პოლიტიკა

დავით ზალკალიანი სლოვენიის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

15.10.21 14:40


სლოვენიაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სლოვენიის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს იგორ ზორჩიჩს შეხვდა.

 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს და მათი გაღრმავების პერსპექტივებს.

 

“სლოვენიის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის ფარგლებში, ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხზე. მინისტრმა ასამბლეის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველის ევროინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერისთვის. საუბარი შეეხო საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, თავისუფალი ვაჭრობის იმპლემენტაციას, რეფორმების განხორციელების მიმართულებით მიღწეულ პროგრესსა და საქართველოს გეგმას 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთების შესახებ.

 

მინისტრმა აღნიშნა საქართველოს მოლოდინები აღმოსავლეთ პარტნიორობის მოახლოებულ სამიტთან მიმართებით და ხაზი გაუსვა სლოვენიის როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის როლისა და მხარდაჭერას მნიშვნელობას ამ კონტექსტში.

 

დავით ზალკალიანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ასოცირებული ტრიოს ერთგულება ევროპული მისწრაფებების მიმართ და განმარტა, რომ საქართველოს აქვს დიდი მოლოდინი ევროკავშირსა და ასოცირებულ ტრიოს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასთან დაკავშირებით”,- აღნიშნავენ უწყებაში.

 

მათივე ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ სიტუაციაზე და რუსეთის ფედერაციის აგრესიულ პოლიტიკაზე. დავით ზალკალიანმა აღნიშნა ჟენევის მოლაპარაკებების მნიშვნელობა და პარტნიორების როლი კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხში. მინისტრმა მადლობა გადაუხადა სლოვენიის მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის.

 

„საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო დონეზე თანამშრომლობის მნიშვნელობას. აღინიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კახა კუჭავას წარმატებული შეხვედრა იგორ ზორჩიჩთან და ასევე ხაზი გაესვა ორივე ქვეყნის პარლამენტში მეგობრობის ჯგუფების არსებობას და იმედი გამოითქვა, რომ ახლო მომავალში მოხერხდება მათი შეხვედრა და ურთიერთობების გააქტიურება.

 

მხარეებმა ასევე განიხეს ეკონომიკისა და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის საკითხები და ბიზნეს სექტორების დაახლოების პერსპექტივები. დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა სლოვენიის მხარეს საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში მხარდაჭერისა და ნაყოფიერი თანამსრომლობისთვის”,- აღნიშნავენ უწყებაში.

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 316


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები