ბონდო არველაძე ქართული ეკლესიები საქართველოსა და სომხეთში ნაწილი XXVI

06.10.16 18:00


ქართული ეკლესიები სომხეთში
ლორე-ტაშირი

ხოლო ახპატს ქვეით არს ხეობა ჭოჭკანისა ლელვარის მთის ქვეშ, ვენახიანი, ხილიანი, ნაყოფიერებითა და ჰავით შემკული. მის ქვემო არს ჩრდილოთ ეკლესია აგარაკისა (რომელსა შინა დასვა გორგასალ ეპისკოპოსი, შემდგომ იქმნა მიტროპოლიტი და მეტოხე სომხითის, რომელ სამწყსო იყო ხუნანი, გარდაბანი და ბედრუჯის მდინარე), გუნბათიანი, დიდშენი. აწ უწოდებენ ახტალას, გარნა აწ ხუცესის სამარ არს.
ვახუშტი ბაგრატიონი

ლორე-ტაშირი, რომ უძველესი ქართული მიწაა, ამის მტკიცებას აღარ მოვყვები, რადგან ეს ისედაც ნათელია სიმართლისმოყვარე, ობიექტური, მეცნიერებისთვის, თუმცა არც ის არის დასამალი, რომ IX-X საუკუნეებში ლორე-ტაშირი სომეხ ბაგრატუნთა ხელში მოექცა, მაგრამ XI ს-ში მისი ტერიტორიის უმეტესი ნაწილი ისევე საქართველომ დაიბრუნა. ასე გაგრძელდა 1921წლამდე-საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციამდე. ამ დროს დადგა საბჭოთა საქართველოს, საბჭოთა სომხეთის და საბჭოთა აზერბაიჯანის სასაზღვრო გამიჯვნის საკითხი.

ეს საკითხი განიხილეს ზაკბიუროს სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა სტალინი, მან კი ეს მხარე გადასცა სომხეთს.

ზოგიერთი სომეხი მეცნიერი უპრაგონოდ ხმარობს სიტყვა ფაშისტს და არ იცის მისი ჭეშმარიტი მნიშვნელობა. მათ გასაგონად მსურს, ვთქვა-რომელიმე ეკლესიის სადაურობის შესახებ დავა-კამათი კი არ არის ფაშისტობა, არამედ ალბანურ მიწაზე მკვიდრ აზერბაიჯანულ მოსახლეობას იარაღის ძალით რომ აყრი და განდევნი- ეს არის ფაშისტობა, ისე როგორც აბორიგენ ქართულ მოსახლეობას ძირძველი ქართული მიწიდან-აფხაზეთიდან იარაღის ძალით განდევნი და ეთნიკურ წმენდას ჩაუტარებ. ამ ფაშისტურ ბოროტებაში ლომის წილი უდევს ბაგრამიანის სომხურ ბატალიონს...

სომხეთში ქალკედონიზმს საკმაო ისტორია აქვს. ამ ისტორიის ერთ-ერთი აქტიური პერიოდი იყო XII-XIII ს.ს (მხედველობაში გვაქვს აღმოსავლეთ სომხეთი). ლორე-ტაშირში ამ ხანებში აშენდა ქართული ქალკედონური ეკლესიები, რაზეც მოწმობს საისტორიო წყაროები, აქ არსებული ქართული ეპიგრაფიკა და ქართული ეპიტაფიური წარწერები საფლავის ქვებზე. ქართული ეპიგრაფიკა შეისწავლეს- აკ. შანიძემ, ლ.მელიქეთ-ბეგმა, გ.ოთხმეზურმა, პ.მურადიანმა და სხვა.

ახლა არ შეიძლება არ გავიხსენოთ გიორგი მერჩულეს ცნობილი ფორმულა „ქართლად ფრიად ქუეყანა აღირიცხების, რომელთა შინა ქართული ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღსრულდების“.

ე.ი საქართველოა იქ, სადაც ქართულ ენაზე სრულდება მღვდელმსახურება (კ. კეკელიძე- „ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, თბილისი, 1980, გვ 53).

პათოლოგიური ისტორიზმით შეპყრობილი ზოგიერთი სომეხი მეცნიერთა „ ღვაწლის“ შედეგია თითქოს თბილისში- „რაც ეკლესიებია, ყველა სომხურია, ქართულად არის გადაკეთებული. დრო მოვა და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება“.

ამას ეუბნება სომეხი ინტელიგენტი ახტალაში ქართველ ჟურნალისტს ნინო მიქიაშვილს. ეს გამონაკლისი არავის ეგონოს. ანალოგიური შემთხვევა არა ერთგზის მქონია, სამეცნიერო მივლინების დროს ერევანში.

ასეთი მცდარი წარმოდგენის ტყვეობაშია დღეს სომხური საზოგადოება, რაც ძალიან სამწუხაროა.

XIს-ში სომხეთმა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა დაკარგა და მხარეებად დაიშალა, აღმოსავლეთი სომხეთი ქართველთა სამეფოს იურისდიქციის ქვეშ მოექცა და ამ მხარეს ქართველთა მეფეების მოხელეები ზაქარია და ივანე მხარგრძელები მართავდნენ. ცნობილია, მხარგრძელები იყვნენ გასომხებული ქურთები. საერთოდ მიღებულია, გვარი არ ითარგმნება, მაგრამ მიუხედავად ამისა სომხურმა ისტორიოგრაფიამ მაინც თარგმნა მხარგრძელთა გვარი და უწოდა- ერკაიაბაზუკ... აი, ამ ძმებს ჩააბარა თამარ მეფემ XII- XIIIს.ს. აღმოსავლეთ სომხეთი. ამ ისტორიულ ფაქტს განსხვავებული შეფასება მისცა აკად. ს. ერემიანმა და შეეცადა, დაესაბუთებინა, თითქოს- აღნიშნულ საუკუნეებში აღმოსავლეთ სომხეთს ჰქონდა სრული სუვერენიტეტი და მისი გამგებლები მხარგრძელები საქართველოს სამეფოსგან დამოუკიდებელ საშინაო და საგარეო პოლიტიკას ეწეოდნენ, რაც არავითარი ისტორიული წყაროებით არ დასტურდება. ქართული სამეფოს სამართლის თანახმად ვიცით (რასაც უცხოური წყაროებიც მოწმობენ), მხარგრძელთა თანამდებობას მეფის სახელი ეწოდებოდა. ზაქარია და ივანე მხარგრძელები კი იყვნენ ქართველი მეფის მიერ ამ თანამდებობაზე დანიშნული მოხელეები, რომელთა უფლება-მოვალეობანი ქართული კანონმდებლობის მიხედვით იყო განსაზღვრული. აქედან გამომდინარე ქართველ მეფეს შეეძლო ნებისმიერ მომენტში, შეხედულებისამებრ გადაეწყვიტა მხარგრძელთ ამ პოსტზე ყოფნა-არყოფნის საკითხი. ასეთია მოკლედ ისტორიული სინამდვილე აღნიშნულ პერიოდში აღმოსავლეთ სომხეთში. ამ მხარეს- იგულისხმება ქართული გუგარეთი- სომხურად-გუგარქს უწოდებენ-მოიცავდა უძველეს ქართულ ტერიტორიას- ქვემო ქართლს. ამ მიწის პირველი ბინადარი იყო ქართველთა ტომი-გუგარები ( მოსე ხორენცი, სენ-მარტენი, ნ.მარი, აკ.შანიძე). ქართველი ბოლშევიკების უგერგილობის, უფრო სწორად მათი ანტი-ეროვნულობის გამო, ამჟამად, ეს ძირძველი ქართული ტერიტორია სომხეთის რესპუბლიკის საზღვრებშია მოქცეული.

სომხეთში ქალკედონიზმს ხანგრძლივი ისტორია აქვს, მაგრამ ყველაზე აქტიური ფორმით აღნიშნული ისტორიული პირობების გამო გამოიხატა XII- XIII საუკუნეებში (მხედველობაში მაქვს აღმოსავლეთ სომხეთი). ამ პერიოდში აშენდა ქართული ქალკედონური ეკლესიები, რაზეც მოწმობს საისტორიო წყაროები, არსებული ქართული ეპიგრაფიკა და ქართული ეპიტაფიური წარწერები საფლავის ქვებზე. აქ არსებული ქართული ეპიგრაფიკული მასალა შეისწავლეს აკ. შანიძემ, ლ.მელიქსეთ-ბეგმა, პ.მურადიანმა და სხვ.

ახტალა- ახტალას ტაძარი განთავსებულია ქვემო ქართლში, მდინარე დებედის შუა წელზე. ახტალას სომხურად ეწოდება პღნძაჰანქ, რაც ქართულად ნიშნავს- სპილენძის მადანს. ეს სახელწოდება მოწმობს, ამ მხარეში მუშავდებოდა სპილენძის მადანი.

ძველი სომხური ისტორიოგრაფიიდან ვიცით, ზაქარია მხარგრძელის ძმამ- ივანე ათაბაგმა მიიღო ქართული, დიოფიზიტური სარწმუნოება, მან სომხებს წაართვა პღნძაჰანქი და იქ ააშენა ქართული ქალკედონური მონასტერი ( XIIIს.). ამავე მონასტერშია დასაფლავებული ივანე ათაბაგი. ეს ტაძარი არის ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლი, რომელმაც დღემდე მოაღწია.

იგი ჯვარ-გუმბათოვანი საკულტო ნაგებობაა. აქვს მინაშენები და კარიბჭეები. ტაძრის ფასადი უხვად არის შემკული, მორთულობის სისტემა დამახასიათებელია XIIIს-ის დასაწყისისა და შუა წლებისათვის. მხატვრობა რამდენიმე ქრონოლოგიურ ფენას შეიცავს. უძველესი ფენა XIIIს-ის პირველი ნახევრისაა.

მიუხედავად იმისა, ზოგიერთი საკითხი არასწორად აქვს გაშუქებული ახტალის მონასტრის საფლავების ეპიტაფიური ქართული წარწერები შედარებით სრულად აღნუსხა და გაანალიზა პ.მურადიანმა ( „ქართული ეპიგრაფიკა სომხეთში“, 1977, გვ. 199-222, სომხ. ენაზე). საერთოდ ლორე-ტაშირის ქართული ეპიგრაფიკული მასალა ლ.მელიქსეთ-ბეგმა ორ კატეგორიად დაყო: სააღმშენებლო-მემორიალურ და ფრესკულ მხატვრობად. მათი შინაარსის მიხედვით, ეს დაყოფა მისაღებია. ასევე მეცნიერულად არის გამართლებული ლ.მელიქსეთ-ბეგის მოსაზრება. „რამდენადაც ამ საუკუნეებში (XII- XIII) ქართველებად მიჩნეულნი იყვნენ არა მხოლოდ თვით ქართველები არამედ ქალკედონი, ე.ი. დიოფიზიტი ( ორბუნებიანი) სომეხნი, ამიტომ იგივე ქართული წარწერები სომხური სათანადო ლიტერატურული წყაროების უქონლობის (ანდა სიმცირის) გამო ერთადერთი დამადასტურებელი ფაქტია სომხური ქალკედონიზმის არსებობისა, საერთოდ და დასახლებულ საუკუნეებში სომხეთში,“ (ლორე-ტაშირის ქართული ეპიტაფიკა, თსუ შრომები, ტ. 108, 1964, გვ. 310-326).

აქვე შევნიშნავ- ანისის ქართული ეკლესიის შემდეგ, ახტალის მონასტერი ყველაზე მნიშვნელოვანი ქალკეონური ცენტრი იყო.

თეჟარიუიქი- (ძველი სახელია თაიოჩარუხი), სოფელ მეღრაძორის ახლოს არის ეკლესია, რომელსაც ეწოდება გიურჯიქილისა - ქართველთა ეკლესია. სომხურ წყაროებში ეწოდება აგრეთვე- პღნძაჰანქი. ეს ეკლესია აღწერილი აქვს- ჰ. შაჰხათუნიანს, ღ.ალიშანს, ე.ლალიანს, გ.სმბატიანს, ლ.მელიქსეთ-ბეგს და სხვ.

ლ.მელიქსეთ-ბეგი წერს- ბჯნის, პღნძაჰანქის ქართული წარწერები იმის საფუძველს გვაძლევს, ვიფიქროთ, ზაქარიას და ავაგის დროს კიდევ არაერთი ქალკედონური ეკლესია აშენდა სომხეთში. თეჟარიუიქის მონასტრისა და იქ არსებული ქართული წარწერების შესახებ გამოკვლევის დაწერას აპირებდნენ აკ. შანიძე და ლ.მელიქსეთ-ბეგი.

ეს ქართული მონასტერი ლ.მელიქსეთ-ბეგს - XII- XIIIსს-ის ძეგლად მიაჩნია („ჩრდილო მხარეთა სომეხთა მოძღვარნი და მათი ვინაობა“... 1928, გვ.53). თუმცა ამ თარიღის შესახებ პ.მურადიანს განსხვავებული მოსაზრება აქვს.

ჰუჯაბი - ამ ტაძრის ქართულობის შესახებ არც თუ მცირე მეცნიერული ნაშრომი, სტატია და წერილია გამოქვეყნებული. დავინტერესდი, იყო თუ არა, ეს ტოპონიმი- შესაბამისად ტაძარი შეტანილი - „სომხეთისა და მისი მიმდებარე ტერიტორიების ტოპონიმთა ლექსიკონში“, რომელიც გამოვიდა 5 ტომად ერევანში 20-ე ს-ის დასასრულს და 21-ე ს-ის დასაწყისში სომხურ ენაზე. ჰუჯაბის შესახებ წერია- „ხუჭაპ-სომხეთის გუგარქის ქვეყანაში, ტაშირის გავარი, ამავე სახელის მქონე სოფლის ახლოსაა. ეს ტაძარი აშენებულია XIIს-ში, კალინინის რაიონის სოფელ პრივოლნოში.

ტაძარი აშენებულია ბერძნული არქიტექტურის სტილით. ბუნებრივია, დარჩა ბერძნული ხუროთმოძღვრების ნიმუშად“ (ტ. ,III, 1991). ჯერ ერთი, ეს „ბერძნული სტილის“ ტაძარი ვინ ააშენა, აღნიშნული არ არის, მეორე- სომხებმა ააშენესო, ვერ თქვეს, მაგრამ ქართველთ ნაამაგარი რომ არის, სომხურ საზოგადოებას შეგნებულად დაუმალეს. კიდევ უფრო სამწუხარო არის ის, რომ ჰუჯაბის მონასტრის დაპატრონების მიზნით, სომხეთის სახელმწიფო საზღვარი 400 მეტრით არის გადმოეწული, რათა ჰუჯაბის სამონასტრო კომპლექსი სომხეთის ტერიტორიის ფარგლებში მოხვედრილიყო (კ.ხარაძე- „ძეგლის ნამდვილი მემკვიდრე“, გაზ. „ახალგაზრდა კომუნისტი“, 1988, 15 ოქტომბერი).

სინამდვილეში ჰუჯაბი არის ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი საუკეთესო ძეგლი, რომლის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს ძირძველ ქართულ მიწაზე, (ქვემო ქართლი), მარნეულის რაიონში, სოფელ ახქერფის მახლობლად.

საეკლესიო ნაგებობათაგან აღსანიშნავია XIIIს-ის პირველი ნახევრის ტაძარი.

პროპორციებით, დეკორული მორთულობით და სტილისტური ნიშნებით მიეკუთვნება XII- XIIIსს. მიჯნას და XIII ს-ის პირველი ნახევრის ხუროთმოძღვრულ ძეგლთა ჯგუფს (ბეთანია, ქვათახევი, ფიტარეთი, წუღრუღაშენი, ახტალა და სხვ.). გუმბათის ყელი უხვადაა მოჩუქურთმებული. გარედან შემოსილია ოქროსფერი და ღვინისფერი ქვით.

შიგნით მოხატულია. შემორჩენილია ქართული ასომთავრული წარწერების ფრაგმენტები (ქ.ს.ე II, 1987).

ჰნევანქ- ძელი ჭეშმარიტისა. სომხურად ამ ეკლესიას ეწოდება- „ჰნევანქ“, ქართულად კი- „ ძელი ჭეშმარიტისა“. ამ სახელწოდებას ორნაირი მნიშვნელობა აქვს- 1.ჰუნე ვანქ- ბერძენთა მონასტერი. 2. ჰნე ვანქ- ძველი მონასტერი, ქალკედონიანთა სავანის მნიშვნელობით. ვახუშტი ამ მონასტრის შესახებ წერს- „კვალას დასავლით ამის არს მონასტერი ძელი ჭეშმარიტისა, - მშვენიერი, ამ ბერდუჯის მდინარესა ზედა, უპყრავთ „ სომეხთვე“. პროფ. კ.ღაფადარიანმა სიტყვა ძელი ძველთან მსგავსების გამო ძველად აღიარა, რაც სომეხმა მეცნიერებმაც არ გაიზიარეს. ეს ცნობა პ.მურადიანმა სათუოდ მიიჩნია და აღნიშნა- ვახუშტი ამ ტაძარს „ძელი ჭეშმარიტისა“ უწოდებს, მაგრამ რის საფუძველზე, წყაროს არ ასახელებსო. ამასთან დაკავშირებითგვსურს, შევნიშნოთ-ვახუშტი თავის საქართველოს გეოგრაფიულ აღწერაში, როცა რომელიმე ეკლესიას, მონასტერს თუ ციხე-სიმაგრეს აღწერს, გარდა სასიტორიო წყაროებისა, ეყრდნობა ხალხის ისტორიულ მეხსიერებას.

გ. ჩუბინაშვილს ეს ძეგლი VIII-IXსს. აქვს დათარიღებული. განიხილავს რა დეტალურად ამ ძეგლს ლ.მელიქსეთ-ბეგი, დაასკვნის- „ყოველ ეჭვის გარეშეა, რომ ეს ძეგლი (ძელი ჭეშმარიტისა) თავდაპირველად სომეხ ანტიქალკედონიანთა კერა ყოფილა, შემდეგ კი XIIსაუკუნიდან ქალკედონიანთა ხელში გადასულა, რის აღმნიშვნელნი არიან XII- XIIIსს. ქართული ასომთავრული წარწერები მის გარეკედლებზე“ (ლორე-ტაშირის ქართული ეპიგრაფიკა, თსუ შრომები, თ. 108, 1964, გვ. 318).

ქობერი- ეს არის მიღებული სომხურ- ქობა-რიდან. ფუძე არის ქართული- „ქვაბ“ სიტყვა, რომელსაც ერთვის სომხური აირქვაბი. ე.ი. ქვაბთაქვაბი. როგორც ლ.მელიქსეთ-ბეგი შენიშნავს- ქვაბთაქვაბი გამართლებულია ამ მონასტრის მდებარეობით. იგი ქვაბში, მღვიმეში ღრმად მოთავსებული მონასტრის შთაბეჭდილებას ახდენს (ქობერი და მისი სომხური და ქართული წარწერები, ტფილისის უუნივერსიტეტის „მოამბე“, ტ. VIII, 1927, გვ. 60). ქობის ქართულობა, რატომღაც საეჭვოდ მიიჩნია პ.მურადიანმა და სომხურ სიტყვიერ სამყაროს დაუკავშირა (ქართული ეპიგრაფიკა სომხეთში, 1977, გვ. 166, სომხ. ენაზე). ეს სიტყვა გამოყენებულია აღარწინის წარწერაშიც. ნ. მარი „ქვაბქობ“-ს ქართულიდან სომხურში შესულ სიტყვად თვლის. მისი აზრით, ეს სესხება მომხდარა სომხური ქალკედონური წრეების მეშვეობით (ანისი, 1934, გვ. 104, რუს.ენაზე).

სომეხ მეცნიერთაგან ე. ლალიანი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც აღნიშნა, ქობაირში სომხურის გარდა არის ქართული ასომთავრული წარწერებიო- „ქართულ-მესროპიანული-ასოებით“) (1901). აქ კი სამწუხაროა ის, რომ ე. ლალიანმა გაიმეორა სომხურ სამეცნიერო ლიტერატურაში გავრცელებული ყალბი აზრი, მესროპ-მაშტოცის მიერ ქართული ანბანის შექმნის შესახებ. სარგის ჯალალიანცს და გ. აღაიანცს კი ქობაირის ქართული წარწერები ბერძნული ეგონათ და მონასტერს ბერძნულს უწოდებდნენ.

ქობერის ქართული და სომხური ეპიგრაფიკის მეცნიერული შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე ლ. მელიქსეთ-ბეგმა გააკეთა დასკვნა: „ქობერის ქართული წარწერები გვხვდება მთელ რიგ შენობებზე (დიდი ეკლესია, ეგუტერი, სამრეკლო-სამარხი), სომხური გვხვდება მხოლოდ და მხოლოდ პატარა ეკლესიაზე და ეს, უთუოდ, იმის მაჩვენებელია, რომ ამ მონასტერს განუცდია რაღაც გარდატეხა XII- XIIIსაუკუნეების მიჯნაზე იმ მხრივ, რომ წინათ ის ყოფილა სომეხთა ანტიქალკედონისტთა სავანედ, ხოლო შემდგომ გადაქცეულა სომეხ-ქართველთა ქალკედონისტთა სავანედ, რასაც სხვათა შორის, ქართული წარწერების გარდა, ამტკიცებს მთავარი ეკლესიის საკურთხევლის აგებულება ქალკედონისტური რიტუალის მოთხოვნილებისამებრ და აგრეთვე იმავე ეკლესიისა და ეგუტერის კედლის მხატვრობა ქართული ასომთავრული წარწერებითურთ („ქობერი და მისი სომხური და ქართული წარწერები“, ტფილისის უნივერსიტეტის „მოამბე“, ტ. VII, 1927, გვ. 73).

ოსკიპარი- ოსკიპარი, ვახუშტის რუკის მიხედვით, მდებარეობს აღსტაფის ხეობაში, აგებულია XII- XIIIსს. ფრესკებზე არის ქართული წარწერებიც (ლ. მელიქსეთ-ბეგი, „ჩრდილო მხარეთა სომეხთა მოძღვარნი“ და მათი ვინაობა... 1928, გვ. 59).

შაჰნაზარი- ეს სახელი ეწოდება სოფელს ლორე-ტაშირში, რომელიც მდებარეობს ყარაღაჯად წოდებული მთის ჩრდილოეთით და ლორეს ველის დასავლეთით. ვახტანგ VI-ის „დასტურლამალში“ და ვახუშტის რუკაზე კი აბოცის მიდამოშია აღნიშნული.

შაჰნაზირში დაცული ერთი ქართული წარწერის საფუძველზე, რომელშიც ნახსენებია „აბოზი“ ანუ „აბოცი“. ლ. მელიქსეთ-ბეგი ფიქრობს- ეს სახელწოდება გადმოტანილი უნდა იყოს ყაიყულის აბცოდან აქაური მოსახლეობის ლორე-ტაშირში გადმოსახლების დროს. სომეხი მეცნიერი არ გამორიცხავს იმასაც, რომ შეიძლება მათ მიერ იყოს აბოციდან გადმოტანილი ქართული ეპიგრაფიკული ძეგლები ლორე-ტაშირში.

შაჰნაზირში და მის მიდამოში დაცულია რამდენიმე ქართული ასომთავრული წარწერა, აგრეთვე- ქანდაკება-ჩუქურთმა ქვაზე, რომლებიც სომეხ-კათოლიკეებს ჩაუტანებიათ ეკლესიების კედლებში. ე.წ. ქვემო ეკლესიაში, სამხრეთ შესავლის კარის მარჯვნივ, სარკმელ ქვეშ არის 9 სტრიქონიანი ქართული წარწერა. ამ წარწერაში მოხსენიებულნი არიან ამ ეკლესიის აღმშენებლები ოთხი ძმა ძნელაის-ძენი. ამ ქტიტორულ ქართულ წარწერას ლ. მელიქსეთ-ბეგი ათარიღებს 1135 წლით (ლორე-ტაშირის წარწერები, თბილისის უნივერსიტეტის შრომები, ტ. 108, 1964, გვ. 320). პ.მურადიანი ფიქრობს, წარწერა უნდა იყოს - 1095 წლის (ქართული ეპიგრაფიკა სომხეთში, 1977, სომხ. ენაზე). პ.მურადიანს მიაჩნია, „ძნელაის-ძე ძმებს“ თუ დავაკვალიფიცირებთ ძნელაის ოთხ შვილს, ძმებს მათი ეროვნული კუთვნილება და ეროვნული შთამომავლობა ნათელია, მაგრამ თუ სომხურად გადავაკეთებთ, იქნება- ძნელაიანები, როგორც გვაქვს-აბუეთი, აბულეთისძენი და სომხური აბულეთიანი, ან ლიპარიტ ლიპარიტის ძე, ლიპარიტიანები (მითითებული შრომა, გვ. 160). პირდაპირ არ ამბობს, მაგრამ მურადიანმა სათუოდ მიიჩნია ძნელიას-ძეთა ქართულობა. ეს დაახლოებით იგივეა, როგორც პროფ. მარუთიანმა იშხანის ცნობილი ქართული წარწერის (1032) სომხურ თარგმანში იშხანის ქართველი ხუროთმოძღვარი იოანე მორჩაიძე გადააქცია სომეხ მორჩაისცეანად („სიღრმეთა სომხეთი“, 1978, გვ. 20, 160, სომხ. ენაზე).

ვფიქრობთ, მურადიანს ამგვარი პარალელების საფუძველი არ ჰქონდა, რადგან იქვეა ასეთი სხვა ქართული წარწერა- „ქრისტე შეიწყალე ძნელაი მირიან“.

შაჰნაზარის ახლოს ჯუჯექენდაში, გორაკზე ერთნავიან, ნახევრადდანგრეულ ეკლესიაში ლ.მელიქსეთ-ბეგმა ნახა ნუსხა-ხუცურით შესრულებული 6 სტრიქონიანი წარწერა- „სახელითა ღმრთისაითა ესე ჩუენ გორაკელთა, ფიჩოსანთა, დავწერეთ: „ვინ უწინა მოკუდეს, ი დღე ჟამი უწირონ ყოველთა“.

ლ. მელიქსეთ-ბეგი ამ ქართული წარწერის კონკრეტულ თარიღს არ იძლევა. პ. მურადიანს კი იგი მიაჩნია XII-XIV სს. ნიმუშად. თუ გავიხსენებთ, რომ მეფე ალექსანდრე დიდმა (1390-1442) ლორე სვეტიცხოველს შესწირა, ქალკედონური ეკლესიების მშენებლობა და ქართული ეპიგრაფიკა ბუნებრივ მოვლენად უნდა მივიჩნიოთ ლორე-ტაშირში-ამ უძველეს ქართულ მხარეში. აღნიშნულ წარწერაში მეტად საინტერესოა ის ფაქტი, რომ მასში ნახსენები სახელი „ფიჩოსანთა“ კიდევ ერთხელ ადასტურებს - „ქართველ ან საერთოდ ქალკედონელთა „ფიჩოსანთა“, არსებობაზე, ე.ი. ქართლის (მცხეთის) საკათალიკოსოს ქვემდებარე სამონასტრო აღმშენებლობაზე ლორე-ტაშირის ამ განაპირში მხარეში“ აღნიშნავს პროფ. ლ.მელიქსეთ-ბეგი (მითით. ნაშრ. გვ. 322).

ქართული ეკლესიის ახლოს 1910 წელს ანში, გათხრების დროს ნ.მარმა იპოვა საქართველოს კათალიკოს ეპიფანეს ოცსტრიქონიანი ქართული წარწერა. ამ წარწერაში ქართველი კათალიკოსი მიმართავს ანში მცხოვრებ ქართველებს (ანი, 1984, გვ. 85).

რაც შეეხება ამ ქართულ ეკლესიას, აკად. ი. ორბელის აღწერით- იგი არის ბაზილიკური ტიპის მომცრო ზომის საკულტო ნაგებობა. მის სამხრეთის კედელზეა 1329 წლის ქართული წარწერა (რჩეული შრომები, 1963, გვ. 120, რუს. ენაზე).

ნ. მარმა ანში ნახა აგრეთვე მდიდარი სომხის, ქალკედონიკ ტიგრან ჰონენცის მიერ- „ნახევრადქართული, ნახევრადსომხური, ერთი სიტყვით ქალკედონურ-მართლმადიდებლური გრიგოლ განმანათლებლის სახელობის ეკლესია, რომელიც გადაუკეთებია ტიგრან ჰონენცს 1215 წელს“ (ანი, 1939, გვ.85).

წაკითხულია : 514


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები