პოლიტიკა

მამუკა ხაზარაძე - სტრატეგიული პარტნიორების და მეგობრების უკანონო მოსმენა მავნებლობა და დანაშაულია ქვეყნის და საკუთარი ხალხის წინაშე

22.09.21 15:20


„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე ევროკავშირში საქართველოს ელჩის დაბარებაზე სრულ პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ აკისრებს და ამბობს, რომ ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედებებით სახელმწიფოს ინტერესები ზარალდება.

 

ამის შესახებ ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, „ეს საერთაშორისო სკანდალი უკვალოდ არ ჩაივლის“.

 

„მას შემდეგ რაც სუს-ის ფაილები გავრცელდა და ნათელი გახდა, რომ საქართველოს მთავრობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, ელჩებს და მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებს უსმენენ, რამდენიმე განცხადება გავაკეთე.

 

კარლ ჰარცელის დღევანდელი განცხადება და ელჩის დაბარება ბრიუსელში, ხაზგასმით ადასტურებს ამ პრობლემის სიმძიმეს. საქართველოს საგარეო იმიჯი, ისედაც შელახული, ბოლომდე ჩამოიშალა. ეს მოვლენები გვაკარგვინებს პარტნიორებს, ჩვენი ხელისუფლების, ეს უგუნური საქციელი, უდიდეს ზიანს აყენებს საქართველოს საერთაშორისო იმიჯს. დაუჯერებელი და მავნებლურია ეს საქციელი, ერთის მხრივ ვითომ მიისწრაფოდე ევროპული ოჯახისკენ, დეკლარირებული გქონდეს 2024-ში ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება, დასავლურ ღირებულებებზე აპელირებდე და მეორეს მხრივ ყველა საერთაშორისო ნორმის დარღვევით, საერთაშორისო კონვენციების უგულებელყოფით, უკანონოდ უსმენდე და უთვალთვალებდე შენს სტრატეგიულ პარტნიორებს, მეგობრებს და მათ წარმომადგენლობებს სხვა არაფერია, თუ არა მავნებლობა და დანაშაული ქვეყნის და საკუთარი ხალხის წინაშე.

 

ეს საერთაშორისო სკანდალი უკვალოდ არ ჩაივლის. პასუხისმგებლობა სრულად „ოცნების“ ხელისუფლებას ეკისრება, თუმცა ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ ამით ზარალდება ჩვენი ქვეყნის ინტერესები და რეპუტაცია“, - წერს მამუკა ხაზარაძე.

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 352


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები