პოლიტიკა

დავით ზალკალიანი - აშშ-ის თავდაცვის მდივნის საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი ისტორიული დატვირთვის მქონეა

13.10.21 14:20


ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის მომავალ კვირაში საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი მართლაც ისტორიული დატვირთვის მქონეა და ხაზს უსვამს იმ განსაკუთრებულ მნიშვნელობას, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ მტკიცე საერთო ღირებულებებსა და ინტერესებზე დამყარებულ სტრატეგიულ პარტნიორობასა და დინამიურ თანამშრომლობას ანიჭებს, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

 

მისივე განმარტებით, ვიზიტის დეტალებზე მუშაობა ამ წუთებშიც გრძელდება, თუმცა არის მოლოდინი, რომ ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრებისას განხილული იქნება როგორც ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები, ასევე რეგიონული უსაფრთხოება და საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის პროცესი.

 

"ამერიკის ადმინისტრაციის ასეთი მაღალი რანგის ვიზიტი საქართველოში არის მკაფიო მხარდაჭერის მორიგი გზავნილი ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის, სტაბილური დემოკრატიული განვითარებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.

თავდაცვის მდივნის ვიზიტი რეგიონული ტურნეს ფარგლებში იმართება, რაც თავის მხრივ, ასევე, ხაზს უსვამს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ამერიკისთვის მშვიდობა და სტაბილურობა შავი ზღვის რეგიონში. ამერიკასა და საქართველოს აკავშირებთ მტკიცე მრავალწლიანი პარტნიორობა თავდაცვის სფეროში, რაც გადამწყვეტ როლს ასრულებს ჩვენი ქვეყნის მზაობის ამაღლებისა და ნატოსთან თავსებადობის თვალსაზრისით. საქართველო ამერიკის ერთგული მოკავშირე და პარტნიორია როგორც რეგიონში, ისე საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცების ძალისხმევაში.

ქართველი და ამერიკელი სამხედროები მრავალი წელია მსახურობენ ერთად მსოფლიოს არაერთ ცხელ წერტილში, მათ შორის, ავღანეთში და განუზომელი წვლილი შეაქვთ ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებაში. ამ მრავალწლიანი გამოცდილების, სამხედროებს შორის ჩამოყალიბებული მტკიცე ურთიერთობებისა და ჩვენი საერთო მიღწევების საფუძველზე, ეს ვიზიტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნებს შორის არსებული პარტნიორობის შემდგომ განმტკიცებასა და გაღრმავებას,“- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 406


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები