საზოგადოება

ნათია თურნავა: არაბთა გაერთიანებული საამიროების საინვესტიციო ფონდები საქართველოს ენერგეტიკის, ლოგისტიკისა და ტურიზმის სფეროებში ინვესტირების მზადყოფნას გამოხატავენ

20.09.21 15:40


არაბთა გაერთიანებულ საამიროებში სამუშაო ვიზიტით მყოფმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მაღალი რანგის შეხვედრები გამართა თავის კოლეგებთან - არაბთა გაერთიანებული საამიროების ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან სუჰაილ მოჰამედ ალ მაზრუისთან, ტოლერანტობის მინისტრთან შეიხ ნაჰიან მუბარაკ ალ ნაჰიანთან, ასევე „აბუ დაბის განვითარების ფონდის“ გენერალურ დირექტორთან მუჰამედ საიფ ალ სუვაიდისთან და Lulu Group International-ის თავმჯდომარე და მმართველ დირექტორთან იუსუფ ალისთან.

 

შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა სავაჭრო-ეკონომიკურ, უძრავი ქონების, ენერგეტიკის, საინვესტიციო და ტურიზმის სფეროებში. განსაკუთრებით ხაზი გაესვა, რომ საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან ურთიერთობების განვითარებას და ამ მხრივ დიდი პოტენციალი არსებობს.

 

ნათია თურნავას თქმით, პოსტკოვიდ პერიოდში ეკონომიკის აღდგენისთვის პირდაპირ უცხოური ინვესტიციები და მათი გეოგრაფიის დივერსიფიკაცია მნიშვნელოვანია.

 

„სწორედ ამიტომ ჩვენ ვესტუმრეთ არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, რომელიც ჩვენი ტრადიციული ინვესტორ პარტნიორია. წლების განმავლობაში ადგილობრივ ინვესტორებს მილიარდ 100 მილიონზე მეტი ინვესტიცია აქვთ განხორციელებული საქართველოში. თუმცა, არსებობს შესაძლებლობა, გაცილებით მეტად გავაფართოოთ გაერთიანებული საამიროების ინვესტორების პროექტები და მათი ინვესტიციები საქართველოში.

 

ვიზიტის ფარგლებში ჩემი კოლეგების გარდა, ასევე შევხვდი უმსხვილეს საინვესტიციო ფონდებს, ვინც გამოხატავს მზადყოფნას, შემოვიდეს საქართველოში, გააფართოოს და ინვესტიცია განახორციელოს ენერგეტიკის, ლოგისტიკის, ტურიზმის განვითარებაში.

 

ეს არის ის სფეროები, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკისთვის, ჩვენი მოქალაქეების დასაქმებისთვის და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია უცხოელი ინვესტორებისთვის“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 370


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები