებაზე, რომელსაც მალე წარვუდგენთ ფართო საზოგადოებას. ვნახავთ, თუ სად არის და რა სისტემური გამოწვევებია, ასევე რეკომენდაციები, რომლებსაც ექსპერტები მოგვცემენ, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს სოციალური დაცვისა და მხარდაჭერის სისტემა საქართველოში. იგულისხმება როგორც სოციალური გასაცემლები, ასევე აქტიური შრომის ბაზრის და დასაქმების პოლიტიკა, ჯანდაცვის უკეთესი ხელმისაწვდომობისა და ხარისხის მეთოდოლოგიები, შესაბამისი მხარდაჭერისა და ორგანიზაციული მექანიზმები, რომელიც ამ ყველაფრის განხორციელებას გახდის შესაძლებელს“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

 

ქართველი მოსახლეობისთვის სოციალური კოდექსის სარგებელზე ისაუბრა საფრანგეთის განვითარების სააგენტოს სამხრეთ კავკასიის რეგიონის დირექტორმა რაფაელ ჟოზანმა.

 

„საქართველოს მთავრობა სოციალურ კოდექსზე სწორედ ქართველი ხალხის სასარგებლოდ მუშაობს. სოციალური კოდექსი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას უწყობს ხელს. დღეს სწორედ ევროპული სტანდარტები განვიხილეთ, ევროპელმა ექსპერტებმა სამინისტროს წარმომადგენლებს თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს.

ახლა ვართ კოდექსზე მუშაობის საწყის ფაზაზე, რომელიც 2021 წლის ბოლომდე გაგრძელდება. უკვე დაიყო თემები და სამომავლოდ, აღნიშნულ თემებზე სამუშაო ჯგუფები შეიქმნება. აღიწერება არსებული სიტუაცია და განისაზღვრება სამომავლო ხედვა. აღნიშნული კოდექსის შექმნას, რა თქმა უნდა, დრო სჭირდება, ის ევროპული ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით დაინერგება“, - აღნიშნა რაფაელ ჟოზანმა.

 

შეხვედრის ბოლოს, კონფერენციის მონაწილეებს ჯანდაცვის მინისტრმა მიმართა. ეკატერინე ტიკარაძემ სოციალური კოდექსის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება და შეხვედრის მონაწილეებს კოდექსის შემუშავებაში აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრას მინისტრი ონლაინ ფორმატში ესწრებოდა.

 

შეგახსენებთ, რომ სოციალური დაცვის მდგრადი, სამართლიანი და ეფექტიანი სისტემის შექმნისთვის, საფრანგეთისა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოების მხარდაჭერითა და ევროკავშირის დაფინანსებით. სოციალური კოდექსის 2-წლიანი პროექტის განხორციელება დაიწყო.

 

სოციალური კოდექსის რეფორმა მიზნად ისახავს სოციალური დაცვის სისტემის სრულყოფილი და ინტეგრირებული მიდგომის დანერგვას, რომელიც მოიცავს მარეგულირებელი ჩარჩოს შემუშავებას სოციალური, ჯანმრთელობისა და დაზღვევის სექტორებისთვის.

 

სოციალურ კოდექსზე მუშაობა 2023 წელს დასრულდება.

 

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 352


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები